ტობი თუ ვილკო, პარა თუ იაშვილი?

AutoSharing Option
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება კარდიფში, უელსისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა. პირთამდე გადაჭედილ "მილენიუმზე" ქომაგმა შესანიშნავი მატჩი იხილა. "პომებმა" მაღალი დონის თამაში აჩვენეს და მასპინძლები 26:19 დაამარცხეს.

საგულისხმოა, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცმა მარტინ ჯონსონმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი (თუ ყველაზე უკეთესი არა) ჯონი ვილკინსონი სათადარიგოთა შორის გაამწესა. ძირითად გუნდში კი მისი ადგილი ტობი ფლუდმა დაიკავა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ტობიმ მართლაც შესანიშნავად ითამაშა და მე-14 წუთზე გარემარბ კრის ეშტონის მიერ გატანილი პირველი ლელო მთლიანად
მისი დამსახურება იყო. ამას ისიც დაუმატეთ, რომ რაც დაარტყა, ყველა გაიტანა და გუნდს 13 ქულა მოუტანა (სამი საჯარიმო და ორი გარდასხვა).

ვილკინსონმა ფლუდი მატჩის 67-ე წუთზე შეცვალა და ერთი საჯარიმოს გატანა მოასწრო.

უხერო და საკმაოდ ცუდი სანახავი გამოდგა რომში, იტალიისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება. "სამყურებს", როგრც ჩანს, მძიმე დროება უდგას და, რომ არა მათი ლიდერი ბრაიან ოდრისკოლი, მარცხს ვერ გადაურჩებოდნენ. გამარჯვება კი სტუმრებს ოდრისკოლის თაობის მგეზავმა, შეცვლაზე შესულმა რონან ოგარამ მოუტანა არეკნით - 13:11.

პირველი ტაიმში, მირკო ბერგამასკოს ორ საჯარიმოს ჯონათან სექსტონმა ერთით უპასუხა და "სკუადრა აძურამ" 6:3 მოიგო. შესვენების შემდეგ ოდრისკოლიმ იყოჩაღა და 44-ე წუთზე, ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით, იტალიელებს ლელო გაუტანა. სექსტონმა გარდასახა - 10:6.

თამაშის დამთავრებამდე ექვსი წუთით ადრე მასპინძლები ფულბეკ ლუკ მაკლინის ლელოთი დააწინაურდნენ - 11:10. სამ წუთში ოგარამ არეკნი დაჰკრა და "სამყურები" სამარცხვინო მარცხისგან იხსნა.

ყველაზე საინტერსო და უხვლელოიანი საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი გამოდგა. პარიზში, "სტად დე ფრანსზე" "ლე ბლემ" მეტოქე 34:21 დაამარცხა. მასპინძლებმა "სკოტები" შერკინებაში აშკარად დაჩაგრეს და პირველ ტაიმში საჯარიმო ლელოც კი გამოიმუშავეს.

"ნარშავებმა", რომლებიც ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან, მოწინააღმდეგეს უკანა ხაზის მწყობრი თამაშით უპასუხეს. დინამიკაში არც მორკინალები გამოიყურებოდნენ ცუდად და საბოლოოდ სამი ლელო გაიტანეს.

თუმცა ფრანგებმა ერთით მეტის გატანა შეძლეს და სავსებით დამსახურებულად მოიგეს. "ლე ბლეს" შემადგენლობაში გამორჩეული გარემარბი მაქსიმ მედარი იყო. შესანიშნავად ითამაშეს პირველხაზელებმა ტომა დომინგომ და ვილიამ სერვამ.

ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდს შვიდი ქულა შესძინა (ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო).

ექვსი ერი
საფრანგეთი-შოტლანდია 34:21
საფრანგეთი: 4ლ - მედარი, არინორდოკი, ტრაი, საჯარიმო. 4გ - პარა (2), იაშვილი (2). ს - იაშვილი. ა - ტრინ-დუკი.
შოტლანდია: 3ლ - კელოკი, ბრაუნი, ლამონტი. 3გ: პარქსი (2), ჯექსონი.

უელსი-ინგლისი 19:26
უელსი: ლ - სტოდდარტი. გ - ს.ჯოუნზი. 2ს - ს.ჯოუნზი, ჰუკი.
ინგლისი: 2ლ - ეშტონი (2). 2გ - ფლუდი. 4ს - ფლუდი (3), ვილკინსონი.

იტალია-ირლანდია 11:13
იტალია: ლ - მაკლინი. 2ს - ბერგამასკო.
ირლანდია: ლ - ოდრისკოლი. გ,ს - სექსტონი. ა - ოგარა.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 1 1 0 0 +13 2
2. ინგლისი 1 1 0 0 +7 2
3. ირლანდია 1 1 0 0 +2 2
4. იტალია 1 0 0 1 -2 0
5. უელსი 1 0 0 1 -7 0
6. შოტლანდია 1 0 0 1 -13 0

II ტური, 12 თებერვალი
ინგლისი-იტალია, შოტლანდია-უელსი, ირლანდია-საფრანგეთი

I ტურის სიმბოლური ნაკრები
15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი (ორივე-ინგლისი), 13. ჯო ანსბრო (შოტლანდია), 12. მაქსიმ მერმოსი, 11. მაქსიმ მედარი (ორივე-საფრანგეთი), 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი (ორივე-ინგლისი). 1. ტომა დომინგო, 2. ვილიამ სერვა (ორივე-საფრანგეთი), 3. მარტინ კასტროჯოვანი (იტალია), 4. რიჩი გრეი (შოტლანდია), 5. ბრედლი დევისი (უელსი), 6. ტომ ვუდი (ინგლისი), 7. ტიერი დუსოტუარი, 8. იმანოლ არინორდოკი (ორივე-საფრანგეთი).




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული