100 მილიონი დოლარი რაგბისთვის - ჩინელთა შოკისმომგვრელი ციფრები და გეგმები

AutoSharing Option
ჩინეთი რაგბის განვითარებაში სერიოზული ინვესტიციების ჩადებას აპირებს და გამორიცხული არ არის, სარაგბო ერებს კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა დაემატოს. ჩინური, მორიგი შესაძლო საოცრების შესახებ CNN-მა დაწერა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"მსოფლიოს რაგბის გენერალური დირექტორი ბრეტ გოსპერი აღფრთოვანებას ვერ მალავს. ციფრები ჩინურ რაგბიში შოკისმომგვრელია. მათი მიზანია, გახდნენ ერი N1 მსოფლიოში არა მარტო სპორტში, არამედ ყველა მიმართულებით.

ერთი წლის წინათ მათ 76 ათასი მორაგბე ჰყავდათ. 2016 წელს მათ კიდევ 60 ათასი ჩინელი დაემატა. ჩინელი რაგბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ხუთ წელიწადში მორაგბეების რაოდენობა მილიონს
გადააჭარბებს.

ამის გარდა, გასული წლის ოქტომბერში მიღწეულ იქნა შეთანხმება ჩინურ რაგბიში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ რაგბის მოსახლეობის მხოლოდ 0,01% თამაშობს. ეს წვეთია სპორტის ოკეანეში, მაგრამ პოლიტიკოსები და სპორტული ბოსები ქვეყანაში დაინტერესებულნი არიან, სწრაფად განვითარდნენ. ჩინეთის მოსახლეობა 1,5 მილიარდს აღწევს, რაც დაახლოებით დედამიწის მოსახლეობის 20 პროცენტია.

100 მილიონი 10 წელიწადში
მომდევნო ათი წლის განმავლობაში 100 მილიონის ჩადებას რაგბის განვითარებაში კომპანია Alisports დათანხმდა. ამ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ან დაჟონგმა თქვა, რომ რაგბის ჩინეთში უდავოდ დიდი პოტენციალი აქვს.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მა ჩონგმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა: "როგორც სპორტსმენმა, ბოლოს და ბოლოს, დავინახე, რომ სპორტის ამ სახეობას ქვეყანაში მომავალი აქვს".

რაგბის აღორძინებას ჩინეთში პრეზიდენტიც მხარს უჭერს, მაგრამ რაგბი მაინც მეორე პლანზეა, ვიდრე ფეხბურთი. მაგალითად, ერთ-ერთ საფეხბურთო აკადემიას გუანჩჯოუში ბიუჯეტი 185 მილიონი დოლარი აქვს.

ჩინელების საბოლოო მიზანია რაგბის ზე ქვეყანა გახდეს, მოიგოს ოქროს მედლები ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბიში, რეგულარულად და წარმატებით იასპარეზოს მსოფლიოს თასის გათამაშებაში. ცხადია, სამივე ეს მიზანი, გასაგები მიზეზების გამო ჯერ კიდევ შორსაა ასრულებისგან.

"ვინ იფიქრებდა რამდენიმე წლის წინათ, რომ მსოფლიოს თასის გათამაშება ოდესმე იაპონიაში ჩატარდებოდა. იაპონიის მაგალითი ჩინელებისთვის ყველაზე თვალსაჩინოა. 2023 წლის მსოფლიოს თასის ჩატარების პრეტენზია აშშ-ს აქვს, თავისი პოტენციალის რეალიზაცია შეძლო არგენტინამ. დარწმუნებული ვარ, გრძელვადიანი მიზანი ჩინელებისთვის აბსოლუტურად მიღწევადია", - თქვა ბრეტ გოსპერმა.

შვიდკაცა უფრო იოლია
ჩინეთი მსოფლიოს კლასიფიკაციაში ამჟამად 68-ე ადგილზეა. მას ერთი საფეხურით უსწრებს ტაივანი და უახლოესი მდევარი კი პაპუა-ახალი გვინეაა. შვიდკაცა რაგბი, სავარაუდოდ, ის ნაირსახეობაა, რომელიც ჩინეთს საშუალებას მისცემს, მსოფლიო არენაზე გამოვიდეს.

"ალბათ, შვიდკაცა რაგბი ჩინეთში უფრო სწრაფად გახდება კონკურენტუნარიანი, ვიდრე კლასიკური, თხუთმეტკაცა რაგბი. ვფიქრობ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახავთ საკმაოდ ძლიერ ჩინურ გუნდებს, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის", - იმედოვნებს გოსპერი.

ჩინურ რაგბიში დიდი ფულის ჩადება, ცხადია, გამოიწვევს უცხოელი მორაგბეებისა და სპეციალისტების მოზღვავებას, ისევე, როგორც ეს მოხდა ფეხბურთის შემთხვევაში.

ასეთი პრაქტიკა დაეხმარა იაპონიას პროგრესში, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე ორგზის მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაამარცხა. გასულ წელს კი, იაპონელთა შვიდკაცა რაგბის გუნდი რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა. იაპონიის ეს ორივე ნაკრები იყო ნაზავი, როგორც ადგილობრივი, ისე ნატურალიზებული მორაგბეებისა. იმავეს მიღწევა, ჩინელებსაც შეუძლიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული