თვალებს დააკლდებიან, გულებს არა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ორი კვირაღა დარჩა. მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის მონაწილეებმა თავიანთი საბრძოლო რაზმები უკვე განაცხადეს.

ბოლო რამდენიმე კვირა განსაკუთრებით მძიმე იყო თითოეული ნაკრების მწვრთნელისთვის, არჩევანი მათ საუკეთესოებიდან კიდევ უფრი უკეთესებზე უნდა შეეჩერებინათ. ასეც მოხდა, თუმცა სამწუხაროდ, სრულიად ბანალური მიზეზის, ტრავმის გამო, მსოფლიოს თასს საკმაოდ ბევრი ძლიერი მოთამაშე დააკლდება. არადა ისინი არა მარტო თავიანთი გუნდებს, არამედ მთლიანად ტურნირს დაამშვენებდნენ. ახლა, რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.

დენ კერი (ინგლისი)
ინგლისელ ცხრა ნომერს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2008 წელს, ახალი ზელანდიის
ნაკრებთან მატჩში ჰქონდა. მაშინ, მართალია, "პომებმა" 20:37 წააგეს, მაგრამ კერიმ შესანიშნავად ითამაშა და ინგლისელთა გუნდი მის გარეშე, თითქმის წარმოუდგენელი იყო. დენმა მას შემდეგ ინგლისის ნაკრების კვართი 32-ჯერ მოირგო, რაც 24 წლის მოთამაშისთვის საკმაოდ დიდი მიღწევაა.

ახალ ზელანდიაში გასამგზავრებლად დენ კერის კონკურენციას რიჩარდ ვაიგლსვორსი და ჯო სიმპსონი უწევდნენ. კიდევ ერთი ცხრა ნომერი ბენ იანგზი, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული იყო, მაინც ძირითადის მოთამაშედ მიიჩნეოდა და კონკურენცია, ფაქტობრივად, არ ეხებოდა. წესით, კერის წინ ვერაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ ფორტუნმა ზურგი აქცია და ფეხის თითი მოიტეხა. მას ოპერაცია გაუკეთეს და იძულებული გახდა თავისი მეგობრების თამაშს თვალი ტელევიზორით ადევნოს.

ხუან მარტინ ერნანდესი (არგენტინა)
ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მგეზავია. ერნანდესს თავისი ელეგანტური, დახვეწილი თამაშით ყველაზე აგრესიულად განწყობილი მეტოქეც კი აღფრთოვანებაში მოჰყავს. ზედმეტად ვაქებთ? -არა.

აი, როგორ იხსნებს ერთ შემთხვევას თავად ერნანდესი:
"2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ შინ ვბრუნდებოდით. აეროპორტში ვიყავით, როცა ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. ვუპასუხე, ყურმილში ხმამ მითხრა - მე დიეგო მარადონა ვარ. ცხადია, არ დავუჯერე. თუმცა ის მაინც ჯიუტად მიმტკიცებდა, რომ ნამდვილად დიეგო იყო. მან მომილოცა გუდის წარმატება, შემაქო და ისიც კი გაიხსენა მარცხენა ფეხით ირლანდიას არეკნი რომ გავუტანე. მითხრა მარცხენა ფეხი მეც მაგარი მქონდაო. მე ავუხსენი, რომ ცაცია არ ვარ და მარჯვენას უკეთ ვხმარობ.

მას შემდეგ რაც საუბარი შევწყვიტეთ, ორი წუთი ხმას ვერ ვიღებდი, თითქოს ენა გადავყლაპე. ჩემი მეგობარი გოგონა შეშინდა, გაფითრებული მეკითხებიდა, ვინ იყო? რა უნდოდა? რამე ცუდი ამბავია? ვერაფრით ვიჯერებდი, რომ მარადონას ველაპარაკე"

ერთი სიტყვით, "პუმები" ახალ ზელანდიაში იძულებული იქნებიან თავიანთი საუკეთესო მორაგბის გარეშე ითამაშონ. ერნანდესმა ტრავმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, "მეტრო რასინგის" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მან გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და არგენტინელთა მწვრთნელმა მისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღი: არგენტინა -ერნანდესის გარეშე.

უგო საუთვილი (შოტლანდია)
მისი არ ყოფნის მიზეზი მსოფლიოს თასზე, ზემოთ მონათხრობისაგან აბსოლუტურად განსხავებულია. სუთვილი "სკოტების" შემადგენლობაში მთავარ მწვრთნელთან, ენდი რობინსონთან ორმხრივი შეთანხმების შედეგად ვერ მოხვდა.

უგომ ფეხი ჯერ კიდევ საფრანგეთის ჩემპიონატში, "სტად ფრანსეში" თამაშისას დაიშავა. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ნათელი გახდა, რომ ის ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის საკმაოდ დიდ პერიოდს დააკლდებოდა და, გამორიცხული არ იყო, მსოფლიოს თასისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოესწრო. ამიტომ საუთვილმა გადაწყვიტა ძირთადად ყურადღება საკლუბო კარიერისთვის დაეთმო.

მართალია, მას "სტად ფრანსემ" კონტრაქტი აღარ გაუგრძელა, მაგრამ უმალვე შეძლო ინგლისურ "ვოსფსთან" ხელშეკრულების გაფორმება.

ჟუან სმიტი (სამხრეთ აფრიკა)
შესაძლოა, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფლანკერად მივიჩნიოთ. სმიტი თავისი თაობის ყველაზე გავლენიანი, სახელოვანი მოთამაშეა. 30 წლის მესამეხაზელმა ტრავმასთან ბრძოლა წააგო. წლეულს, თებერვალში მან ორი ოპერაცია გადაიტანა. ჯერ ზურგზე, მერე კი აქილევისის მყესზე.

ჟუანმა წინა ორ მსოფლიოს თასზე იასპარეზა და 2007 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრების მიერ "ვებ ელისის" თასის მოპოვებში უდიდესი წვლილი შეიტანა. ცხადია, "ბოკეს" მთავარ მწვრთნელს პიტერ დე ფილიერსს ძალიან უნდოდა სმიტი გუნდში ყოლოდა და შანსიც მისცა ნაკრებში ადგილი დაემკვიდრებინა, თუმცა სმიტმა თავად გადაწყვიტა ახალ ზელანდიაში გამგზავრებაზე უარი ეთქვა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას არ მომცემს ახალ ზელანდიაში გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო. არ მინდა თანაგუნდელები დავაღალატო და ნაკრებისთვის ზედმეტი ტვირთი გავხდე. ამიტომ, უმჯობესია გზა იმათ დავუთმო, ვისაც ამ ეტაპზე, "ბოკესთვის" ჩემზე მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია." - თქვა მან.
სმიტთან ერთად მსოფლიოს თასის ბატალიებს ტელევიზორში უყურებს მეორეხაზელი ანდრეას ბეკერიც.

გევინ ჰენსონი (უელსი)
ის ბოლო ხანს ტრავმებმა დატანჯა. ერთხანს, როგორც იქნა გამოჯანმრთელდა და მსოფლიოს თასისთვის მზადებას შეუდგა. სამწუხაროდ, ჰენსონი იღბალმა ამჯერადაც დააღალატა. ორი კვირის წინ ინგლისის ნაკრებთან ტესტ მატჩში ისევ დაშავდა და საოპერაციო შეიქნა. 29 წლის ჰენსონს გამოსაჯანმრთელებლად ვადა ექვსიდან რვა კვირამდე დაუდგინეს და უელსელთა თავკაცმა უორენ გეთლენმდა ის სამსოფლიოთასო სიიდან ამოიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული