ფანტასტიკური ოთხოსნები

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასი, სავარაუდოდ ბევრი რამით იქნება გამორჩეული. რაგბის ქომაგებს იმედი აქვთ, რომ არაერთ ახალ მორაგბეს, ახალ გუნდებს აღმოაჩენენ და საინტერსო ბრძოლების მოლოდინში ხელებს იფშვნეტენ.

თუმცა ეს ყველაფერი მოლოდინია. წლეულს გასამართი მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმი უკვე გამორჩეულია, თუნდაც იმით, რომ ამ ტურნირზე მოასპარეზე რამდენიმე მორაგბისთვის ის კარიერაში მეოთხე იქნება. რეკორდი კი სამოელ ბრაიან ლიმას ეკუთვნის, რომელმაც მსოფლიოს თასის გათამაშების ხუთ ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. ოთხოსანთა სია კი ასე გამოიყურება:

ფელიპე კონტეპომი (არგენტინა)

მისი კარიერის პიკი 2007 წლის მსოფლიოს თასის
გათამაშებას დაემთხვა. არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთში ფურორი მოხადინა. "პუმებს" შესანიშნავი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავდათ. თუმცა გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად შუამარბად მოთამაშე ფელიპე კონტეპომი, მისი პარტნიორი ავგუსტი პიშო და მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი ითვლებოდა.

არგენტინელებმა ამ "სამი მუშკეტერის" ბრწყინვალე თამაშის წყალობით მასპინძლთა გუნდი, რომელიც ტურნირის მთავრ ფავორტად ითვლებოდა, ორჯერ დაამარცხა.

კონტეპომის, რომელიც ახლა 34 წლისაა, მსოფლიოს თასზე დებიუტი ჯერ კიდევ 1999 წელს ჰქონდა. ის იაპონიასთან თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

"პუმებმა" მატჩი 33:12 მოიგეს. 2003 წლის მსოფლიოს თასი არგენტინის ნაკრებისთვის წარმატებულად ვერ ჩაითვლება. წლეულს კი კონტეპომი და კომპანია ოთხი წლის წინანდელის გამეორებას შეეცდება, თუმცა იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ძალიან გაუჭირდებათ. თუნდაც იმოტომ, რომ "სამი მუშკეტერიდან" საქმეში მხოლოდ ერთი, ფელიპე კონტეპომი დარჩა. პიშომ რაგბის თამაშს თავი დაანება, ერნანდესი კი ტრავმირებულია.

მარიო ლედესმა (არგენტინა)
არგენტინის ნაკრებში კონტეპომის გარდა კიდევ ორი მოთამაშეა, რომლებისთვისაც ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასი მეოთხე იქნება. პირველხაზელები მარიო ლედესმა და მარტინ სკელსო, არა მარტო "პუმების" რიგებში, არამედ მსოფლიოში საუკეთესო მორკინალები არიან. როგორც უკვე ვთქვით, მათ ზურგს მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში ასპარეზობა უმაგრებთ, რაც, უდავოდ, უდიდეს გამოცდილებას ნიშნავს.

ამ დუეტში გამორჩეულია შერკინების კვაჭი მარიო ლედესმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 1999 წლის მსოფლიოს თასზე უელსის ნაკრებთან მატჩში ჰქონდა. 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება კი მისთვის გედის სიმღერა იქნება. "სუპერ მარიო" რაგბიდან მიდის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საკმაოდ ხმაურიანად მოხდება.

კრის პატერსონი (შოტლანდია)
ის მსოფლიოს რაგბის ლეგენდაა. პატერსონს 2007 წლის მსოფლიოს თასზე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა. მისი ყველა დარტყმა მიზანში მოხვდა. მან შოტლანდიის ნაკრებში მსოფლიოს თასზე პირველად 1999 წელს ითამაშა ესპანეთის ნაკრებთან მატჩში.

კრისი უნივერსალური უკანახაზელია, მას თანაბრად ძლიერად შეუძლია ითამაშოს მგეზავად, ფულბეკად და შუამარბად. 2003 წლის მსოფლიოს თასზე პატერსონს სამივე პოზიციაზე მოუწია თამაშმა.

მისი უნარის გამოყენება, ცხადია, "სკოტების" ამჟამინდელ ინგლისელ თავკაცს ენდი რობინსონსაც სურს. ვერც გავამტყუნებთ, თუმცა საინტერსოა, რობინსონი პატერსონს ბოლო-ბოლო რა პოზიციაზე გამოიყენებს. თუ ის გუნდის მთავარი დამტრყმელი იქნება, თამამად შეგიძლიათ ფსონში მთელი ქონება ჩახვიდეთ.

ჯონი ვილკინსონი (ინგლისი)
ინგლისური რაგბის ოქროს ბიჭუნა დღესაც საუკეთესო ფორმაშია და მთელი ინგლისი იმედის თვალით შესცქერის. 2003 წლის 22 ნოემბერს, ავსტრალიაში გამართული მსოფლიოს თასის ფინალში დამატებით დროში მის მიერ გატანილი არეკნი, რაგბის ისტორიაში ლეგენდად შევიდა. "ვილკომ" მაშინ მასპინძლები ხახამშრალი დატოვა და "პომებს" პირველად მოაპოვებინა "ვებ ელისის" თასი.

ვილკინსონის დებიუტი მსოფლიოს თასზე 1999 წელს შედგა იტალიის ნაკრებთან მატჩში, როცა ჯერ კიდევ 20 წლის იყო და გუნდს 32 ქულა მოუტანა.

2007 წელს ჯონის და კომპანიას აშკარად არ გაუმართლათ. ფინალში "სენ დენიზე" სამხრეთ აფრიკასთან შეხევდრაში "პომებს" ლელო არ ჩაუთვალეს, რომელიც, შესაძლოა, "ბოკესთვის" საბედისწერო გამხდარიყო. იმ ლელოზე დავა დღემდე გრძელდება. ყველა მხარეს თავისი არგუმენტები აქვს, თუმცა აღარაფრის შეცვლა შეიძლება. ეს მატჩი უკვე ისტორიის საკუთრებაა.

წლეულს ახალ ზელანდიაში ის კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდში საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას ტობი ფლუდი უწევს. ასე რომ, 32 წლის ვილკინსონს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული სულაც არ აქვს.

ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია)
ის ირლანდიური რაგბის თილისმაა. ბრაიან ოდრისკოლის თაობას სამართლიანად უწოდებდნენ "ირლანდიური რაგბის ოქროს თაობას". თუმცა მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ. ოდრისკოლი და კომპანია 2007 წელს ლამის საუკუნის სენსაციის მსხვერპლი გახდა.

"სამყურებმა" ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრებს დიდი გაჭირვებით მოუგეს, ის კი არა და, წაგებას გადარჩნენ.

ერთი სიტყვით, ირლანდიის ნაკრებმა ოთხი წლის წინათ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, გზა საფრანგეთსა და არგენტინას დაუთმო. ირლანდიელთა ლიდერს ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა. ოდრისკოლმა მაშინ ოთხ მატჩში ითამაშა და ერთი ლელო გაიტანა.

ბრაიანი, რომელიც სამგზის იყო "ბრიტანელი ლომების" წევრი, ბოლო ხანს ტრავმებმა დატანჯა. თუმცა, იმედია, ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო მორაგბე წლევანდელი მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩვეულად გაიბრწყინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული