შოტლანდია გადარჩა, ინგლისიც

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე და მესამე დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა. მომგებმა მოიგო, თუმცა იოლად გამარჯვებას ვერავინ მიაღწია. ფავორიტებს სტარტზევე დიდი ძალისხმევა დასჭირდათ გაკადნიერებული მეორე ეშელონის გუნდების დასამარცხებლად.

ყველაზე ახლოს სენსაციასთან საქართველოს ნაკრების ჯგუფელი და კარგად ნაცნობი, რუმინეთის ეროვნული გუნდი იდგა. "სტეჟარიმ", პირდაპირ უნდა ითქვას, შოტლანდიის ნაკრებთან შესანიშნავად ითამაშა, მგრამ დასკვნით რვა წუთში სათამაშო უპირატესობასთან ერთად მატჩის მოგების ძალზედ რეალური შანსიც გაუშვა ხელიდან.

შოტლანდიის ნაკრებმა, ფაქტობრივად, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი მხოლოდ ოცი წუთის განმავლობაში გამოავლინა - პირველი ტაიმის საწყის ათ წუთსა და
თამშის დასკვნით მონაკვეთში. შუალედში კი მოედანზე რუმინელები იყვნენ ბატონ-პატრონი. "სტეჟარის" შერკინებამ მეტოქისას სტატიკურ მდგომარეობაში თამაშშიც აჯობა და დინამიკურშიც. რუმინელებს ოსტატობა არ ეყოთ, ეს უპირატესობა სათავისოდ გამოეყენებინათ.

"მუხის ფოთლებმა" ანგარიშში დაწინაურება მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე შეძლეს, როცა მორკინალების მორიგი, ძალისმიერი შეტევა რვა ნომერმა დანიელ კარპომ, ლელოთი დაასრულა - 24:21.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საწყისი ათი, თხუთმეტი წუთი რუმინელებს კარგს არაფერს უქადდა. "სკოტებმა" ძირითადად ფეხმარდი უკანახაზელების წყალობით ორი ლელო გაიტანეს, ისე რომ, მეტოქის დაცვის ხაზმა, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა - 15:3.

მერე "სტეჟარიმ" თავისი მძიმე და მობილური მორკინალები აამუშავა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ნაკრების მორკინალებმა მეტოქეს, ერთის გარდა, ყველა შერკინება მოუგეს. აღმოსავლეთ ევროპელებმა ნელ-ნელა თამაში გაათანაბრეს და ტაიმის მიწურულს ანგარიშის 7 ქულამდე შემცირება მოახერხეს - 11:18.

შესვენების შემდეგ რუმინელებმა ტემპი გაზარდეს და, როგორც უკვე ვთქვით, ანგარიშში დაწინაურბა შეძლეს. 72-ე წუთის შემდეგ "სტეჟარის" ბურთი აღარ უნახავს და "სკოტებმა" ორი ლელო მიითვალეს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე 14 სექტემბერს ინვერქარგილში სწორედ შოტლანდიის ნაკრები იქნება. "ბორჯღალოსნებმა" მაგალითი რუმინელებისგან უნდა აიღონ. ჩვენ შერკინებას ნამდვილად შესწევს ძალა მეტოქე დაჩაგროს. ამასთან, რუმინელებისაგნ განსხვავებით, "სკოტების" უკანახაზელებს გასაქანი არ უნდა მივცეთ, სათამაშო არეალი უნდა შევუზღუდოთ.

ამავე, B ჯგუფში კიდევ ერთი საინტერესო, დრამატული სცენარით განვითარებული მატჩი გაიმართა. არგენტინის ნაკრებმა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში უდავო უპირატესობას ფლობდა, ინგლისის ეროვნულ გუნდთან თამაშის ბოლო ათ წუთში წააგო - 9:13.

იმას, რასაც არგენტინელები ინგლისის ნაკრებათან შეხვედრაში აკეთებდნენ, არც თამაში ჰქვია და არც ბრძოლა. არგენტინელები ომობდნენ, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. შესაშური იყო, მათი შემართება. რაც, "პუმების" ქომაგთა სამწუხაროდ, ბოლომდე არ ეყოთ. უფრო დიდმა "ოსტატებმა", ინგლისელებმა მატჩის მიწურულს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მაინც შეძლეს.

ერთი მნიშვნელოვანი, ფრიად საგულისხმო დეტალი. ორივე გუნდმა ხუთ-ხუთი საჯარიმო ვერ გამოიყენა. იგლისელთაგან ხუთჯერ მიზანს მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა ვერ უწია. ასეთი რამ, ისტორიას არ ახსოვს.
რუმინეთი-შოტლანდია 24:34.

რუმინეთი: (15-9) დუმიტრაში (ვლაიკუ 59), ჩუნტუ, გალი, დიმოფტე, ლემნარუ, დუმბრავა, სირბუ (სურუჯუ 51). (1-8) ლაზარი, ტინკუ (ზებეგა 67), იონი (ფლორაე 68), ურსაკე, პეტრე (პოპილრანი 76), მაკოვეი, ტონიცა, კარპო.
2ლ: ლაზარი, კარპო. გ: დიმოფტე. 4ს: დუმბრავა (2), დიმოფტე (2).

შოტლანდია: (15-9) პატერსონი, ევანსი, ანსბრო, ლამონტი, დანიელი, ჯეკსონი (პარქსი 52), ბლერი (კაზიტერი 65). (1-8) იაკობსენი, ფორდი (ლაუსონი 53), გროსი, გრეი (ჰაინსი 56), კელოკი, ბრაუნი, ბარკლი (რენი 64), ვერნონი.
4ლ: ბლერი, ანსბრო, დენიელი (2). 4ს,გ: პატერსონი
მსაჯი: დევიდ პირსონი (ინგლისი).

არგენტინა-ინგლისი 9:13

არგენტინა: (15-9) როდრიგესი, კამაჩო, ტიესი, ფერნანდესი, აგულა, კონტეპომი, ვერგალო. (1-8) რონსერო, ლედესმა, ფიგალო, კარისა, ალბასეტე, კაბელო, ლეგისამონი, ფერნანდესი.
3ს: კონტეპომი

ინგლისი: (15-9) ფოდენი, ეშტონი, ტუილაგი, თინდოლი, არმითიჯი, ვილკინსონი, ვაგლსვორსი (1-8) შერიდანი, თომსონი, კოლი, დიკონი, ლუისი, კროფტი, ჰესკელი, ისთერი.
ლ: იანგზი. გ,2ს: ვილკინსონი.
მსაჯი: ბრაის ლოურენსი (ახალი ზელანდია).

B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. შოტლანდია - 5 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. არგენტინა - 1, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0.

A ჯგუფი
ახალი ზელანდია-ტონგა 41:10; საფრანგეთი-იაპონია 47:21
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. კანადა - 0, 4. იაპონია - 0, 5. ტონგა - 0.

C ჯგუფი
ავსტრალია-იტალია 32:6; ირლანდია-აშშ 22:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 5 ქულა, 2. ირლანდია - 4, 3. რუსეთი - 0, 4. აშშ - 0, 5. იტალია - 0.

D ჯგუფი
ფიჯი-ნამიბია 49:25; სამხრეთ აფრიკა-უელსი 17:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ფიჯი - 5 ქულა, 2. სამხრეთ აფრიკა - 4, 3. უელსი - 1, 4. Nამიბია - 0.
14 სექტემბერი
სამოა-ნამიბია 06:30
ტონგა-კანადა 09:00
საქართველო-შოტლანდია 11:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული