ნათან შარპის ასიანი

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების მეორეხაზელი ნათან შარპი პარასკევს, ოქლენდში უელსის ნაკრებთან გასამართ მატჩში მესამე ადგილისთვის, ეროვნული ნაკრების კვართს მეასედ მოირგებს.

ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩში 33 წლის ვეტერანმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ნახევარფინალში თავისიანებს დახმარებოდა. მის ნაცვლად "ოლ ბლექსს" ნაკრების ახალწვეული რობ საიმონსი დაუპირისპირდა. თუმცა "ვოლაბების" ყოფილი კაპიტანი ამჯერად თამაშს ნამდვილად შეძლებს, მით უფრო, რომ მეორეხაზელი დენ ვიკერმანი დაშავდა და გუნდს ვერაფრით დაეხმარება.

შარპის დებიუტი ავსტრალიის ნაკრებში 2002 წელს საფრანგეთს ნაკრებთან მატჩში შედგა და მას შემდეგ, "ვოლაბების" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო. ავსტრალიის
ეროვნული გუნდის უკანახაზელს, ადამ-ეშლი კუპერს მიაჩნია, რომ მისი მეგობრის ეს მიღწევა გუნდს დამატებით მოტივაციას სძენს.

"ეს უდიდესი მიღწევაა. არ ვიცი, თვითონ რას გრძნობს, მაგრამ მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მინდა უელსთან მატჩში მის გვერდით ვითამაშო. ის ხომ მეხუთე ავსტრალიელია, ვისაც ჩვენი ქვეყნის ნაკრების კვართი ასჯერ და მეტჯერ მოურგია.

იმის გარდა, რომ ნათანი დიდი მორაგბეა, ის შესანიშნავი მეგობარიცაა, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს დაგეხმაროს. ამიტომ, მისი წარმატება ძალიან მიხარია" - თქვა ადამ-ეშლი კუპერმა.

შეიძლება ითქვას, რომ ნათან შარპს გაუმართლა კიდეც, რადგან ვიკერმანმა "ოლ ბელქსთან" მატჩში მხართან ერთად ცხვირიც დაიზიანა და თამაშს ვერაფრით შეძლებს. მის გარდა "ვოლაბებს" დააკლდებათ ტრავმირებული შერკინების კვაჭი სტივენ მური, ბურჯი სეკოპე კეპუ და შუამარბი პეტ მაკკები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული