planetrugby.com-ის მსოფლიოს თასის სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
პოპულარულმა სარაგბო ინტერნეტ საიტმა planetrugby.com-მა 2011 წლის მსოფლიო თასის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. როგორც საიტის ადმინისტრაცია იტყობინება, არჩევანის გაკეთება ძალიან რთული გამოდგა, ბევრი დებატებისა და დავა-კამათის შემდეგ კი საბოლოოდ, საუკეთესო თხუთმეტეული მაინც შედგა. აქვე აღინიშნა, რომ ვებ-გვერდის ვერსია განსხვავებულია იმ ნაკრებისგან, რომელიც მკითხველთა გამოკითხვის შედეგად შედგა.

მაგალითად, მესამე ხაზში რვა ნომრის პოზიციაზე საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, ის 2 561 ხმით უსწრებს მეორეადგილისან ფრანგ იმანოლ არინორდოკს. თუმცა, planetrugby.com-მა სიმბოლურ ნაკრებში სწორედ ბასკი მორაგბე დაასახელა. ამასთან
მოწინავეთა შორის ვერ მოხვდა IRB-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე, ასევე ფრანგი მესამეხაზელი ტიერი დუსოტუარი.

ერთი სიტყვით, საუკეთესოთა შორის შვიდი ახალზელანდიელი, ოთხი უელსელი, ორი ფრანგი და ამდენივე სამხრეთაფრიკელი მოხვდა. საგულისხმოა, რომ planetrugby.com-ს გული მესამე ადგილზე გასული გუნდის, ავსტრალიის ნაკრების ვერცერთმა მორაგბემ მოიგო.

15. იზრაელ დაგი (ახალი ზელანდია)
ამ პოზიციაზე საუკეთესოს გამოვლენა ძალიან იოლი გამოდგა. არჩევანი მცირე იყოო ვერფრით ვიტყვით. უბრალოდ, იზრაელ დაგი ყველამ ერთხმად დაასახელა საუკეთესო ფულბეკად. "ოლ ბლექსის" მწვრთნელმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამოცდილ მალილი მულიაინას ახალგაზრდა დაგი არჩია. ის პირველი მატჩიდან მოყოლებული მოედანზე ცეცხლს ანთებდა.

14. ქორი ჯეინი (ახალი ზელანდია)
საუკეთესო გარემარბის არჩევამ ნამდვილი ომი გამოიწვია. (რედაქტორი ახლაც გაბრაზებულია, საუკეთესოდ ფრანგი ვენსან კლერი რომ არ დავასახელეთ). ჯეინის ანგარიშზე ექვსი ლელოა, რაც თავისთავად მეტყველებს ამ მორაგბის სიძლიერეზე. მასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ავსტრალიელი ჯეიმზ ოკონორი - მისი დროც დადგება.

13. მაა ნონუ (ახალი ზელანდია)
მას სეზონის სტარტი ეფექტური არ ჰქონდა. თუმცა ნონუ კვირიდან-კვირამდე უმატებდა, ფორმის პიკს კი მსოფლიოს თასის მსვლელობისას მიაღწია. IRB-ს მიერ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეთა ნომინაციაში მისი დასახელება ლოგიკური იყო.

12. ჯიმი რობერტსი (უელსი)
ის რაგბის ერთ-ერთი ნამდვილი ვარსკვლავია. რობერტსმა თავი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოიჩინა, როცა სამხრეთულ ტურნეში "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში შესანიშნავად იასპარეზა. ახალზელანდიაში მისი ყველა მცდელობა, მეტოქის ხაზი გაეჭრა, წარმატებით მთავრდებოდა. ჯიმი თავისი გუნდის შეტევების სულისჩამდგმელი იყო.

11. შეინ ვილიამსი (უელსი)
კიდევ ერთი პოზიცია, რომელმაც დიდი დავა გამოიწვია. მარჯვენა გარემარბებისგან განსხვავებით, მემარცხენეები დიდად არ ბრწყინავდნენ. არჩევანი მაინც უელსელთა ვეტერანზე, ყველაზე საიმედო და უნივერსალურ მორაგბეზე, შეინ ვილიამსზე შევაჩერეთ. სამოას ნაკრებთან გადამწყვეტი ლელოს გატანით მან თავისი ქვეყნის ნაკრები პლეი ოფში გაიყვანა. იქ კი, რაც მოხდა ყველამ ნახა.

10. რის პრისტლენდი (უელსი)
ის თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიოს თასის აღმოჩენად. პრისტლენდმა უელსის ნაკრებში სტივენ ჯოუნზის დროინდელი შეტევის ეპოქა განავრცო. მისი ხალასი თამაში, ისედაც რომანტიკული რაგბის მიმდევარი უელსის ნაკრების ასპარეზობას, კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. მას კონკურენციას მხოლდ დენ კარტერი თუ გაუწევდა, მაგრამ ახალზელანდიელი ტრავმის გამო ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

9. პირი ვიპუ (ახალი ზელანდია)
საუკეთესოების შერჩევისას თითოეული მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტიც გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვიპუს ფინალში თამაში არ გამოუვიდა, მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალე იყო. დენ კარტერის არყოფნაში მან შეითავსა ნაწილობრივ მგეზავისა და მთლიანად ფეხით მოთამაშის, დამრტყმელის ფუნქცია.

8. იმანოლ არინორდოკი (საფრანგეთი)
კანდიდატთა განხილვა აქ დიდხანს არ გაგრძელებულა. მხოლოდ ერთი რამ ვერ გავარკვიეთ, როგორ შეიძლებოდა, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, მარკ ლივერმონი, მას სათადარიგოთა სკამზე რომ სვამდა. არინორდოკმა ისე ითამაშა, როგორც არავინ.

ამასთან ერთად, ხაზგასმით უნდა ვთქვათ საქართველოს ნაკრების ლიდერ მამუკა გორგოძეზე, რომელიც უდავოდ ფენომენია.

7. სემ ვერბარტონი (უელსი)
ხომ ძნელი წარმოსადგენია ეს პოზიცია რიჩი მაქოას, დევიდ პოქოკის და ტიერი დუსოტუარის გარეშე. ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, ჩვენ მზად ვართ ვაპატიოთ ვერბარტონს წამიერი გადაცდომა, რადგან მთელი ტურნირის განმავლობაში ის მართლაც საუკეთესო იყო.

6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია)
ყველას არ ხვდება ბედნიერება წილად წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტი იყოს. მას შეეძლო მსოფლიოს თასის საუკეთესო მოთამაშეც გამხდარიყო. "ოლ ბლექსის" მღლეტელი დიდებულად გაისარჯა. მის ანგარიშზე ოთხი ლელოა.

5. დენი როსუ (სამხრეთ აფრიკა)
ბაკის ბოთას დაშავების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორე ხაზში ადგილი დენი როსუმ დაიკავა. მან გამოცდილი მებრძოლი სრულყოფილად შეცვალა და უკვე ყოფილი ჩემპიონების გუნდში საუკეთესო გახლდათ.

4. ბრედ თორნი (ახალი ზელანდია)
სადაც გუნდს ყველაზე მეტად უჭირს, ბრედ თორნიც იქაა. მუხლმოუხრელად მშრომელი, თავდადებული და, შეიძლება ითქვას, ცოტა დაუნდობელიც კი, თორნი ძალიან დიდ, შავ სამუშაოს ასრულებდა.

3. ნიკოლა მასი (საფრანგეთი)
ამ პოზიციაზე აზრები ისევ გაიყო. ნიკოლას კონკურენციას უელსელი ადამ ჯოუნზი და ახალზელანდიელი ოუენ ფრენქსი უწევდნენ. მაგრამ მათ მაინც ფრანგი ვარჩიეთ. მასი შესანიშნავად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით კი ფინალურ მატჩში.

2. კევინ მეალამუ (ახალი ზელანდია)
მიუხედავად იმისა, რომ კევინმა ფინალში თავი ვერაფრით გამოიჩინა, ის მაინც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შერკინების კვაჭია. მეალამუ მომდევნოა იმათ რიგში, ვინც "ოლ ბლექსის" ასიანთა კლუბში უნდა შეაბიჯოს.

1. ხუთრო სტენკამპი (სამხრეთ აფრიკა)
"ბოკეს" შერკინების ბურჯმა თვალნათლივ გვაჩვენა, რატომ დაასახელეს ის სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის საუკეთესო მორაგბედ. ხუთრო ის კაცია, რომელსაც უკან არასდროს დაუხევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული