არინორდოკმა "ლე ბლოში" ბუნტი აღიარა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ, ბასკმა იმანოლ არინორდოკმა აღიარა, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის მსვლელობისას "ლე ბლოს" მთავარ მწვრთნელს მარკ ლივერმონს ბუნტი მოუწყვეს.

მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ფრანგთა ბანაკში ყველაფერი წესრიგში არ არის მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდეც იყო. თუმცა რეალურად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლივერმონმა იაპონიასთან მატჩის შემდეგ ნაკრების მორაგბეები სახალხოდ გააკრიტიკა. ამას მოჰყვა შოკისმომგვრელი მარცხი ტონგას ნაკრებთან. ლივერმონის წინააღმდეგ 30-დან ოცდახუთმა მორაგბემ გაილაშქრა.

"ტონგასთან მარცხის შემდეგ არავითარი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია იმისთვის, რაც მარკ ლივერმონმა ილაპარაკა. ახალ
ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშება ჩვენი თავგადასავალი იყო და ვალდებული ვიყავით ლივერმონი თავიდან მოგვეშორებინა.

ლივერმონმა განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა. ის ძალიან ხშირად გვლანძღავდა. თუ რამე ისე არ მოხდებოდა, ყველაფერს ჩვენ, მოთამაშეებს გვაბრალებდა. არადა, ყველა ხომ ერთ ნავში ვიჯექით?

პლეი ოფების მატჩებისას ნაკრების მართვა და, ცხადია, პასუხისმგებლობაც, ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ. კარგია, რომ ის თანამდებობიდან მიდის, გარწმუნებთ, ლივერმონი არასდროს მომენატრება" - თქვა იმანოლ არინორდოკმა.

ამასთან ერთად არინორდოკმა დაადასტურა მრავალი თანაგუნდელის და მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებლების მოსაზრება, რომ ფინალური მატჩის არბიტრი, სამხრეთაფრიკელი კრეიგ იუბერი მსაჯობისას ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

"კრეიგ იუბერი მხოლოდ ჩვენ გვიყურებდა, მხოლოდ ჩვენს წესის დარღვევას ამჩნევდა. ახალზელანდიელთა მესამეხაზელი რიჩი მაქოა მთელი მატჩის განმავლობაში ოფსაიდიდან თამაშობდა. მან ძალიან ბერჯერ დაარღვია თამაშის წესი, მაგრამ ერთხელაც არ დაუსჯიათ. მატჩის დამთავრებამდე სამი წუთი რჩებოდა, ნათლად დავინახე, რომ რაკში თამაშისას ჩვენ მხარეს ჩაწვა და იქ დარჩა მანამ სანამ შეხვედრა არ დასრულდა. იუბერმა ესეც ვერ დაინახა?" - იკითხა იმანოლ არინორდოკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული