რაგბი ლიგის ვარსკვლავები "ბარბაროსებში"

AutoSharing Option
"ბარბაროსების" შემადგენლობაში ოდითგანვე საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს იწვევდნენ. ამ კლუბის სახელოვანი ისტორია ამჟამადაც გრძელდება და შაბათს, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებს ეთამაშება.

"ბარბაროსების" მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდში სათამაშოდ რაგბი ლიგის ვარსკვლავი სემ ტომკინსი მიიწვია. ის გარემარბად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ რაგბილიგელი პირველად არ ხვდება ამ პრესტიჟული გუნდის შემადგენლობაში. მოდით, გავიხსენოთ ისინი:

მეთ როჯერსი (ავსტრალია)

ამ მორაგბემ "ბარბაროსების" შემადგენლობაში პირველად 2001 წელს ითამაშა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში. აღსანიშნავია, რომ მას იქამდე რაგბიში არასდროს ეთამაშა და რაგბი ლიგიდან სწორედ "ბარბაროსებთან" მატჩის შემდეგ გადავიდა სიდნეის "ვორათაზში", რომელიც იმ
დროს ზე 12-ის გათამაშებაში ასპარეზობდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარბაროსები" მისგან ბევრს ელოდნენ, ავსტრალიის ნაკრებმა შეხვედრა 49:35 მოიგო. ვასრკვლავებით დახუნძლული ბარბაროსთა გუნდი მატჩის მიწურულს გამოერკვა და ხელდახელ ათამაშდა, თუმცა მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა და დაცვაზე საერთოდ აიღო ხელი. ამან "მილენიუმზე" შეკრებილი ქომაგების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ატყდა სტვენა და ერთი ამბავი.

როჯერსმა ავტრალიის ნაკრებში 45 კეპი მოიხვეჭა. მას კიდევ ერთხელ, 2004 წელს მოუწია "ბარბაროსების" შემადგენლობაში თამაში ახალი ზელანდიის ნაკრებთან.

ლოტე ტუქირი (ავსტრალია)
ავსტრალიელი ფეხმარდი შუამარბი რაგბი ლიგიდან ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ გადასული იყო "ბარბაროსებში" სათამაშოდ რომ მიიწვიეს. ტუქირმა "ვოლაბების" შემადგენლობაში 2003 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშა. ერთი წლის შემდეგ კი ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში "ბარბაროსებისთვის" გაისარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, მეთ გიტო და კრის ლათემი რომ არიან, "ოლ ბლექსმა" მაინც შეძლო "ბარბაროსების" დამარცხება - 47:19. 2008 წელს ტუქირის უკვე "ბარბაროსების" წინააღმდეგ ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში მოუწია თამაში.

2009 წელს ის "ვორათაზის" ღირსებას იცავდა, მერე ინგლისში "ლესტერ ტაიგერზში" თამაშობდა და შარშან ისევ რაგბი ლიგას დაუბრუნდა.

ჯეისონ რობინსონი (ინგლისი)
ის ინგლისელთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მორაგბეა. რაგბი ლიგაში ასპარეზობისას რობინსონი "ვიგანის" ღირსებას იცავდა. რაგბიში ის 2000 წელს გადაბარგდა და მუდამ "ბასისთვის" ირჯებოდა. 2003 წელს "პომებთან" ერთად მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა, მანამდე შესანიშნავად იასპარეზა 2001 წელს ავსტრალიაში "ბრიტანელი ლომების" ტურნეში.

2007 წლის მსოფლიოს თასზე მან ტრავმის გამო ფინალში თამაში ვერ შეძლო და რაგბიდან წასვლა გადაწყვიტა, იმავე წლის დეკემბერში ჯეისონი "ბარბაროსებში" იხმეს სამხრეთ აფრიკასთან სათამაშოდ. მაშინ "თქვიქნემზე" "ბარბაროსებმა" მსოფლიოს თასის ახალ მფლობელ "ბოკეს" 22:5 მოუგეს. ეს იყო ჯეისონ რობინსონის ბოლო მატჩი პროფესიულ დონეზე.

სონი ბილ ვილიამსი (ახალი ზელანდია)

ის რაგბი ლიგიდან რაგბიში 2008 წელს გადაბარგდა. ამას დიდი ხმაური და აურ-ზაური მოჰყვა. სონი ბილიმ რაგბი ლიგის გუნდ "ქენთერბერი ბულდოგზთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ევროპაში, მულტიმილიონერი მურეად ბურჯელალის "ტულონთან" გააფორმა კონტრაქტი. ვილიამსმა ექვს თვეში 300 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა. ერთი წლის თავზე ის "ბარბაროსებში" იხმეს ავსტრალიის ნაკრებთან სათამაშოდ.

სონი ბილ ვილიამსის დებიუტი კატასტროფული გამოდგა. "ბარბაროსები" 7:55 დამარცხდნენ. ასეთი წარუმატებლობის მიუხედავად, ის სამშობლოში დაბრუნდა 2010 წელს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" ღირსებას იცავდა. მანვე საკმაოდ დიდი როლი ითამაშა "ოლ ბლექსის" მიერ 2011 წლის მსოფლიოს თასის მოპოვებაში.

აღსანიშნავია, რომ სონი ბილ ვილიამსი პროფესიონალი მოკრივის საქმიანობასაც ეწევა. მან აქამდე სამი ბრძოლა გამართა და სამივე მოიგო.

სკოტ გიბსი (უელსი)
უელსელმა შუამარბმა "ბარბაროსების" შემადგენლობაში სამჯერ ითამაშა. სკოტი პირველად შავთეთრი მაისურით 1992 წელს გამოჩნდა, როცა ლონდონში "ბარბაროსებმა" ავსტრალიის ნაკრებს 30:20 მოუგო. ორი წლის შემდეგ სკოტ გიბსმა კარდიფში, "მილენიუმზე" ახალი ზელანდიის ნაკრებთან ითამაშა. მაშინ ბარბაროსებმა 25:12 მოიგეს.

ყველაზე დრამატული და სანახაობრივად ულამაზესი, მისი "ბარბაროსებში" მესამედ გამოჩენა გამოდგა. 2000 წელს გიბსმა და კომპანიამ შოტლანდიის ნაკრები 45:42 დაამარცხა. ქომაგმა ჯამში 12 ლელო და ზინზან ბრუკის, ნეილ ჯენკინსის, ლოურენს დალალიოსა და თავად გიბსის შესანიშნავი თამაში იხილა.

მანამდე კი, სამი წლით ადრე, სკოტი "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკას ეწვია და გიბსი ტურნეს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

უენდელ სეილორი (ავსტრალია)
ის რაგბი ლიგის "ბრისბენ ბრონქსიდან" ქვიზლენდის "რედსში" 2002 წელს გადაბარგდა და 189 მატჩში 110 ლელო გაიტანა. სეილორი რაგბიში მეთ როჯერსთან და ლოტე ტუქირისთან ერთად მივიდა და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალშიც ითამაშა. უენდელ სეილორი ავსტრალიის ნაკრების შემადგენობაში 2006 წლამდე ირჯებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასასრული ჰქონდა, 2005 წელს ის "ბარბაროსების" შემადგენლობაში ინგლისის ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ მიიწვიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული