ინგლისმა მწვრთნელთა სამეული დაასახელა

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ექვსი ერის გათამაშებაზე დროებით ინგლისის A ნაკრების თავკაცი, სტიუარტ ლანკასტერი უხელმძღვანელებს. მას ასისტენტობას გაუწევს შერკინების მწვრთნელი გრემ რაუნტრი და უკანახაზელთა დამრიგებელი ენდი ფარელი.

აღსანიშნავია, რომ ლანკასტერი საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა ინგლისის A ნაკრებში. რაუნტრი კი ერთადერთია ამ სამეულიდან, რომელიც ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის მარტინ ჯონსონის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. რაც შეეხება ფარელს ის ინგლისის ჩემპიონის "სარასენზის" მთავარი მწვრთნელია და ორ ფრონტზე, კლუბსა და ნაკრებში მოუწევს ბრძოლა.

თუმცა ეს ყოველივე, მხოლო მარტის
ბოლომდე გაგრძელდება. ექვსი ერის გათამაშების შემდეგ, ზაფხულის ტესტების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ინგლისის რაგბის კავშირი "პომებს" ახალ, ნამდვილ მწვრთნელს დაუნიშნავს.

"ჩვენ სამივენი მოხარულნი ვართ, რომ ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის საშუალება გვეძლევა. ენდრიუ ფარელმა შესანიშნავად იმუშავა "სარასენზში", გრემ რაუნტრი კი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ნაკრების მოთამაშეებში. დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ ერთად ნაყოფიერად ვიმუშაოთ.

მსოფლიოს თასის გათამაშებაში ნაკრების გამოსვლამ ყველა გაგვაწბილა, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ წლეულს "პომებმა" 13 თამაშიდან 10 მოიგეს და ექვსი ერის გათამაშებაში პირველობა არავის დაუთმეს. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი ჯგუფი მორაგბეებისა, რათა წინ ვიაროთ და საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ" - თქვა სტიუარტ ნაკასტერმა.

ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტივენ ბრაუნმა ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა:

"სტიუარტ ლანკასტერი გამოცდილი მწვრთნელია, მან საკმაოდ კარგად იმუშავა ინგლისის A ნაკრებში. მის ხელში ბევრმა შესანიშნავმა მოთამაშემ გაიარა. მას დიდად დაეხმარება გრემ რაუნტრი, რომელიც დიდი ხანია ეროვნული გუნდის ერთ-ერთი დამრიგებელია და მოთამაშეებს კარგად იცნობს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "სარასენზის" მწვრთნელს ენდი ფარელს, რომელიც ნაკრებში დროებით სამსახურს დაგვთანხმდა. მიგვაჩნია, რომ მწვრთნელთა ეს ჯგუფი ინგლისის ნაკრების ამ გარდამავალ ეტაპზე წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას".

შეგახსენებთ, რომ ექვსი ერის გათამაშების პირველ შეხვედრას "პომები" სტუმრად გამართავენ "მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული