ჯონი ვილკინსონი: წასვლაზე ორი წელიწადი ვფიქრობდი

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ, ინგლისის ნაკრების მგეზავმა, ჯონი ვილკინსონმა რამდენიმე დღის წინ სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება გააკეთა.

ცხადია, ბვერისთვის მოულოდნელი იყო "ვილკოს" ეს განცხადება, რომელიც ჯერ კიდევ შესაშურ ფორმაშია და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "ტულონში" ასპარეზობს". ყველას აინტერესებდა, რა არგუმენტით გაამყარებდა ის ამ გადაწყვეტილებას.

სავარაუდოდ, ვილკინსონის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ინგლისის რაგბის კავშირის მიერ მიღებულმა კანონმა დააჩქარა.

ახალი წესის მიხედვით, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თამაში მხოლოდ ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებს შეუძლიათ. ერთი სიტყვით, "პომებში" ლეგიონერებს კარი
მიუხურეს. ვილკონსონმა კი, რომელმაც ეროვნულ გუნდში 91 კეპი მოიხვეჭა, სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ გაახანგრძლივა სამი წლით კონტრაქტი "ტულონთან".

ამასთან ერთად, გაირკვა, რომ ჯონი ნაკრებიდან წასვლაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში გამუდმებით ფიქრობდა.

"ჩემი მომავლის შესახებ ძალიან დიდხანს და ბევრს ვფიქრობდი. იყო პერიოდი, როცა ავსტრალიური ტურნე წარუმატებლად მოვიარეთ, ვიფიქრე, მორჩა, უნდა დავამთავრო. ახლა, ვფიქრობ, რომ მაშინ სწორად მოვიქცეოდი.

მაგრამ მას შემდეგ, რაც "ტულონს" ვუბრუნდებოდი და ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა, სულ მეგონა, რომ ნაკრების მომდევნო თამაშში ყველაფერი კარგად, საუცხოოდ იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ინგლისის ნაკრები, როგორც ერთიანი მონოლითი, ერთიანი გუნდი არ შედგა. არ მინდა, ამაში ვინმე დავადანაშაულო. ყველა ცდილობდა, ისე ემოქმედა, რაც წარმატებას მოგვიტანდა, მაგრამ არ გამოვიდა. ცხადია, ჩემს გადაწყვეტილებაზე ახალ ზელანდიაში განცდილმა მარცხმაც დიდი გავლენა იქონია. შემიძლია მოვიტყუო, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ამას რა აზრი აქვს. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ნაკრებიდან ასე, "უსახელოდ" მომიწია წასვლა. ყველაფერს ვაკეთებდი, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რათა ეროვნულ გუნდთან ერთად უმაღლესი მწვერვალები დაგვეპყრო.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამიერიდან ინგლისის ნაკრებში ჯონი ვილკინსონი აღარ იქნება" - თქვა "ვილკომ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული