გრემ ჰენრის რაინდის წოდება მიანიჭეს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გრემ ჰენრის რაინდის წოდება მიანიჭეს.

65 წლის სპეციალისტი ამ აღიარების ღირსად მას შემდეგ სცნეს, რაც წლეულს ახალი ზელანდიის ნაკრებს მსოფლიოს თასი მოაგებინა.

გრემ ჰენრის მანამადე "ოქლენდის", უელსის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" მწვრთნელად უმუშავია. მის კარიერაში 140 სანაკრებო მატჩია.

ჰენრი "ოლ ბლექსის" მწვრთნელად 2003 წელს დაინიშნა. 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე განცდილი ფიასკოს მიუხედავად, მას მაინც ენდნენ და ჰენრიმაც გაამართლა. 24 წლის შემდეგ "ოლ ბლექსი" ისევ დაეუფლა "ვებ ელისის" თასს. ის პროფესიით პედაგოგია და
სკოლის მასწავლებლად საკმაოდ დიდხანს მუშაობდა. რაინდის წოდების შესაძლო მინიჭების თაობაზე მას რამდენიმე კვირის წინ აცნობეს. ოჯახის წევრებთან მოთათბირების შემდეგ, მან ეს შეთავაზება მიიღო.

"გულახდილად გეტყვით, რომ გაოგნებული ვარ. ეს ყველაფერი რატომღაც გაიძულებს თავი არაკომფორტულად იგრძნო. ალბათ იმიტომ, რომ რაგბი გუნდური თამაშია, აქ წარმატება ერთი ადამიანის ძალსიხმევით არ მიიღწევა.

ახალი ზელანდიის ნაკრების გამარჯვებაში წვლილი ბევრს მიუძღვის, ესენია: ნაკრების მწვრთნელები სტივ ჰანსენი, უეინ სმიტი. კაპიტანი რიჩი მაქოა, ასვე ჩემი მეუღლე, ჩემი ოჯახი და, რაც მთავარია, დედა." - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა სერ გრემ ჰენრიმ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის კაპიტანმა რიჩი მაქოამ ახლახან უარი თქვა რაინდის წოდების მინიჭებაზე.

"ის ახალგაზრდა კაცია და შეუძლია კიდევ რამდენიმე წელიწადი ითამაშოს. როგორც ჩანს, ის უხერხულად გრძნობს თავს, არ უნდა ჯერ კიდევ მოთამაშეს რაინდის წოდება ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ მისი დროც დადგება" - იმედოვნებს ჰენრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული