ბაკის ბოთა: მე ყაჩაღი არ ვარ

AutoSharing Option
ფრანგული "ტულონის" მეორეხაზელმა ბაკის ბოთამ, რომელმაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაშს თავი ახლახან დაანება, საფრანგეთის რაგბის ჩინოვნიკებს მოუწოდა, მის შესახებ იმსჯელონ გაკეთებული საქმეების მიხედვით და არა, როგორც ვითომდა ჭუჭყიანი რეპუტაციის მოთამაშეზე.

"ბოკეს" ყოფილ მეორეხაზელს "ტულონის" შემადგენლობაში დებიუტი გასულ უქმეებზე ჰქონდა. ტულონელებმა სტუმრად აუტსაიდერ "ბიარიცთან" წააგეს - 6:25. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად აძლევდნენ დისკვალიფიკაციას, ბოთას მიაჩნია, ძალისმიერი თამაშისადმი ლტოლვა სულაც არ ნიშნავს, რომ ის ნაძირალაა.

"მე ყაჩაღი არ ვარ. უბრალოდ, მიყვარს ბრძოლა და მორჩა. რამდენიმე წლის წინათ სამკვირიანი დისკვალფიკაცია მომცეს. სადისციპლინო
კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ მკითხა, გავაკეთებდი თუ არა იგივეს, ჩემს წინაშე ჩემი შვილები რომ მდგარიყვნენ. ეს სასაცილო იყო. ადამანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ ჩემზე. მე ბავშვებს არ ვჭამ.

"ქარის თასის" გათამაშებაში მოწინააღმდეგის მორაგბეები გამუდმებით ცდილობენ ჩემს პროვოცირებას. ყოველი შერკინებისას არბიტრი კრეიგ იუბერი მეუბნებოდა, დამიჯერე ბაკის და არაფერი მოგივათ.

ოთხი წლის წინათ მქონდა შანსი "ტულონთან" ხელშეკრულება გამეფორმებინა. მაგრამ მაშინ არ მოხერხდა. "ბლუ ბულზთან" კონტრაქტი ვერაფრით გავწყვიტე. სასამართლო პროცესიც მქონდა, რომელიც წავაგე.

ამიტომ, ძალიან გამეხარდა, როცა "ტულონის" პრეზიდენტმა მურად ბურჯელალამა ისევ შემომთავაზა საფრანგეთში გადაბარგება. ის სიტყვის კაცია. ევროპაში, სხვა გუნდებიდანაც მქონდა წინადადება, მაგრამ "ტულონი" სწორედ ბურჯელალის გამო ავირჩიე.

ძალიან მინდა მომავალ წელს "ჰეინეკენის თასისთვის" ვიბრძოლოთ. იმედი მაქვს, ამ წარმატებაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ" - თქვა ბაკის ბოთამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული