შეგახსენებთ, რომ 2007 წლის მსოფლიოს თასზე ტრიუმფის შემდეგ "ბოკეს" მთავარი მწვრთნელის ჯეკ ვაითის შემცვლელად სწორედ მეიერი მოიაზრებოდა. მაგრამ ყრილობის გამართვის წინ თავისი კანდიდატურა პიტერ დე ფილიერსმა წამოაყენა. მოგეხსენებათ, რომ ის შავკანიანია და მაშინ პოლიტიკამ საღ გონებაზე გაიმარჯვა. ნაკრების მწვრთნელად დე ფილიერსი დაინიშნა.
ენაჭარტალა და რაგბიში საკმაოდ ცუდად გათვითცნობიერებულმა დე ფილიერსმა "ბოკე" ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ფიასკომდე მიიყვანა.
სამხრეთ
2011 წლის მსოფლიოს თასს "ბოკეს" ელვარება ნამდვილად აკლდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის მძლავრი თამაშის გარეშე, მსოფლიოს თასის გათამაშებამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დატოვა.
ჰეინკე მეიერს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. ვაიტის მიერ აწყობილი, დალაგებული გუნდი დანგრეული, განადგურებულია. მეიერმა, რომლის სახელთანაც პრეტორიის "ბლუ ბულზის" აღზევება არის დაკავშირებული, ყველაფერი თავიდან, ნულიდან, უნდა დაიწყოს.
მისთვის ყველაზე მთავარი ამოცანაა, ეროვნულ გუნდში დააბრუნოს ის მოთამაშეები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უკეთესი მერმისის საძებნელად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მიაშურეს. ის საქმეს პრაგმატულად უდგება.
ჰეინკემ გადაწყვიტა ინგლისში, საფრანგეთსა და იაპონოაში მოთამაშეებს თავად ჩააკითხოს და უკან, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნებაზე დაიყაბულოს.
მეიერის უმთავრესი საზრუნავი ცხრა ნომრის ფური დუ პრის, ფულბეკი ფრანსუა სტეინის და შერკინების ბურჯის ხუთრო სტენკამპის დათანხმებაა, რათა კარიერა "ბოკეში" განაგრძონ.
განსაკუთრებით საინტერესოა მისი მიდგომა დუ პრისთან დაკავშირებით. თუ ტრავმებმა არ შეაწუხა მეიერი მას გუნდის კაპიტნად მოიაზრებს. თუ არა და ამ ფუნქციას გუნდის ლიდერს, მესამეხაზელ სხალკ ბურხერს დააკისრებს.
კიდევ ერთი, ყველაზე დიდი პრობლემა მეიერისთვის ის არის, რომ გუნდის შეკრებას 9 ივნისს ინგლისის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ერთი კვირით ადრე შეძლებს. ეს თამაში დურბანში გაიმართება და მისი ხელმძღვანელობით პირველი იქნება. "პომები" ის გუნდი არ არის ვინმეს იოლად დაეჩაგვრინოს, ამიტომ მეირის მიერ მოკლე დროში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, თვითმკვლელობის ტოლფასია.
რას უნდა ველოდოთ ჰეინკე მეიერისგან? სავარაუდოდ, როგორი სტილით ათამაშებს ის სამხრეთ აფრიკის ნაკრებს? უნდა ვიფიქროთ, რომ მეიერი უწინარესად შეეცდება სამხრეთაფრიკული რაგბის ტრადიციულად ძლიერი მხარეები წამოსწიოს წინ. რაც საკმაოდ მარტივი თამაშის მანერას გულისხმობს, რომელიც ფიზიკური ძალით უპირატესობის მოპოვებაზეა დამყარებული.
"ბლუ ბულზს" ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს გუნდი პრიმიტიული რაგბის მიმდევარი იყო. თუმცა, სწორედ თამაშის ასეთი მანერის წყალობით შეძლეს პრეტორიელებმა ზე რაგბიში ლიდერობის მოპოვება. ცხადია, მეიერი ამ გზას არაფრით გადაუხვევს.
ჰეინკე მეიერის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა იმითაცაა საინტერესო, რომ ზე რაგბის გათამაშებაში მოასპარეზე სამხრეთაფრიკელ მორაგბეებს დამატებითი სტიმული უჩნდებათ, რათა მწვრთნელს თავი მოაწონონ და ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ.
თუმცა აქ ერთი საგულისხმო პრობლემა იჩენს თავს. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს უნდა ზე რაგბის გათამაშებაში "სამხრეთელი მეფეები" ჩართონ. საამისოდ კი საჭირო გახდება მომავალი წლიდან თხუთმეტი გუნდის ნაცვლად ზე რაგბიში თექვსმეტმა გუნდმა ითამაშოს. რაზეც ამ ტურნირის ორგანიზატორები უარს ამბობენ. სამხრეთაფრიკელებისთვის გამოსავალი ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ ამჟამად მოასპარეზე ხუთი კლუბიდან ერთს შეელიონ. ეს კი ქვეყნიდან მოთამაშეების გადინებას გამოიწვევს, რაც ნაკრებს და მთლიანად ამ ქვეყნის რაგბის მხოლოდ აზარალებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"