33 წლის მორაგბემ გასულ უქმეებზე ინგლისის ნაკრებთან მატჩში 67-ე კეპი მოიხვეჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელებთან მარცხი, სწორედ მისი უხეში შეცდომის შედეგია.
"კარდიფ ბლუზის" მგეზავს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მას ნაკრებიდან წასვლა ჯერ კიდევ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის დასრულებისას ჰქონდა გადაწყვეტილი, სადაც ის რუარიდ ჯექსონის დუბლიორი იყო. მაგრამ ცდუნება, ექვსი ერის გახსნის მატჩში ინგლისის ეროვნულ გუნდთან ეთამაშა ძალიან დიდი იყო.
"დიდი ხანია ნაკრებიდან წასვლაზე ვფიქრობდი. მაგრამ ძალიან მინდოდა
მატჩის შემდეგ, თითქმის ყველას ველაპარაკე, ოჯახის წევრებს, ახლო მეგობრებს და გადავწყვიტე, რომ ახლა სწორედ წასვლის დროა. ნაკრებში რამდენიმე ნიჭიერი მორაგბეა - ჯექსონი, გრეგი, დუნკანი. მართალია, გული მწყდება, რომ მივდივარ, მაგრამ შოტლანდიის ნაკრების მაისურით თამაშისას ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მრჩება.
ძალიან კარგად მახსენდება 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება, ორი მოგება ინგლისის ნაკრებთან 2006 და 2008 წლებში, გამარჯვება "მერიფილდზე" სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 2010 წლის ნოემბერში. ამავე წელიწადს გამარჯვებები არგენტინისა და ირლანდიის ნაკრებებთან." - თქვა დენ პარქსმა.
ინგლისელი ენდი რობინსონი შოტლანდიის ნაკრების თავკაცად 2009 წელს დაინიშნა. თავდაპირველად ავსტრალიური წარმოშობის მგეზავი მის სქემას ვერაფრით მოერგო, თუმცა შრომა და გარჯა არ დაუკლია, რათა ეროვნულ გუნდში დაბრუნებულიყო.
"დენ პარქსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ის თავდაპირველად ვერ მოხვდა ჩემი ფორმაციის შოტლანდიის ნაკრებში. მაგრამ თავისი შრომისმოყვარეობით, თავდადებითა და მებრძოლი სულის წყალობით ეროვნულ გუნდში ისევ დაიმკვიდრა ადგილი.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება არასდროსაა იოლი, თუმცა ამჯერად დენი სწორად მოიქცა. მას მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ წვლილისთვის, რაც შოტლანდიური რაგბის განვითარებაში მიუძღვის" - თქვა ენდი რობინსონმა.
შეგახსენებთ, რომ პარქსის გარდა წლეულს შოტლანდიის ნაკრები კიდევ ორმა წამყვანმა მორაგბემ ნათან ჰაინსმა და კრის პატერსონმა დატოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"