ინგლისელი სი ბი ფრაი, რომელიც 138 წლის წინათ დაიბადა, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სპორტსმენი იყო. თავად განსაჯეთ, მან ინგლისის კრიკეტის ნაკრებში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სი ბის ერთხელ ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებშიც უთამაშია - 1901 წელს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. 1892 წელს ფრაიმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა სიგრძეზე ხტომაში, რომელიც 21 წლის განმავლობაში ვერავინ დაამხო. ბოლოს მან თავისი შესაძლებლობები რაგბიშიც მოსინჯა. დიდხანს თამაშობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდში და "ბარბაროსების" შემადგენლობაში თამაშის პატივიც ხვდა წილად.
ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, თვალი გადავავლოთ სიას იმ წარმატებული მორაგბეებისა,
ჯეფ ვილსონი
მას 1992-93 წლებში კრიკეტში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ახალი ზელანდიის ნაკრებში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. თუმცა მისი სარაგბო პოტენციალი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. ჯეფმა საბოლოოდ არჩევანი ოვალური ბურთით თამაშზე შეაჩერა და მსოფლიო რაგბის ლეგენდად იქცა: 1993-2001 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებში 60 კეპი მოიხვეჭა და 44 ლელო გაიტანა. ეს რეკორდი იყო მანამ, სანამ არენაზე დაგ ჰაულიტი არ გამოჩნდა.
ჯეფ ვილსონმა ბრწყინვალე სარაგბო კარიერა 2001 წელს დაასრულა და ისევ კრიკეტს დაუბრუნდა, სადაც 2005 წლამდე თამაშობდა.
ჯი პი არ ვილიამსი
ჯი პი არ ვილიამსმა 1971-1974 წლებში უელსის ნაკრებში 55 კეპი მოიხვეჭა. შვიდჯერ "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ითამაშა სამხრეთელი ბობოლების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ყმაწვილკაცობაში ძალზე პერსპექტიული ჩოგბურთელი იყო: 1996 წელს უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპინოატი მოიგო და ინგლისის მომავალი პირველი ჩოგანი, თვით დევიდ ლოიდი დაამარცხა.
საბოლოოდ ვილიამსმა თავისი ცხოვრების მესამე სიყვარულ- მედიცინა ირჩია. ვერც პროფესიული ჩოგბურთელის და ვერც მაშინ ჯერ კიდევ მოყვარული მორაგბის კარიერის ხიბლმა ორთოპედიის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
"ყველაფერი თავიდან რომ დამაწყებინონ, უპირატესობას, ალბათ, ჩოგბურთს მივანიჭებდი, რადგან დღესდღეობით სპორტის ეს სახეობა რაგბიზე და მედიცინაზე უფრო შემოსავლიანია" - უთქვამს 2008 წელს გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჯი პი არ ვილიამსს
დენ ლაილი
დენ ლაილის გამოჩენა ინგლისური რაგბის კაბადონზე მეხის გავარდნას ჰგავდა. როცა მძიმე ტრავმა მიიღო, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა "ვაშინგტონელ წითელკანიანებში". ტრავმის მოშუშების შემდეგ ფიზიკური კონდიციების აღდგენის მიზნით რაგბით ერთობოდა. დენს იმდენად მოეწონა სპორტის ეს სახეობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვა, მინდა, რაგბი ვითამაშო და ინგლისურ "ბასში" ჩაირიცხა.
ლაილმა გუნდთან ერთად 1998 წელს "ჰეინეკენის თასი" მოიპოვა, რაგბიდან 2003 წლის მსოფლიო თასის დასრულებისთანავე წავიდა. დენმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში 45 კეპი მოიხვეჭა.
ტაპი ოუენ-სმიტი
მას 1929 წელს კრიკეტში კარიერის პიკი ჰქონდა. ოღონდ, დაბადებით ინგლისელი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ირჯებოდა. ოუენ-სმიტი იმავე წელს სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი გახდა მსუბუქი წონის მოკრივეთა შორის.
ამ უნიჭიერესმა ადამიანმა რაგბის თამაში 1930 წლიდან დაიწყო, როცა ინგლისში დაბრუნებულმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მედიცინის შესწავლა დაიწყო. ტაპი ისე გაიტაცა ოვალური ბურთით თამაშმა, რომ ოთხ წელიწადში ინგლისის ნაკრებში დებუტი ჰქონდა კარდიფში, უელსის ნაკრებთან მატჩში.
ტაპი ოუენ-სმიტმა "პომების" შემადგენლობაში 10 კეპი მოიხვეჭა 1937 წელს, როცა ინგლისელებმა დიდი სლემი მოიგეს, მაშინ ის გუნდის კაპიტანი იყო.
ერიკ თინდლი
ის ერთ-ერთი უხუცესი მოკრიკეტეთაგანია, ვინაც რაგბიში დიდებული კარიერა გალია. ერიკი უნივერსალური მორაგბე იყო, მას ერთნაირად შეეძლო გუნდის მგეზავობა და ცხრა ნომრის პოზიციზე თამაშიც.
1935-36 წლებში ერიკ თინდლი "ოლ ბლექსს" ჩრდილოურ ტურნეში ახლდა და საკმაოდ წარმატებითაც იასპარეზა, თუ არ ჩავთვლით ინგლისის ნაკრებთან შეხვედრას, რომელშიც ახალი ზელანდიის ნაკრები მშრალად 0:13 დამარცხდა. იმ მატჩში თინდლიმ ვერაფერი გააწყო ინგლისური რაგბის ამომავალი ვარსკვლავის, რუსი პრინცის ალექს ობოლონსკის წინააღმდეგ. ის თამაში თინდლისთვის "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში ბოლო გამოდგა. 1937 წელს ერიკი ახალი ზელანდიის მოკრიკეტეთა ნაკრებში აიყვანეს.
ნიკ მალეტი
ის ამჟამდ იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ნიკი ახალგაზრდობაში საკმაო წარმატებით თამაშობდა კრიკეტს. 1984 წელს კი "სპრინბოკის" შემადგენლობაში ორი კეპი მიიღო. უფრო მოგვიანებით მალეტმა საკუთარი შესაძლებლობები ბოულინგშიც მოსინჯა და იქაც წარმატებით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ისტორიები ქართველ მორაგბეთა კარიერაში გვხვდება. მაგალითად, ქართული რაგბის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ყველასთვის კარგად ცნობილი ლევან (ლეონსიო) ცაბაძე სანამ რაგბის თამაშს დაიწყებდა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობით იყო გატაცებული და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო. უფრო ადრინდელი თაობის წარმომადგენელი ვლადიმერ პეტუხოვი ჭადრაკში სპორტის ოსტატი გახლდათ. საქართველოს ახლანდელი ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მეორეხაზელი ილია ზედგინიძე წყალბურთის ნაკრების მეკარე იყო და იმ პერიოდში, როცა თბილისში წყალიც და დენიც სადღაც გაქრა, რაგბიში გადაბარგებამ მოუწია.