ახალზელანდიელი მაორების ტურნე დიდ ბრიტანეთში

AutoSharing Option
ახალზელანდიელი მაორები ნოემბრის ტესტებისას ევროპაში ტურნეს მოაწყობენ. მათ მასპინძლობას გაუწევს "ლესტერ ტაიგერსი" და ინგლისის კლუბების ნაკრები. ამის შემდეგ კი ოქსფორდში კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ახალზელანდიელი მაორების ნაკრების სტუმრობა ბრიტანეთის კუნძულებზე ყოველთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო. ამასთან ერთად, ამ ნაკრების არსებობა ახალი ზელანდიის რაგბიში მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილება, რაც იქაურ მაორებს ეროვნულ გუნდში ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.

"მაორების ნაკრები ახალი ზელანდიის რაგბის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ეს ტურნე ევროპაში ჩვენი რაგბის კავშირის განვითარების პროგრამის ნაწილია და მას დიდი ყურადღებით ვეკიდებით.

ამასთან ერთად, ტურნე არის იმ
პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც IRB ახორციელებს მეორე დონის სარაგბო ქვეყნებთან დაკავშირებით.

ამ ქვეყნებს, პროგრამის მიხედვით, ბობოლა სარაგბო ქვეყნების გუნდებთან თამაშის საშუალება ეძლევათ. ეს პროგრამა მოგვიანებით სრულად გამოქვეყნდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მის განხორციელებაში მონაწილეობას მივიღებთ.

ჩვენი მეტოქე მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან ამჯერად კანადის ნაკრები იქნება, რომელმაც 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზა და ამჟამადაც პროგრესს განიცდის. როგორი საქმეა, მათმა თამაშმა საფრანგეთის ნაკრებთან ტრიბუნებზე 39 ათასი მაყურებელი შეკრიბა.

ეს მცირე რიცხვი არ არის" - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.

ახალზელანდიელი მაორების ბრიტანეთში სტუმრობას IRB-ის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასეც გამოეხმაურა:

"ეს მოვლენა მართლაც ღირსშესანიშნავია, იმის გათვალისწინებით, რომ IRB რაგბის გლობალური განვითარებისთვის იბრძვის.

ასეთი შეხვედრები მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს განვითარების საშუალებას აძლევს და მათ კონკურენტუნარიანობას ზრდის. ეს კი მსოფლიოს რაგბისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია.

მადლობა მინდა გადავუხადო ინგლისისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირებს ჩვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის.

ნოემბრის ტესტებისას ბრიტანეთში დიდი სარაგბო გუნდების უპრეცედენტო რაოდენობა მოიყრის თავს, რაც ქომაგებს მომავალი 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ბატალიების განცდას შეუქმნის, სადაც პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი ერთმანეთს "ვებ ელისის თასს" შეეცილება" - თქვა მან.

ცხადია, სარგებელი მაორების სტუმრობით მარტო კანადის ნაკრებს როდი აქვს. ის ინგლისური საკლუბო რაგბის განვითარებას უწყობს ხელს. აი, რა თქვა ამის თაობაზე "ლესტერ ტაიგერზის" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილიმ:

"ჩვენი სტადიონი "ვილფორდ როუდი" ყოველთვის მზადაა, დიდ სარაგბო გუნდებს უმასპინძლოს. ბოლო წლებში ჩვენ მოგვიწია სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიისა და არგენტინის ნაკრებებთან თამაში. ამჯერად კი მოუთმენლად ველით ახალი ზელანდიის მაორების ნაკრების სტუმრობას".

ტესტები
10 ნოემბერი
ლესტერი-მაორები

17 ნოემბერი
ინგლისი XV-მაორები

24 ნოემბერი
კანადა-მაორები

სონი ბილ ვილიამსი იაპონიაში ჩავიდა
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი სონი ბილ ვილიამსი იაპონიაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან იაპონიის ჩემპიონატის ათ შეხვედრაში უნდა იასპარეზოს.

27 წლის სონი ბილმა "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში ბოლოს გასულ უქმეებზე ითამაშა ოქლენდში, სადაც ოთხი ერის მეორე ტურის მატჩში მასპინძლებმა ავსტრალიის ეროვნულ გუნდს მშრალი ანგარიშით, 22:0 მოუგეს.

ეს კი იაპონელებთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა, რომლებმაც ახალზელანდიელს ნება დართეს, კლუბში ორი კვირის დაგვიანებით გამოცხადებულიყო.

"მინდა ახლოს გავეცნო იაპონურ კულტურას, ჩავწვდე მის არსს და გავერკვიო სიბრძნეში. გარკვეული დრო დამჭირდება, რათა ენობრივი ბარიერი გადავლახო. მერე კი, რა ვიცი, იქნებ ისევ დავბრუნდე ახალზელანდიურ რაგბიში.

იქ მიღწეულმა წარმატებებმა ბედნიერი გამხადეს. ურთიერთობა კეთილგანწყობილი გვაქვს, ბევრთან დავმეგობრდი. ვნახოთ, რა იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - თქვა სონი ბილ ვილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ სონი ბილ ვილიამსი ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად შარშან მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა, წლეულს კი ოქლენდის "ბლუზის" შემადგენლობაში ზე რაგბის გათამაშება მოიგო.

იაპონიაში კონტრაქტის დასრულების შემდეგ ის რაგბი ლიგაში, სავარაუდოდ, ავსტრალიაში, სიდნეურ კლუბში დაბრუნებას აპირებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული