აქ ელიტარულ, პირველ დივიზიონში ბევრი ქართველი მორაგბე თამაშობს. ეს დივიზიონი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია და გასაკვირი არ არის, რომ დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან საუკეთესო მორაგბეებს, ვარსკვლავებს იზიდავს.
წლევანდელი სატრანსფერო სეზონი გამორჩეული იყო. "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტს მურად ბურჯელალს სხვებიც აჰყვნენ და წლეულს საფრანგეთის ჩემპიონატში გაცილებით მეტი ვარსკვლავი ითამაშებს, ვიდრე აქამდე ირჯებოდა. მათ შორის რამდენიმეს გამოვარჩევთ.
ქვეყნის ჩემპიონმა "კასტრმა", სადაც საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი თამაშობს, შოტლანდიის ნაკრების მეორეხაზელი რიჩი გრეი მიიწვია.
ამ 23 წლის
ოქროსფერკულულებიანმა "გოლიათმა" "კასტრში" ჯო ტეკორი შეცვალა, რომელიც "ტულუზმა" გადაიბირა.
"კასტრის შესახებ ჩემმა თანამემამულე მაქს ევანსმა მიამბო. რომ არა მისი მონათხრობი, სავარაუდოდ, კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი.
მაქსი ემოციებს ვერ ფარავდა, მითხრა, რომ კასტრი პატარა ქალაქია, რომელიც რაგბით ცხოვრობს და მისი ქომაგები საფრანგეთში გამორჩეულები არიან. ევანსმა მირჩია, თანხმობა მეთქვა კასტრელებისთვის. დიდხანს აღარ მიფიქრია. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ ფრანგული კულტურისა და ენის შესწავლას" - თქვა რიჩი გრეიმ.
კიდევ უფრო სარფიანი კონტრაქტები გააფორმა პარიზულმა "მეტრო რასინგმა", სადაც წლეულს საქართველოს ნაკრების შერკინების კიდევ ერთი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი ჩაირიცხა.
პარიზელებმა უელსის ნაკრების ორი წამყვანი მორაგბე - დენი ლიდიატი და ჯიმი რობერტსი ჩაიგდეს ხელში.
"წითელი ურჩხულების" ფლანკერი დაცვაში შეუდარებელია და რაკში უბადლო მღლეტავია. ახლა მას ერთი პრობლემა აქვს, ფრანგული ენა არ იცის.
"ვცდილობ, ფრანგული ენა ვისწავლო, მაგრამ კარგი იქნებოდა, თავდაპირველად მშობლიურ ენაზე ლაპარაკის საშუალება თუ მომეცემა" - "წუწუნებდა" ლიდიატი. "მეტრო რასინგის" ხელმძღვანელებმა ოცნება მალევე აუსრულეს და უელსის ნაკრების შუამარბ ჯიმი რობერტსთან გააფორმეს ხელშეკრულება.
26 წლის მორაგბე ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან შუამარბად ითვლება და, წესით, პარიზელებს დიდი სარგებლობა უნდა მოუტანოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"