მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შაბათს, კილმარნოკში, "რაგბი პარკზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს გამართავს. მასპინძლები მომავალ შეხვედრას მთელი სერიოზულობით ეკიდებიან და მძიმე, დაძაბული ბრძოლისთვის ემზადებიან. ამას მოწმობს კიდევ ერთი პუბლიკაცია, რომელიც შოტლანდიურ პრესაში, www.scotsman.com-ში გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

"ვინც ფიქრობს, რომ შაბათს საქართველოსთან მატჩში შოტლანდია კომფორტულად დაასრულებს ნოემბრის ტესტებს, ძალიან ცდება" - ეს სიტყვები შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, რიჩი გრეის ეკუთვნის, რომელსაც წარსულში საქართველოს ნაკრებთან უმუშავია და ამ გუნდის პროგრესით აღფრთოვანებულია.

"მათთან სამი-ოთხი დღე ვიმუშავე, იქამდე, სანამ 2011
წლის მსოფლიოს თასზე ითამაშებდნენ. მაშინ საქართველოს ნაკრების თავკაცი რიჩი დიქსონი იყო. ამ გუნდში მაღალი დონის მორაგბეები თამაშობენ. მათი უმრავლესობა ფრანგულ კლუბებში წამყვანი ფიგურაა. ნახეთ შედეგები, რაც მათ მსოფლიოს თასზე აჩვენეს, ნახეთ, როგორ თამაშობენ ტესტებზე ბოლო 12 თვის განმავლობაში. მათთან ასპარეზობა ისეთივე რთული იქნება, როგორიც ნებისმიერი ტესტ-მატჩი" - თქვა რიჩი გრეიმ.

საქართველოს ნაკრებმა 12 ნოემბერს შინ წააგო იაპონიასთან - 22:28, მაგრამ ეს მათი ერთადერთი მარცხია მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თასზე ნამიბიას მოუგეს. გასულ უქმეებზე კი, სამოას საკმაოდ ძლიერი ნაკრები დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ხომ ნახეთ, რა დღე აყარეს სამოას. ამიტომ არანაკლებ რთული მატჩი გველის, ვიდრე ეს ავსტრალიასთან და არგენტინასთან გვქონდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სახიფათო მეტოქე გვყავს და თამაშისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ", - დასძინა გრეიმ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მეექვსედ მოიგო. ამის შემდეგ კი, ივნისის ტესტებზე დაუმარცხებლად მოიარა ოკეანეთი - დაამარცხა ფიჯი და ტონგა, ფრეს დასჯერდა სამოასთან. ქართველები შოტლანდიაში ევროპული რაგბის ვარსკვლავთან, "ტულონის" ერთ-ერთ ლიდერთან, მამუკა გორგოძესთან ერთად ჩამოდიან, რომელიც ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ისინი ეცდებიან, დაამტკიცონ, რომ ექვს ერში თამაშს იმსახურებენ.

ამაზე წელიწადზე მეტია ლაპარაკობენ. ქართველები მონდომებულები არიან და უნდათ დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან, "სუფრას მიუსხდნენ".

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. ნახეთ მამუკა გორგოძე, ასევე, ისეთი ტიპის მოთამაშეები, როგორიც დავით ქუბრიაშვილია. ისინი იოლად არაფერს დათმობენ. ასე რომ, მომავალ უქმეებზე უმძიმესი ბრძოლა გველის" - დაასკვნა რიჩი გრეიმ.  

თამაში მართლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს. შოტლანდიელთა ერთ-ერთი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ჩვენი გუნდი პროგრესირებს. ცხადია, ეს ასეც არის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალზელანდიელი თავკაცის, ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით, "ნარშავებმაც" დიდი ნაბიჯებით წაიწიეს წინ. ჩვენზე წინ ისინი ისედაც იყვნენ. კოტერმა კი ეს გუნდი ყველა ბობოლასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. და მიუხედავად ამისა, მას მომავალი წლის მაისიდან თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

მიზეზი? შოტლანდიის ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ვერნ კოტერს სასამართლოში უჩივლა. რატომ? ერთ-ერთმა შოტლანდიელმა მორაგბემ, ჯიმი ჰამილტონმა პრესასთან მოჰყვა ინციდენტზე, რომელიც შოტლანდიის ნაკრების ფრანგულ შეკრებაზე მოხდა. კოტერმა მორაგბეებს კურდღლების ვანდალური წესით დახოცვა აიძულა. შოტლანდიის რაგბის კავშირი უარყოფს, რომ ახალზელანდიელთან ხელშეკრულებას ამის გამო არ ვაგრძელებთო, მაგრამ ეს ძნელად დასაჯერებელია. ვერნ კოტერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მას უმიზეზოდ გუნდიდან არავინ გაუშვებს.

ეს ისე, ლირიკული გადახვევა. ახლა კი, ცოტა რამ შოტლანდიური რაგბის ისტორიიდან. ამ ქვეყნის ნაკრების სიმბოლო და მეტსახელი ნაციონალური ყვავილი "ნარშავია". ლეგენდის თანახმად, ეს ეკლიანი ყვავილი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ვიკინგების მუდმივი თავდასხმების დროს. როდესაც ისინი შიშველ ფეხს ამ ყვავილს აბიჯებდნენ, ტკივილისგან იმდენად ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ციხის მცველებს აღვიძებდნენ და თავდამსხმელებს ჩუმად მიპარვის საშუალება ესპობოდათ.

ჯერ კიდევ 1858 წლიდან, შოტლანდიაში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები სკოლებისა და აკადემიის გუნდებს შორის, ხოლო 1871 წლის 27 მარტს, პირველ საერთაშორისო სარაგბო მატჩში შოტლანდიამ ინგლისი 1:0 დაამარცხა.

შოტლანდიის რაგბის კავშირი კი 1873 წელს დაარსდა და 1886 წელს ირლანდიის და უელსის რაგბის კავშირებთან ერთად რაგბის მსოფლიო საბჭოს, დღევანდელი მსოფლიო რაგბის დამაარსებელი გახდა.

"ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ერთხელ, 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს და 6:15 დამარცხდნენ. "ნარშავები" ახლა 80,57 ქულით მსოფლიოს რეიტინგში მე-7 ადგილზე არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნდა დავსაჯოთ ესენი იმისთვის, რომ ვითომ თავს არ გვიყადრებენ და კილმანროკში თუ სადღაც გვეთამშებიან. 10ქულიანი უპირატესობით უნდა მოვუგოთ და იხტუნონ მერე 6ერის ბოსებმა.
ქარ
10:58 24-11-2016
0
კურდღლებს რას ერჩის ზელანდიელი მწვრთნელი ?
tarieli
16:37 23-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული