საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო რაგბი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, სხვადასხვა გუნდთა და ნაკრებთა მწვრთნელები საკუთარი კლუბის შემადგენლობის დაკომპლექტებას გამოცდილი შერკინების კვაჭების მოძებნით იწყებდნენ.

ამ მოვლენებიდან თითქმის ერთმა საუკუნემ განვლო, კვაჭის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა უფრო და უფრო იზრდება რაგბის სამყაროსთვის. ის შერკინების პირველ ხაზში ორ ბურჯს შორის იკავებს ადგილს და მათი შეკავშირება ევალება, სტატიკური მდგომარეობებისას #2 ამჯერადაც მთავარ როლში გვევლინება.

აუტში სწორედ მან უნდა ააგდოს ბურთი, ხოლო შერკინებისას ცხრა ნომრის მიერ შეგორებული ბურთი ფეხის სწრაფი მოძრაობით საკუთარი მარბიელებისაკენ გააგოროს.

ამ
პოზიციის მოთამაშემ გადამწყვეტ მომენტში ერთნაირი წარმატებით შეიძლება მოაგებინოს ან წააგებინოს მატჩი საკუთარ გუნდს და ყოველთვის საკვანძო ფიგურად რჩება. წარმოგიდგენთ შერკინების საუკეთესო კვაჭებს მსოფლიო რაგბის ისტორიიდან.

ბრაიან მური (ინგლისი)
ბრაიან-კრისტოფერ მური ლეგენდარული ინგლისელი მოთამაშე გახლდათ, რომელმაც სარაგბო კარიერის განმავლობაში 64 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და საკუთარი მებრძოლი ხასიათის გამო გულშემატკივრისგან "პიტბული" დაიმსახურა.

მურის კარიერა რაგბის კლუბ "ნოტინგემში" დაიწყო, სადაც მან მალევე გაითქვა სახელი და ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.

1989 წელს იგი "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში მოხვდა და გაემგზავრა სარაგბო ტურნეზე ავსტრალიაში, რომელიც ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1. მალევე ბრაიანი "ჰარლიქვინზის" რიგებში გადადის და ლონდონში სახლდება.

1991 წელს ჯეისონ ლეონარდის, ჯეფ პრობინის და ბრაინ მურის მიერ დაკომპლექტებული პირველი ხაზით ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადის, სადაც მშობლიურ "თვიქნემზე" დრამატულ ბრძოლაში მარცხდება ავსტრალიის ნაკრებთან - 6:12.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო რაგბის ფედერაციამ ბრაიანი წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

1993 წელს იგი მეორედ მოხვდა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში და ამჯერად ახალ ზელანდიაში იასპარეზა ღირსეულად. მურს საკუთარი სახელოვანი კარიერის განმავლობაში სამგზის აქვს შესრულებული დიდი სლემი: 1991, 1992 და 1995 წლებში.

ამჟამად ლეგენდარული მოთამაშე სპორტული ჟურნალისტი და რაგბის კომენტატორია.

ქის ვუდი (ირლანდია)
ქის ვუდი - ირლანდიის ნაკრების ლიდერი და ლეგენდარული შერკინების კვაჭია, თუმცა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იგი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მოთამაშე.

ქისი "სამყურების" მთავარი კოლორიტი და თილისმა გახლდათ. ვუდი ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც ხელით, ასევე ფეხით; დაცვაში ყოველთვის შეუდარებელი გახლდათ, ხოლო შეტევაში, უბრალოდ, განუმეორებელი.

ირლანდიური რაგბის ისტორიაში კვაჭებიდან მას ყველაზე მეტი ლელო აქვს გატანილი სანაკრებო დონეზე - 15 (1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-სთან მატჩში 4 ლელო გაიტანა).

ირლანდიელი კვაჭი, რაღა თქმა უნდა, "ბრიტანელი ლომების" უცვლელი წევრი გახლდათ და ორჯერ, 1997 და 2001 წლებში, მიიღო მონაწილეობა სამხრეთ ნახევარსფეროში გამართულ ტურნეებში.

2001 წელს ქის ვუდი რაგბის საერთაშორისო საბჭომ წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარა.

შონ ფიცპატრიკი (ახალი ზელანდია)
შონ ფიცპატრიკის სახელოვანი სარაგბო კარიერა "ოკლენდში" დაიწყო, სადაც მან მალევე მოიპოვა დიდი სახელი და 1986 წელს საკუთარი პროვინციის გუნდი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.

ახალი ზელანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ გამოპარვია ახალგაზრდა შონის წარმატებები და იგი "ოლ ბლექსში" მიიწვიეს. 1987 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიცპატრიკმა დიდების მწვერვალები დაიპყრო, გახდა რა მსოფლიოს თასის მფლობელი.

1992 წელს ფიცპატრიკი ერთხმად აირჩიეს ახალი ზელანდიის კაპიტნად და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სწორედ იგი მიუძღოდა "ოლ ბლექსს" გამარჯვებებისაკენ. შონს ჯამში 92 სანაკრებო კეპი დაუგროვდა და 12 ლელო გაიტანა.

მის სპორტულ კარიერაში, თავბრუდამხვევ წარმატებებთან ერთად, ბევრი იყო მწარე მარცხიც და მძიმე ტრავმებიც.

1991 და 1995 წლებში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებებში ახალი ზელანდიის ნაკრები ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ხელი მოეცარა.

მიუხედავად იმედგაცრუებებისა, 1996-97 წლებში შონმა საკლუბო დონეზე ზედიზედ ორჯერ "ბლუზთან" ერთად იზეიმა ზე-14-ის ჩემპიონობა, ხოლო ნაკრებთან ერთად სამი ერის გათამაშება მოიგო.

აქვსენტი გიორგაძე
თანამედროვე ქართულ რაგბიში გამოჩენილი შერკინების კვაჭებიდან გამორჩეული აქვსენტი გიორგაძეა, რომელმაც "ბორჯღალოსნების" ძირითად შემადგენლობაში 14 სეზონი გაატარა. ის ქუთაისში 1976 წელს დაიბადა და რაგბის თამაშიც იქვე დაიწყო.

გიორგაძემ საფრანგეთს 2001 წელს მიაშურა და ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ტულონში" ჩაირიცხა.

თუმცა, მანამდე იყო ვარჯიშსა და შრომაში გატარებული უმძიმესი წლები. აქვსენტი, ვინაიდან ფინანსური საშუალება არ ჰქონდა, ამჟამინდელი სპორტის სამინისტროს შენობაში არსებულ ძალოსნობის დარბაზში ცხოვრობდა და იქვე ვარჯიშობდა. დაუღალავმა, თავდადებულმა შრომამ შედეგი მალე გამოიღო.

აქვსენტი გიორგაძემ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა 2003, 2007 და 2011 წლებში და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. მის კარიერაში ოდნავ შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება 2002-05 წლებში იტალიურ როვიგოში თამაში მივიჩნიოთ.

თუმცა ნიჭიერმა მორაგბემ მაინც შეძლო ფრანგულ ელიტაში დაბრუნება და ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ამჟამინდელი ჩემპიონის, "კასტრის" ღირსებას იცავდა.

კარიერის მიწურულს კი აქვსენტი გიორგაძე ფრანგული რაგბის გრანდმა "ტულუზმა" მიიწვია და მის შემადგენლობაში ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

"გლობუსამ", როგორც მას მეგობრები ეძახიან, ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა. ამჟამად აქვსენტი გიორგაძე "ტულუზის" შერკინების კვაჭების მწვრთნელია.

ჯაბა ბრეგვაძე
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე "ტულუზში" შარშან სწორედ აქვსენტი გიორგაძის შემცვლელად მიიწვიეს. ერთი წლით ადრე, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე კი, ჯაბა ძირითადის მოთამაშე იყო, გიორგაძე კი მის დუბლიორად მიიჩნეოდა.

ჯაბა ბრეგვაძე 1987 წელს თბილისში დაიბადა და რაგბის თამაში "ყოჩებში" დაიწყო. მერე საფრანგეთში გადაბარგებამდე ერთი სეზონი "არმიაში" გაატარა. სამწუხაროდ, ტულუზური კარიერა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, დანავსული გამოდგა. ჯაბას თითქმის მუდმივად ტრავმები აწუხებს. იგი ამჯერადაც დაშავებულია და სავარაუდოდ, მკურნალობა კიდევ ერთ თვეს მოუწევს.

მიუხედავად ამისა, მან უკვე მოასწრო ეროვნულ ნაკრებში 19 კეპის მოხვეჭა და ერთი ლელოს გატანა.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯაბა სულმოუქმენლად ველოდებით შენი ტრავმების მოშუშებას წინ დიდი და სასახელო ბრძოლები გელის
ამირანი
11:54 07-03-2015
0
ჯაბა სულმოუქმენლად ველოდებით შენი ტრავმების მოშუშებას წინ დიდი და სასახელო ბრძოლები გელის
ამირანი
12:03 07-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული