სიპრიანის ტულონი სურს-ტულონსაც

AutoSharing Option
ზე რაგბის დებიუტანტ "მელბურნ რებლზის" ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი მზადაა საფრანგეთის სარაგბო ჩამპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოსაპარეზე დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" გააფორმოს მოკლე ვადიანი ხელშეკრულება.

საქმე იმაშია, რომ ტულონელთა კიდევ ერთი ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი სექტემბერ-ოქტომბერში ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე იასპარეზებს. იქიდან დაბრუნებულს კი, ალბათ მინიმუმ ერთი თვე დასვენება დასჭირდება. "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი "ვილკოს" დროებით შემცვლელად სწორედ სიპრიანის მოიაზრებს.

"ვფიქრობ, "ტულონში" გადასვლით შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლევა სათამაშო ფორმა შევინარჩუნო. ზე რაგბის გათამაშება მომავალ წელს თებერვალში იწყება, მე კი მანამდე უთამაშებლად
ვერ გავჩერდები. გამუდმებით საქმეში უნდა ვიყო, უნდა ვითამაშო. ეს რთული დროება ჩემს კარიერაში ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს" - თქვა სიპრიანიმ "ტაიმსთან" საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ სიპრიანი "მელბურნ რებლზის" მწვრთნელმა როდ მაკქუინმა დისციპლინის დარღვევის გამო, ფაქტობრივად, გუნდიდან მოკვეთა. მას ზედიზედ მესამე ტურია ზე რაგბის გათამაშებაში არ უთამაშია. თუმცა, სიპრიანი, როგორც ჩანს, ჭკუას მაინც ვერ სწავლობს. რითაც, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცი მარტინ ჯონსონი მას სამართლიანად მოექცა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული