ზე რაგბი: სამხრეთაფრიკელი ლიდერები ისვენებენ

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-10 ტური A ჯგუფის მესამეადგილოსნის, ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულის ბრისბენის "რედსისა" და B ჯგუფის აუტსაიდერის ოქლენდის "ბლუზის" დაპირისპირებით გაიხნსა.

"წითლებმა" კრიზისში მყოფ მეტოქეს სტუმრად ყველაფერში აჯობეს და 23:11 დაამარცხეს.

ბრისბენელებმა თამაში ძალზედ აქტიურად დაიწყეს და ხუთ წუთში ორი ლელოს გატანა მოახერხეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს - 12:0. მასპინძლები ნელ-ნელა გონს მოეგნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირება იყო - 8:15.

მეორე ნახევარში "რედსმა" მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვა და კარგა დაწყებული საქმე
ბოლომდე, გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამავე ჯგუფის მეორეადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" შინ უმასპინძლებს ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს". "ჯვაროსნებმა" წლევანდელი სეზონი დენ კარტერისა და რიჩი მაქოას არყოფნაში წარუმატებლად დაიწყო. ქრაისთჩერჩელებმა სამ მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს.

მერე კარტერი დაბრუნდა და შუამარბის პოზიცია დაიკავა. გუნდმაც თამაში საგრძნობლად გამოასწორა. დენი, ამჯერდაც, "ვორათაზთან" მატჩში შუამარბი იქნება.

გუნდს დაუბრუნდა ასევე ახალზელანდიური რაგბის ჯერ კიდევ მოქმედი ლეგენდა რიჩი მაქოა, რომელმაც ბოლოს, შარშან ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალში იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში იგი დაშავებული ფეხით თამაშობდა და ტკივილს გმირულად იტანდა. მას შემდეგ მაქოა მკურნალობის კურსს გადიოდა და ახლა უკვე დასაბრუნებლად მზად არის.

A ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი პერთის "ფორსი" შინ დაუპირისპირდება C ჯგუფის მესამეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს", რომელიც წელს, შარშანდელთან შედარებით ბევრად უარესად ასპარეზობს. "ზვიგენებმა" განვლილ ტურში შინ წააგეს ტურნირის ფავორით ჰემილთონის "ჩიფსთან" და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას შეეცდება.

A ჯგუფი
ფორსი-ნატალ შარქსი, ვორათაზი-კრუსეიდერზი

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 26 ქულა, 2. ვორათაზი - 25, 3. რედსი - 25, 4. ფორსი - 17, 5. მელბურნ რებლზი - 14.

* * *
საინტერესო შეხვედრა გაიმართება B ჯგუფში. ლიდერი ჰემილთონის "ჩიფსი" საკუთარ მოედანზე მეოთხეადგილოსან ველინგტონის "ჰარიკენზს" დაუპირისპირდება.

სტუმართა გუნდს მიუხედავად იმისა, რომ 25 ქულა აქვს პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. თუმცა ჰემილთონელები წლეულს ისე კარგად ირჯებიან, რომ ძნელი სავარაუდოა, შინ ვინმეს იოლად რამე დაუთმონ.

B ჯგუფი
ბლუზი-რედსი 11:23, ჩიფსი-ჰარიკენზი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 35 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 30, 3. კრუსეიდერზი - 28, 4. ჰარიკენზი - 25, 5. ბლუზი - 12.

* * *
C ჯგუფის ლიდერები პრეტორიის "ბლუ ბულზი" და კეიპთაუნის "სტორმერზი" ამ ტურში ისვენებენ. ასპარეზზე ახლა ამ ჯგუფის აუტსაიდერები გამოვლენ.

იოჰანესბურგის "ლაიონზი", რომელიც 10 ქულით ბოლო ადგილზეა, A ჯგუფის ლიდერს კანბერას "ბრამბიზს" უმასპინძლებს.

კანბერელებს 26 ქულა აქვთ, თუმცა საერთო ჩათვლაში პლეი ოფში მოსახვედრად ეს საკმარისი არ არის. ამდენად, ავსტრალიურმა გუნდმა, თუ რამეზე აქვს პრეტენზია, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს.

ბლუმფონტეინის "ჩიტაზი", რომელიც C ჯგუფში 21 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, B ჯგუფის ფავორიტს, მეორეადგილოსან დანიდინის "ჰაილენდერზს" უმასპინძლებს. ჩიტაზელებს, გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ სატურნირო ცხრილში "ნატალ შარქსს" გაუსწრონ.

არადა, "ჰაილენდერზი" მიუხედავად იმისა, რომ კლუბს და მთლიანად ოტაგოს რეგიონის ფედერაციას ფინანსური პრობლემები აქვს, წელს შესანიშნავად ასპარეზობს და დიდი შანსია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრეს ფავორიტად მოგვევლინოს.

C ჯგუფი
ლაიონზი-ბრამბიზი, ჩიტაზი-ჰაილენდერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუ ბულზი - 33 ქულა, 2. სტორმერზი - 33, 3. ნატალ შარქსი - 23, 4. ჩიტაზი - 21, 5. ლაიონზი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული