ლოგიკური ტური - მომგებმა მოიგო

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-10 ტური A ჯგუფის მესამეადგილოსნის, ბრისბენის "რედსისა" და B ჯგუფის აუტსაიდერის, ოქლენდის "ბლუზის" დაპირისპირებით გაიხსნა. "წითლებმა" კრიზისში მყოფი მეტოქე სტუმრად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და 23:11 მოუგო.

ბრისბენელებმა თამაში ძალზედ აქტიურად დაიწყეს და ხუთ წუთში ორი ლელოს გატანა მოახერხეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს - 12:0. მასპინძლები ნელ-ნელა გონს მოეგნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშში სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება იყო - 8:15.

მეორე ნახევარში "რედსმა" მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვა და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე, გამარჯვებამდე
მიიყვანა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი სიდნეიში გაიმართა, სადაც A ჯგუფის მეორეადგილოსანი "ვორათაზი" ზე რაგბის მრავალგზის ჩემპიონს, ქრაისთჩერჩის "კრისეიდერზს" დაუპირისპირდა. "ჯვაროსნებმა", რომელთა რიგებსაც ლიდერი და კაპიტანი რიჩი მაქოა დაუბრუნდა, დაძაბულ ბრძოლაში 37:33 მოიგო.

თამაშის პირველი ნახევარი, ისევე, როგორც დასკვნითი ათი წუთი, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. სტუმრებმა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მეორე ტაიმის შუაწელში შეძლეს. 68-ე წუთისთვის ისინი თერთმეტი ქულის სხვაობით 37:26 იგებდნენ.

მატჩის მიწურულს სიდნეელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, თუმცა მხოლოდ ანგარიშის ოთხ ქულამდე შემცირებაღა მოახერხეს - 33:37. "ჯვაროსნების" შუამარბმა რობერტ ფრანმა ორი ლელო გაიტანა. კვლავ ფეხჩუბინობით გამოირჩა მგეზავი ტომ ტეილორი, რომელმაც ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაიტანა (17 ქულა).

ამავე ჯგუფის აუტსაიდერი, პერთის "ფორსი" შინ დაუპირისპირდა C ჯგუფის ლიდერსა და გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს კეიპთაუნის "სტორმერზს". სამხრეთაფრიკულმა გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე იოლად დაამარცხა - 17:3.

A ჯგუფი
ფორსი-სტორმერზი 3:17, ვორათაზი-კრუსეიდერზი 33:37
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 31 ქულა, 2. ვორათაზი - 26, 3. რედსი - 25, 4. მელბურნ რებლზი - 18, 5. ფორსი - 17.

XI ტური
მელბურნ რებლზი-ბლუ ბულზი, ბრამბიზი-ვორათაზი

B ჯგუფის ლიდერმა ჰემილთონის "ჩიფსმა" შინ ველინგტონის "ჰარიკენზს" უმასპინძლა და 33:14 მოუგო. მასპინძლები, რომლებიც წლეულს უჩვეულოდ კარგად ასპარეზობენ, უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს.

საკმაოდ კარგად გაისარჯა ჰემილთონელთა მგეზავი აარონ კრადენი, რომელმაც გუნდს 18 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და სამი გარდასახვა).

როგორც ჩანს, "ჩიფსი" ლიდერობას მორიგი, მე-11 ტურის შემდეგაც შეინარჩუნებს, ვინაიდან შინ ეთამაშება C ჯგუფის აუტსაიდერს, იოჰანესბურგის "ლაიონზს".

B ჯგუფი
ბლუზი-რედსი 11:23, ჩიფსი-ჰარიკენზი 33:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 39 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 34, 3. კრუსეიდერზი - 33, 4. ჰარიკენზი - 25, 5. ბლუზი - 12.

XI ტური
ჰარიკენზი-ბლუზი, ჩიფსი-ლაიონზი, კრუსეიდერზი-რედსი.

იოჰანესბურგელები მე-10 ტურში შინ დაუპირისპირდნენ A ჯგუფის ლიდერს, კანბერას "ბრამბიზს" და 20:34 დამარცხდნენ. სტუმრები მთელი სიმძლავრით მხოლოდ მატჩის 56-ე წუთამდე გაისარჯნენ. ამ დროის განმავლობაში მათ ხუთი ლელოს გატანა მოასწრეს და 34:6 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ ბრამბიზელებს მონაგარისთვის აღარაფერი დაუმატებიათ. მასპინძლებმა კი ორი ლელო მიითვალეს, თუმცა მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუმართაგან ფიჯელი გარემარბი ჰენრი სპეისი გამოირჩა, რომელმაც ორი ლელო მიითვალა.

საკმაოდ გაუჭირდა ამავე ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერის, ბლუმფონტეინის "ჩიტაზის" სტუმრად ძლევა B ჯგუფის მეორეადგილოსან დანიდინის "ჰაილენდერზს" - 36:33.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 48-ე წუთისთვის 21 ქულის სხვაობით იგებდნენ - 30:9. დანიდინელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს. მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში მათ მასპინძლებს სამი ლელო გაუტანეს და გამარჯვება ხელიდან გამოჰგლიჯეს. სამიდან ორი ლელო შეცვლაზე შესული ცხრა ნომრის, ჯიმი ქოუანის ანგარიშზეა.

C ჯგუფი
ლაიონზი-ბრამბიზი 20:34, ჩიტაზი-ჰაილენდერზი 33:36.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 37 ქულა, 2. სტორმერზი - 37, 3. ნატალ შარქსი - 27, 4. ჩიტაზი - 22, 5. ლაიონზი - 10.

XI ტური
ნატალ შარქსი-ჰაილენდერზი, ჩიტაზი-ფორსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული