ზე რაგბი: ისევ პრეტორიელი მორნი სტეინი

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-11 ტური A ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერის "მელბურნ რებლზისა" და C ჯგუფის ლიდერის პრეტორიის "ბლუ ბულზის" დაპირისპირებით დაიწყო. თამაში საკმაოდ საიტერესო, უხვლელოიანი გამოდგა და სტუმრების, "ლურჯი ხარების" გამარჯვებით 41:36 დასრულდა.

ორივე გუნდმა მატჩში ხუთ-ხუთი ლელო გაიტანა, თუმცა სტუმართა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მგეზავის, მორნი სტეინის ფეხჩუბინობის წყალობით მიაღწია. მან ხუთივე ლელო გარდასახა, რასაც ორი საჯარიმოც მიუმატა (16 ქულა).

მისმა ვიზავიმ ქართლი ბეილიმ ასევე ხუთივე ლელო გარდასახა, თუმცა საჯარიმები არ გაუტანია და მისი გუნდი სწორედ ამ ექვსი ქულის სხვაობით
დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე მელბურნელთა გარემარბი კუპერ ვუნა იყო, რომელმაც პრეტორიელებს ორი ლელო გაუტანა.

A ჯგუფის ლიდერი კანბერას "ბრამბიზი" შინ ეთამაშება მეორეადგილოსან სიდნეის "ვორათაზს". ამ გუნდებს შორის სხვაობა ხუთი ქულაა. თამაში, ცხადია, პრინციპული იქნება, რადგან ავსტრალიის კონფერენციის (ანუ A ჯგუფის) გამარჯვებული სწორედ ამ წყვილში გაირკვევა.

A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ბლუ ბულზი 35:41, ბრამბიზი-ვორათაზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 31 ქულა, 2. ვორათაზი - 26, 3. რედსი - 25, 4. მელბურნ რებლზი - 18, 5. ფორსი - 17.

* * *
B ჯგუფის აუტსაიდერები "ჰარიკენზი" და "ბლუზი" ერთმანეთს ველინგტონში დაუპირისპირდნენ. ოქლენდელები, რომლებსაც ზე რაგბიში თითქმის ყველაზე უარესი შედეგი აქვთ, თავიდან აქტიურად გაისარჯნენ და 29-ე წუთისთვის 12:8-ს იგებდნენ. ამის შემდეგ მასპინძლებმა ტემპს უმატეს და მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაზეც "ბლუზმა" მხოლოდ ერთით უპასუხა - 35:19.

ამავე ჯგუფის ლიდერი და გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფავორიტი ჰემილთონის "ჩიფსი" შინ ეთამაშება C ჯგუფის აუტსაიდერ იოჰანესბურგის "ლაიონზს". ამ გუნდებს შორის სათამაშო კლასში იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ ჰემილთონელებისაგან მეტოქის დიდი ანგარიშით განადგურებას ელოდებიან.

ამავე ჯგუფის მესამეადგილოსანი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" შინ მიიღებს ტურნირის შარშნდელ გამარჯვებულს ბრისბენის "რედსს".

"ჯვაროსნებს" წინა ტურში რიჩი მაქოა დაუბრუნდა და ახლა გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები არიან. თუმცა პლეი ოფში გასასვლელად ქრაისთჩერჩელებს დიდი ჯაფა დაადგებათ. საამისოდ მათ "წითლები" აუცილებლად ისე უნდა დაამარცხონ, რომ პრემიალური ქულაც მოიპოვონ.

ეს ადვილი შესაძლებელია, რადგან მას შემდეგ რაც მგეზავი ქუადე კუპერი დაშავდა ბრისბენეული გუნდი თავის თავს არ ჰგავს. "რედსს" 25 ქულა აქვს და A ჯგუფში მესამე ადგილზეა.

B ჯგუფი
ჰარიკენზი-ბლუზი 35:19, ჩიფსი-ლაიონზი, კრუსეიდერზი-რედსი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 39 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 34, 3. კრუსეიდერზი - 33, 4. ჰარიკენზი - 30, 5. ბლუზი - 12.

* * *
დიდ ინტერესს იწვევს სამხრეთ აფრიკის სიძლიერით მესამე გუნდის, დურბანის "ნატალ შარქსის" საშინაო დაპირისპირება B ჯგუფის მეორეადგილოსან დანიდინის "ჰაილენდერზთან". დანიდინელები შეჯიბრების დაწყებიდანვე წარმატებით ასპარეზობდნენ და ჯგუფს დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ.

რეგულარული გათამაშების მიწურულისკენ, შესაძლოა, გუნდი ოდნავ გადაიღალა და ძველებურად ეფექტურად ვერ ირჯება.

დურბანში, დანიდინელთა კონკურენტმა "ჩიფსმა" გამარჯვებას მიაღწია. ახლა ჯერი "ჰაილენდერზეა". "მთიელებმა" უნდა დაამტკიცონ, რომ პირველობისთვის ბრძოლა რეალურად შეუძლიათ. ამასთან ერთად, ისისც საგულისხმოა, რომ "ნატალ შარქსი" პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს და ყველანაირად ეცდება "ჰაილენდერზი" შინ გაწბილებული გაისტუმროს.

ამავე ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" შინ მიიღებს A ჯგუფის ბოლოადგილოსან პერთის "ფორსს". ძნელი სათქმელია, ამ გუნდებს რა მოტივაცია აქვთ. მათ პლეი ოფში მოხვედრის შანსი არ გააჩნიათ.

C ჯგუფი
ნატალ შარქსი-ჰაილენდერზი, ჩიტაზი-ფორსი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 37 ქულა, 2. სტორმერზი - 37, 3. ნატალ შარქსი - 27, 4. ჩიტაზი - 22, 5. ლაიონზი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული