ამჯერად პატრიკ ლამბიეს ტური

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-11 ტური A ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერის, "მელბურნ რებლზისა" და C ჯგუფის ლიდერის, პრეტორიის "ბლუ ბულზის" დაპირისპირებით დაიწყო. თამაში უხვლელოიანი გამოდგა და სტუმრების, სამხრეთაფრიკელი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა - 41:36.

ორივე გუნდმა მატჩში ხუთ-ხუთი ლელო გაიტანა, თუმცა სტუმართა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მგეზავის, მორნი სტეინის ფეხჩუბინობის წყალობით შეძლო. მან ხუთივე ლელო გარდასახა, რასაც ორი საჯარიმოც მიუმატა (16 ქულა). მისმა ვიზავიმ ქართლი ბეილიმ ასევე ხუთივე ლელო უწია მიზანს, თუმცა საჯარიმოები არ გაუტანია და მისი გუნდი სწორედ ამ ექვსი ქულის სხვაობით
დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე მელბურნელთა გარემარბი კუპერ ვუნა იყო, რომელმაც პრეტორიელებს ორი ლელო გაუტანა.

ამავე ჯგუფში ლიდერების დაპირისპირებაში კანბერას "ბრამბიზმა" შინ მოუგო სიდნეის "ვორათაზს" - 23:6. შედეგად, კანბერელებმა სიდნეელებს 9 ქულით გაუსწრეს. თამაშის პირველი ნახევარი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა და ფრედ, 6:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა მთლიანად ხელთ იგდეს, მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალეს.

A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ბლუ ბულზი 35:41, ბრამბიზი-ვორათაზი 23:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 35 ქულა, 2. ვორათაზი - 26, 3. რედსი - 25, 4. მელბურნ რებლზი - 20, 5. ფორსი - 17.

XII ტური
ვორათაზი-ბლუ ბულზი, მელბურნ რებლზი-კრუსეიდერზი, რედსი-ჩიფსი.

* * *

B ჯგუფის აუტსაიდერები "ჰარიკენზი" და "ბლუზი" ერთმანეთს ველინგტონში დაუპირისპირდნენ. ოქლენდელები, რომლებსაც ზე რაგბიში თითქმის ყველაზე უარესი შედეგი აქვთ, თავიდან აქტიურად გაისარჯნენ და 29-ე წუთისთვის 12:8-ს იგებდნენ.

ამის შემდეგ მასპინძლებმა ტემპს უმატეს და მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაზეც "ბლუზმა" მხოლოდ ერთით უპასუხა - 35:19.

ამავე ჯგუფში მოასპარეზე ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" შინ დაუპირისპირდა შარშანდელ გამარჯვებულ ბრისბენის "რედსს" და დაძაბულ ბრძოლაში 15:11 დაამარცხა. გამარჯვება "ჯვაროსნებს" მგეზავმა ტომ ტეილორმა მოუტანა ხუთი საჯარიმო დარტყმით. დენ კარტერმა ამჯერადაც შუამარბად ითამაშა, რიჩი მაქოა თადარიგში იყო და მოედანზე 44-ე წუთიდან გამოჩნდა.

მორიგი გამარჯვება მიითვალა B ჯგუფის ლიდერმა ჰემილთონის "ჩიფსმა", რომელმაც შინ დაამარცხა C ჯგუფის აუტსაიდერი იოჰანესბურგის "ლაიონზი" - 34:21. მასპინძლებმა თამაში თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და 27-ე წუთისთვის უკვე 20:0-ს იგებდნენ.

სამხრეთაფრიკელები ამის შემდეგღა გამოცოცხლდნენ და მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს. აქედან ორი შერკინების კვაჭის, კობუს გრობელარის ანგარიშზეა. თუმცა ჰემილთონელებმა, სამაგიეროდ, ლელოში შეღწევა ხუთჯერ შეძლეს. ყველაზე შედეგიანი მგეზავი აარონ კრადენი იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

B ჯგუფი
ჰარიკენზი-ბლუზი 35:19, ჩიფსი-ლაიონზი 34:21, კრუსეიდერზი-რედსი 15:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 44 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 37, 3. ჰაილენდერზი - 34, 4. ჰარიკენზი - 30, 5. ბლუზი - 12.

XII ტური
ბლუზი-ლაიონზი, ჰაილენდერზი-ჰარიკენზი.

* * *

C ჯგუფის მესამეადგილოსანმა დურბანის "ნატალ შარქსმა" შინ დაამარცხა დანიდინის "ჰაილენდერზი" - 28:16. დანიდინელებს ყველა, ოცდარვა ქულა მგეზავმა პატრიკ ლამბიემ მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და შვიდი საჯარიმო).

ამავე ჯგუფის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" შინ დაამარცხა A ჯგუფის აუტსაიდერი პერთის "ფორსი" - 17:13. ეს ანგარიში მატჩის 59-ე წუთზე დაფიქსირდა და მას შემდეგ მეტოქეებმა მონაგარს ვერაფერი შემატეს.

C ჯგუფი
ნატალ შარქსი-ჰაილენდერზი 28:16, ჩიტაზი-ფორსი 17:13
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 42 ქულა, 2. სტორმერზი - 37, 3. ნატალ შარქსი - 31, 4. ჩიტაზი - 26, 5. ლაიონზი - 10.

XII ტური
სტორმერზი-ფორსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული