ზე რაგბი: უცნაური ტურის უცნაური შედეგები

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-12 ტური ერთობ უცნაური გამოდგა. ყველამ არა, მაგრამ რამდენიმე ფავორიტმა მოულოდნელად მარცხი განიცადა. ტური სიდნეიში ადგილობრივი "ვორათაზისა" და C ჯგუფის ლიდერის, პრეტორიის "ბლუ ბულზის" დაპირისპირებით გაიხსნა.

სიდნეელებმა, მასპინძლების კვალობაზე, თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და პირველი ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა. თუმცა შესვენებაზე "ვორათაზი" მხოლოდ სამქულიანი უპირატესობით წავიდა - 13:10.

მეორე ნახევარში პრეტორიელებმა თამაში გაათანაბრეს, მაგრამ 77-ე წუთამდე 24:21 აგებდნენ. მათი მორიგი იერიში მასპინძელთა ლელოს მისადგომებთან მორკინალთა რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ შერკინების ბურჯმა, ვერნერ კრუხერმა დაასრულა. სტუმრებმა საბოლოოდ სამი ლელოს
გატანა და მატჩის 27:24 მოგება მოახერხეს.

"ბლუ ბულზის" მგეზავმა მორნი სტეინმა სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო მიითვალა (12 ქულა).

A ჯგუფის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "მელბურნ რებლზმა" შინ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" - 28:19. არადა, პირველ ტაიმში ახალზელანდიელებმა უკეთ ითამაშეს და შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში "რებლზმა" თავის არსებობაში საუკეთესო რაგბი აჩვენა და მეტოქე 19 ქულაზე "გაყინა". მელბურნელებმა სამი ლელო გაიტანეს. აქედან ორი ცხრა ნომრის, ნიკოლას ფილიპსის ანგარიშზეა, ერთიც "ბებერმა" სტირლინგ მორთლოქმა მიითვალა.

ამავე ჯგუფში შარშანდელმა ჩემპიონმა, ბრისბენის "რედსმა", რომელსაც ამჟამად კრიზისი აქვს, მოულოდნელად დაამარცხა B ჯგუფის ლიდერი ჰემილთონის "ჩიფსი" - 42:27.

პირველ ტაიმში აქაც სტუმრებმა იყოჩაღეს და შვიდი ქულის სხვაობით მოიგეს. თუმცა მერე "წითლებმა" თამაშის ტემპს უმატა და მრისხანე მეტოქე ხუთჯერ დაალელოვა. ბრისბენელთა შუამარბმა მაიკლ ჰარისმა გუნდს 17 ქულა მოუტანა (ოთხი გარდასახვა, ორი საჯარიმო და არეკნი).

A ჯგუფი
ვორათაზი-ბლუ ბულზი 24:27, მელბურნ რებლზი-კრუსეიდერზი 28:19, რედსი-ჩიფსი 42:27.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 39 ქულა, 2. რედსი - 31, 3. ვორათაზი - 27, 4. მელბურნ რებლზი - 24, 5. ფორსი - 18.

XIII ტური
რედსი-ლაიონზი, ფორსი-მელბურნ რებლზი

* * *

B ჯგუფში ისევ მეოთხე მარცხი იწვნია დანიდინის "ჰაილენდერზმა", რომელსაც, როგორც ჩანს, ცუდი დროება დაუდგა.

დანიდინელებმა შინ წააგეს ველინგტონის "ჰარიკენზთან" 20:26. მასპინძლები შეხვედრაში 70-ე წუთამდე წინ იყვნენ და მატჩი ბოლო ათ წუთში დათმეს. სტუმართა მგეზავმა ბოდენ ბარეტმა ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (16 ქულა).

ამავე ჯგუფის აუტსაიდერმა ოქლენდის "ბლუზმა" შინ C ჯგუფის ასევე მაჩანჩალას, იოჰანესბურგის "ლაიონზს" უმასპინძლა და საკმაოდ იოლად, 25:3 დაამარცხა. მასპინძლებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს.

B ჯგუფი
ბლუზი-ლაიონზი 25:3, ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 20:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 44 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 37, 3. ჰაილენდერზი - 35, 4. ჰარიკენზი - 34, 5. ბლუზი - 16.

XIII ტური
ჰარიკენზი-ბრამბიზი, ჰაილენდერზი-ბლუ ბულზი, კრუსეიდერზი-ბლუზი.

* * *

C ჯგუფის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია სტუმრად ამავე ჯგუფის მეორეადგილოსან კეიპთაუნის "სტორმერზს", თუმცა მაინც დამარცხდა - 14:16.

კეიპთაუნელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, 22-ე წუთისთვის უკვე 16:0-ს იგებდნენ.

ამის მერე "სტორმერზმა" თითქოს თამაში შეწყვიტა. მასპინძლებმა მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს, მაშინ, როცა ბლუმფონტეინელებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა მატჩის ბედის სათავისოდ შემობრუნება ვეღარ შეძლეს.

C ჯგუფი
სტორმერზი-ჩიტაზი 16:14, ნატალ შარქსი-ფორსი 53:11
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 46 ქულა, 2. სტორმერზი - 45, 3. ნატალ შარქსი - 36, 4. ჩიტაზი - 27, 5. ლაიონზი - 14.

XIII ტური
ჩიტაზი-ნატალ შარქსი, სტორმერზი-ვორათაზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული