ზე რაგბი: ბოლო ტური ოთხის ბედს გაარკვევს

AutoSharing Option
ზე რაგბის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის წინ პლეი ოფის ექვსი გუნდიდან გარკვეული მხოლოდ ორია.

ახალზელანდიური ჰემილთონის "ჩიფსი" და სამხრეთაფრიკული კეიპთაუნის "სტორმერზი" პირველ-მეორე ადგილებზე არიან. თუმცა პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფლება განაღდებული მხოლოდ ჰემილთონელებს აქვთ.

დარჩენილ ოთხ ვაკანსიაზე პრეტენზიას ერთბაშად შვიდი გუნდი აცხადებს. მესამეადგილოსანი კანბერას "ბრამბიზი" შინ ეთამაშება ერთ-ერთ აუტსაიდერ ოკლენდის "ბლუზს" და წესით სანუკვარი გამარჯვების მოპოვება, რომელიც პლეი ოფში გაუკვალავს გზას, არ უნდა გაუჭირდეს. მით უფრო, რომ ბრამბიზელები ბოლო ორ ტურში, საშუალოდ მატჩში 30 ქულაზე მეტს აგროვებენ.

ოქლენდელები ამ მატჩს სრულიად
უმოტივაციოდ ხვდებიან და, წესით, ზედმეტი ფსიქოლოგიური ტვირთის არქონამ მათზე დადებითად უნდა იმოქმედოს. სხვა მხრივ, "ბლუზმა" სეზონი არადამაკმაყოფილებლად ჩაატარა და საეჭვოა, "ბრამბიზს" სტუმრად პრინციპულ მატჩში, რამე დააკლოს.

კანბერელებს, რომლებსაც 58 ქულა აქვთ, ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ახალზელანდიური, ქრიასთჩერჩის "კრუსეიდერზი". "ჯვაროსნები" ბოლო ტურში ავსტრალიურ პერთის "ფორსს" შინ ეთამაშებიან.

წინა ტურში "ჯვაროსნებმა" საკუთარ მოედანზე წააგეს ველინგთონის "ჰარიკენზთან" 22:23, რითაც მეტოქეს პლეი ოფში მოხვედრის შანსი მისცეს.

ძნელი სავარაუდოა, რომ "კრუსეიდერზმა" შინ ზედიზედ ორი მატჩი წააგოს, მით უფრო, რომ "ფორსი" სულაც არ განეკუთვნება მრისხანე გუნდების რიცხვს.

პერთელები ამჟამად 27 ქულით ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე არიან. წესით, "ჯვაროსნებმა", რომელიც ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, მეტოქეს პრემიალური ქულაც უნდა აართვას, საამისოდ კი საჭიროა ოთხი ან მეტი ლელო გაუტანოს. ამას მასპინძლებს ისიც გაუადვილებთ, რომ სტუმრებს ლიდერები კირან რიდი და დევიდ პოქოკი დააკლდებათ.

"კრუსეიდერზს" ორი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა ბოლო წლების უცვლელი ფავორიტი
სამხრეთაფრიკული, პრეტორიის "ბლუ ბულზი". "ლურჯი ხარები" შინ მიიღებენ გათამაშების აუტსაიდერს, იოჰანესბურგის "ლაიონზს", რომელიც, შესაძლოა, ზე რაგბის გათამაშებაში ბოლო მატჩს ატარებს, რადგან, მომავალი წლიდან მას, ალბათ, ახალი სამხრეთაფრიკული გუნდი "კინგზი" ჩაანაცვლებს.

პრეტორიელებმა მე-15 ტურში დურბანის "ნატალ შარქსთან" უიმდეოდ წააგეს 10:32. თუმცა მერე ბლუმფონტეინის "ჩიტაზზე" იყარა ჯავრი - 40:24. "ლურჯ ხარებს" ამჯერად გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ და, სავარაუდოდ, მიაღწევენ კიდეც. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათ ხელი, შესაძლოა, მხოლოდ არბიტრმა, კრეიგ იუბერმა შეუშალოთ, რომელიც "ბლუ ბულზის" მოთამშეების მიმართ წითელ-ყვითელ ბარათებს არასოდეს იშურებს.

პრეტორიელთა მსგავავსად 54 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა დურბანის "ნატალ შარქსი", რომელიც ბოლო ტურში უმოტივაციო "ჩიტაზს" ეთამაშება და აუცილებლად პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდება, რადგან მას ერთი ქულით ჩამორჩება და კვალში უდგას შარშანდელი ჩემპიონი ბრისბენის "რედსი".

"წითლები" შინ ეთამაშებიან სიდენის "ვორათაზს", რომელიც ჩიტაზელთა მსგავსად უმოტოვაციოდაა დარჩენილი. შესაბამისად ვილი გენია და კომპანია ყველაფერს გააკეთებს, რათა მტოქეს მინიმუმ ოთხი ლელო გაუტანოს.

A ჯგუფი
ბრამბიზი-ბლუზი, რედსი-ვორათაზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 58 ქულა, 2. რედსი - 53, 3. ვორათაზი - 35, 4. მელბურნ რებლზი - 31, 5. ფორსი - 27.

B ჯგუფი
ჰარიკენზი-ჩიფსი, კრუსეიდერზი-ფორსი,
1. ჩიფსი - 63 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 56, 3. ჰარიკენზი - 49, 4. ჰაილენდერზი - 46, 5. ბლუზი - 28.

C ჯგუფი
სტორმერზი-მელბურნ რებლზი, ნატალ შარქსი-ჩიტაზი, ბლუ ბულზი-ლაიონზი.
1. სტორმერზი - 62 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 54, 3. ნატალ შარქსი - 54, 4. ჩიტაზი - 38, 5. ლაიონზი - 25.

საერთო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 64 ქულა, 2. სტორმერზი - 62, 3. ბრამბიზი - 58, 4. კრუსეიდერზი - 56, 5. ბლუ ბულზი - 54, 6. ნატალ შარქსი - 54, 7. რედსი - 53, 8. ჰარიქენზი - 53, 9. ჰაილენდერზი - 50, 10. ჩიტაზი - 38, 11. ვორათაზი - 35, 12. მელბურნ რებლზი - 31, 13. ბლუზი - 28, 14. ფორსი - 27, 15. ლაიონზი - 25.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული