ძალიან გაუმართლა ზე რაგბის გათამაშების შარშანდელ გამარჯვებულს, ავსტრალიური ბრისბენის "რედსს". "წითლების" პლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობდა, რადგან მისი კონკურენტი კანბერას "ბრამბიზი" შინ ეთამაშებოდა ერთ-ერთ აუტსაიდერს, ახალზელანდიური ოქლენდის "ბლუზს".
ყველა, ცხადია, მასპინძელთა გამარჯვებას ელოდა, თუმცა მოვლენები აბსოლუტურად საწინააღმდეგო სცენარით განვითარდა.
ოქლენდელებმა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უმოტივაციონი იყვნენ, შესაშური
კანბერელთა წაფორხილებამ ხელ-ფეხი გაუხსნა ბრისბენის "რედსს", რომელიც შინ სიდნეის "ვორათაზს" დაუპირისპირდა და ჰაერივით საჭირო გამარჯვებას მიაღწია - 32:16. "წითლებმა" უმოტივაციო მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. შედეგად ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს და პლეი ოფში, ანუ ნახევარფინალის
შესარჩევ ეტაპზე გააღწიეს.
არადა, ზე რაგბის მოქმედმა ჩემპიონებმა ტურნირზე ასპარეზობა ძალზედ ცუდად დაიწყეს. ტრავმების გამო "წითლებს" ლიდერები ვილი გენია და ქუადე კუპერი აკლდათ. მას შემდეგ კი, რაც ორივე გამოჯანმრთელდა, "რედსი" თავის თავს დაემსგავსა, ძველებურად სწრაფად და ეფექტურად ამოქმედდა.
აგერ, რეგულარული გათამაშების მიწურულს ფორტუნამაც გადმოხედა და კარგი შანსი აქვს, შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვას.
"რედსის" მეტოქე გადამწყვეტ ეტაპზე სამხრეთაფრიკული დურბანის "ნატალ შარქსი" იქნება, რომელმაც ბოლო ტურში თანამემამულე, ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" დაამარცხა 34:15. "ზვიგენების" ეს წარმატება, ცხადია, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. დურბანელები ბოლო წლებში მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და ასეა ამჯერადაც. თუმცა "ნატალ შარქსს", სავარაუდოდ, სტუმრად ჩემპიონების დამარცხება ძალზედ გაუჭირდება. მით უფრო, რომ ტრავმის გამო მგეზავი და მთავარი მექულე პატრიკ ლამბიე დააკლდება.
მიმდინარე გათამაშებაში "ზვიგენები" "წითლებს" საკუთარ მოედანზე შეხვდნენ და 27:22 მოუგეს. ეს მატჩი 17 მარტს გაიმართა. მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი მაინც მოედანზე კონკრეტულ მატჩში გადაწყდება.
ნახევარფინალის შესარჩევი ეტაპის მეორე წყვილში ახალზელანდიური ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" შინ მიიღებს სამხრეთაფრიკულ პრეტორიის "ბლუ ბულზს".
"ჯვაროსნებმა", რომელიც ზე რაგბის გათამაშების ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, ბოლო ტურში შინ დაამარცხეს ავსტრალიური პერთის "ფორსი" - 38:24.
"ლურჯმა ხარებმა" კი რეგულარული გათამაშების ბოლო შეხვედრა პრეტორიაში გამართეს და იოჰანესბურგის "ლაიონზს" 37:20 სძლიეს. რაგბის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ზე რაგბის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული, შესაძლოა, სწორედ "კრუსეიდერზსა" და "ბლუ ბულზს" შორის საუკეთესო გახდეს.
A ჯგუფი
ბრამბიზი-ბლუზი 16:30, რედსი-ვორათაზი 32:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 58 ქულა, 2. რედსი - 58, 3. ვორათაზი - 35, 4. მელბურნ რებლზი - 32, 5. ფორსი - 27.
B ჯგუფი
ჰარიკენზი-ჩიფსი 28:25, კრუსეიდერზი-ფორსი 38:24
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 64 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 61, 3. ჰარიკენზი - 53, 4. ჰაილენდერზი - 46, 5. ბლუზი - 32.
C ჯგუფი
სტორმერზი-მელბურნ რებლზი 26:21, ნატალ შარქსი-ჩიტაზი 34:15, ბლუ ბულზი-ლაიონზი 37:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 66 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 59, 3. ნატალ შარქსი - 59, 4. ჩიტაზი - 38, 5. ლაიონზი - 25.
საბოლოო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 66 ქულა, 2. ჩიფსი - 64, 3. კრუსეიდერზი 61, 4. ბლუ ბულზი - 59, 5. ნატალ შარქსი - 59, 6. რედსი - 58. 7. ბრამბიზი - 58, 8. ჰარიკენზი - 57, 9. ჰაილენდერზი - 50, 10. ჩიტაზი - 38, 11. ვორათაზი - 35, 12. ბლუზი - 32, 13. რებლზი - 32, 14. ფორსი - 27, 15. ლაიონზი - 25.
ნახევარფინალის შესარჩევი
რედსი-ნატალ შარქსი, კრუსეიდერზი-ბლუ ბულზი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"