პირველად თავის ისტორიაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ახალზელანდიურმა ემილთონის "ჩიფსმა" მოიგო.
ჰემილთონის "ვაიკატო სთედიუმზე" "ბელადებმა" ფინალში სამხრეთაფრიკულ დურბანის "ნატალ შარქსს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად სძლიეს - 37:6. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ სტუმართა გუნდმა თავისი შესაძლებლობები ვერაფრით წარმოაჩინა. შეტევაში, ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდა და ნაქები დაცვაც
ხუხულასავით დაეშალა.
"ჩიფსმა", თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი გამართა. ამის დასტურად ერთმანეთზე უკეთესი ოთხი ლელოც გამოდგება.
დურბანელებმა დასაწყისში გაიბრძოლეს და ფრანგმა მგეზავმა ფრედერიკ მიშალაკმა, რომელმაც "ნატალ შარქსში"
მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში "ჩიფსი" მთლიანად დომინირებდა. მასპინძლები მომხდურებს თამაშის ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ. თუმცა გარემარბმა ტონ ნანაი-ვილიამსმა ლელოს გატანა მხოლოდ მე-19 წუთზე მოახერხა. გარდასახვა მგეზავმა აარონ კრადენმა დაარტყა ზუსტად - 7:3.
წინდაწინ უნდა ითქვას, რომ კრადენი თავის გუნდშიც და მატჩშიც საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმოა (17 ქულა). კრადენმა არა მარტო ფეხჩუბინობით გამოიჩინა თავი, არამედ გუნდსაც უნარიანად გეზავდა და წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი სულისჩამდგმელი იყო.
პირველი ტაიმის ბოლომდე კრადენმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და "ჩიფსი" შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა - 13:3. მეორე ნახევარში ჰემილთონელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.
45-ე წუთზე მეორე ლელო შერკინების მესამეხაზელმა კენ თომსონმა გაიტანა. კრადენმა, ცხადია, გარდასახა - 20:3. ნათელი გახდა, რომ სამხრეთაფრიკულ გუნდს გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ ჰქონდა. "ბელადების" კიდევ ორმა ლელომ კი "ზვიგენები" საბოლოოდ გატეხა.
სიმბოლურია, რომ მატჩის ბოლო ლელო შუამარბმა სონი ბილ ვილიამსმა მიითვალა, რომელმაც "ჩიფსში" ბოლო შეხვედრა გამართა. ახალზელანდიური რაგბის უძღები შვილი ჯერ იაპონიაში თამაშს აპირებს, მერე კი ისევ რაგბი ლიგას დაუბრუნდება, საიდანაც რაგბიში ოთხი წლის წინ მოვიდა.
ცხადია, ჰემილტონელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ქომაგებმა გუნდს ქალაქში დიდი ზეიმი მოუწყვეს, თუმცა უსიამოვნების გარეშე ყველაფერს მაინც არ ჩაუვლია. იმ დროს, როცა "ჩიფსი" თავგამოდებით იბრძოდა და მეტოქეს ამარცხებდა, ჰემილტონელთა მთავარი მწვრთნელის, დეივ რენის სახლი გაქურდეს.
"ქურდებმა ჩემი მეუღლის ძვირფასეულობა გაიტანეს სახლიდან. მართალია, ნაკეთობები დიდი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძვირად ღირებულია და მათ შესაძენად დიდი შრომა გვაქვს გაწეული. დარწმუნებული ვარ, ბოროტმოქმედებს ქურდობა წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. მათ იცოდნენ, რომ სტადიონზე ვიქნებოდი.
ზუსტად ანალოგიური ფაქტი მოხდა მაისში, როცა სონი ბილ ვილიამსის ბინა გაქურდეს. სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციებს უღირსი ადამიანები "გამდიდრებისთვის" იყენებენ" - თქვა დეივ რენიმ.
ჩიფსი-ნატალ შარქსი 37:6
ჩიფსი: 15. რობი რობინსონი, 14. ტიმ ნანაი-ვილიამსი, 13. ენდრიუ ჰორელი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. აზაელი ტიკოიტუმა, 10. აარონ კრადენი, 9. ტავერა კერი-ბარლოვი. 1. სონა ტაუმანოლო, 2. მაჰონრი შვალგერი, 3. ბენ ტაიმიეფუნა, 4. კრეიგ კლარკი, 5. ბროდი რეტალიკი, 6. ლიამ მესამი, 7. ტანერაუ ლატიმერი, 8. კენი თომპსონი,
16. ჰიკა ელიოტი, 17. ბენ აფეაკი, 18. მაიკლ ფიცჯერალდი, 19. სემ კენი, 20. ბრენდონ ლეონარდი, 21. ჯეკსონ ვილსონი, 22. ლეილა მასაგა.
4ლ: ნანაი-ვილიამსი, თომპსონი, მასაგა, ვილიამსი. 4გ,3ს: კრადენი.
ნატალ შარქსი: 15. პეტ ლამბიე, 14. ლუის ლუდიკი, 13. ჯეი პი პიტერსენი, 12. პაულ იორდანი, 11. ლვაზი მვოვო, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9, კარლ მაკლოიდი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. ვილიამ ალბერტსი, 5. ენტონ გრესლერი, 6. კიგან დენიელი, 7. მარსელ კუცია, 8. რაიან კანკოვსკი.
16. კრეიგ ბარდენი, 17. ვინან ჰერბტსი, 18. სტივენ საიკსი, 19. იან დეიზელი, 20. იაკ ბოთა, 21. მაიერ ბოსმანი, 22. რიან ვილჯოენი.
2ს: მიშალაკი.
მსაჯი: სტივ ველში
"ვებ ელისის" თასი ოლიმპიადას უნდა სჯობდეს
2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დირექტორი პოლ ვოგანი მოწადინებულია, რათა ამ ტურნირმა სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადას. ის თავად დაესწრო მიმდინარე ოლიმპიური თამაშების რამდენიმე ღონისძიებას და აღფრთოვანება გამოხატა ყველაფრით, რაც ნახა და გაიგონა.
"ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა. ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშება მთელ ქვეყანას მოიცავს. ამასთან ერთად, ჩვენ შეჯიბრება სპორტის ერთ სახეობაში გვაქვს გასამართი და არა 26-ში.
ამიტომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ რაგბით, რათა ჩასწვდნენ მის არსს, გაერკვნენ წესებსა და თამაშის ნიუანსებში. თუ ეს მოვახერხეთ, ინგლისში სამი წლის შემდეგ ნამდვილ ზეიმს მოვაწყობთ.
ჩვენ სერიოზულად გადავწყვიტეთ, რომ ადამიანებს უდიდესი სიამოვნება მივანიჭოთ. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ აქამდე არნახული მსოფლიოს თასის გათამაშების ორგანიზება შევძლოთ." - თქვა მან.
სიმბოლურშიც "ჩიფსი" ლიდერობს
ზე რაგბის საკმაოდ შთამბეჭდავი სეზონის დასრულების შემდეგ, როგორც წესია, სიმბოლური ნაკრები დგება. სამხრეთ ნახევარსფეროს საუკეთესო მორაგბეების შერჩევა საკმაოდ ძნელია, რადგან ღირსეული ბევრია.
ბუნებრივია, რომ საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი, ხუთი მორაგბე ზე რაგბის წლევანდელ გამარჯვებულ, ჰემილთონის "ჩიფსს" ჰყავს. ორით ნაკლები კი ფინალისტმა "ნატალ შარქსმა" მიავლინა. ორი მორაგბე მოხვდა სიმბოლურ გუნდში ველინგტონის "ჰარიკენზიდან". თითო-თითო მოთამაშე წარადგინეს კანბერას "ბრამბზმა", ბრისბენის "რედსმა", პრეტორიის "ბლუ ბულზმა", ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" და კეიპთაუნის "სტორმერზმა".
"ჰარიკენზმა" წლეულს არასტაბილურად იასპარეზა. შეჯიბრების პირველ ნაწილში ველინგტონელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თუმცა მერე გუნდში რაღაც მოიშალა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქელები იმდენად ეფექტურად გამოიყურებოდნენ, რომ საუკეთესოთა შორის ფულბეკი ანდრე ტეილორი და კონრად სმიტი მოხვდნენ.
ცხადია, ზე რაგბის გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ფინალისტი დურბანის "ნატალ შარქსი" იყო.
მათი გარემარბი ჯეი პი პიტერსენი ის მორაგბე გახლავთ, რომლის შესანიშნავი თამაშის წყალობითაც "ზვიგენები" ფინალში მოხვდნენ. სამხრეთაფრიკულ რაგბიში კიდევ ერთი შესანიშნავი მესამეხაზელი გამოჩნდა.
დურბანელი მარსელ კუცია მართლაც რომ გამორჩეული იყო. "ბოკეს" შემადგენლობაში ამ პოზიციაზე კონკურენცია იზრდება.
ცალკე განხილვის საგანია "ჩიფსის" ის ხუთეული, რომელიც სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. შუამარბი სონი ბილ ვილიამსი საყოველთაოდ ცნობილი კაცია და მასზე დიდხანს არ შევჩერდებით. ერთს კი ვიტყვით, რომ მან ჰემილთონელების შემადგენლობაში ბოლო მატჩი გამართა.
"ბელადების" ნამდვილი ბელადია ფლანკერი ლიამ მესამი. ის ჭეშმარიტი კაპიტანი და ლიდერია. მგეზავი აარონ კრადენი კი ის ბიჭია, რომელმაც იდეაში "ოლ ბლექსში" დენ კარტერი უნდა შეცვალოს. ქუჩიდან მოსულად მოიხსენიებენ შერკინების პირველხაზელს სონა ტაუმალოლოს. ასეთები ძალიან საშიშნი არიან. მუდამ მეტოქის ჩათვლის მოედანზე დაგეშილმა სონამ სეზონში ცხრა ლელო მიითვალა.
სიმბოლური ნაკრები: 15. ანდრე ტეილორი (ჰარიკენზი), 14. ჯეი პი პიტერსენი (ნატალ შარქსი), 13. კონრად სმიტი (ჰარიკენზი), 12. სონი ბილ ვილიამსი (ჩიფსი), 11. ბიორნ ბესონი (ბლუ ბულზი), 10. აარონ კრადენი (ჩიფსი), 9. ვილი გენია (რედსი). 1. სონა ტაუმალოლო (ჩიფსი), 2. ბისმარკ დუ პლესი (ნატალ შარქსი), 3. ოუენ ფრენქსი (კრუსეიდერზი), 4. კრის კლარკი (ჩიფსი), 5. ებენ ესტებესოი (სტორმერზი), 6. ლიამ მესამი (ჩიფსი), 7. მარსელ კუცია (ნატალ შარქსი), 8. ბენ მოვენი (ბრამბიზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"