პირველი თამაში წააგო ოქლენდის "ბლუზმა", რომელმაც სეზონი ყველასთვის მოულოდნელად ძალიან კარგად დაიწყო. შედეგად ოქლენდელებმა ახალი ზელანდიის კონფერენციაში სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური შარშანდელ ჩემპიონს, ჰემილთონის "ჩიფსს" დაუთმეს.
ავსტრალია
ავსტრალიის კონფერენციაში შესანიშნავად ასპარეზობს კამბერას "ბრამბიზი", რომელმაც ყველა თამაში მოიგო და ამჯერად შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა სიდნეის "ვორათაზი" - 35:6.
მასპინძელთა გუნდში ავსტრალიის ნაკრების შვიდი მორაგბე თამაშობს და მათი უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. სიდნეელებს, რომლებიც წლეულს შარშანდელზე უკეთ ასპარეზობენ, გამარჯვების იოტისოდენა შანსი არ ჰქონიათ.
კანბერელებს კვალში უდგას ბრისბენის "რედსი", რომელმაც სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "მელბურნ რებლზთან" - 32:13.
არადა, პირველ ნახევარში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და 13:11 მოიგეს. შესვენების შემდეგ "მელბურნმა" ქულა ვეღარ აიღო. სამაგიეროდ, "წითლებმა" მოახერხეს მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა და დაამტკიცეს, რომ წლეულსაც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.
მელბურნ რებლზი-რედსი 13:23
ბრამბიზი-ვორათაზი 35:6
სატურნირო მდგომარეობა: 1. ბრამბიზი - 18 ქულა, 2. რედსი - 12, 3. ვორათაზი - 8, 4. მელბურნ რებლზი - 5, 5. ფორსი - 5.
ახალი ზელანდია
როგორც უკვე ვთქვით, ახალი ზელანდიის კონფერენციის ლიდერმა ოქლენდის "ბლუზმა" შინ წააგო. მისი მძლეველი ზე რაგბის ერთ-ერთი ფავორიტი პრეტორიის "ბლუ ბულზია" - 21:28.
სამხრეთაფრიკული გუნდი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და თავის კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.
თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უკიდურესად დაძაბული გამოდგა. ახალზელანდიური გუნდი ყველანაირად ეცადა, თუმცა წარმატებული სტარტის გაგრძელება ვერ შეძლო.
ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა". ამჯერად "ჯვაროსნები" სტუმრად დამარცხდნენ ველინგტონის "ჰარიკენზთან" მინიმალური სხვაობით - 28:29.
კვლავ არ უთამაშია სტუმართა გუნდის ლიდერს რიჩი მაქოას. მგეზავი დენ კარტერი კი გუნდში ისევ ყველაზე შედეგიანი იყო - მის ანგარიშზე ერთი ლელო და ოთხი გარდასახვაა (13 ქულა).
მასპინძლებმა გამარჯვებას მგეზავის, ბოდენ ბარეტის სიზუსტის წყალობით მიაღწიეს. მან ველინგტონელებს 19 ქულა შესძინა (ხუთი საჯარიმო და ორი გარდასახვა).
კიდევ ერთ მატჩში დანიდინის "ჰაილენდერზმა" შინ წააგო სამხრეთაფრიკულ "ჩიტაზთან" - 19:36.
ჰარიკენზი-კრუსეიდერზი 29:28
ჰაილენდერზი-ჩიტაზი 19:36
ბლუზი-ბლუ ბულზი 21:28
სატურნირო მდგომარეობა: 1. ჩიფსი - 12 ქულა, 2. ბლუზი - 11, 3. კრუსეიდერზი - 6, 4. ჰარიკენზი - 5, 5. ჰაილენდერზი - 4.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ლიდერი, როგორც უკვე ვთქვით, პრეტორიის "ბლუ ბულზია". მას კვალში მიჰყვება დურბანის "ნატალ შარქსი", რომელიც ასევე დაუმარცხებლად ასპარეზობს.
"ზვიგენებმა" მეოთხე ტურში სტუმრად დაამარცხეს გათამაშების ახალბედა "საუთერნ კინგზი" - 21:12.
ისევე, როგორც მესამე ტურში, სტუმართა გუნდს ამჯერადაც მგეზავმა პატრიკ ლამბიემ მოაგებინა, რომელმაც ექვსი საჯარიმო და ერთი არეკნი გაიტანა (21 ქულა).
პირველი გამარჯვება მოიპოვა კეიპთაუნის "სტორმერზმა", რომელმაც შინ უმძიმეს, მაგრამ ძალიან საინტერესო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი, ჰემილთონის "ჩიფსი" დაამარცხა - 36:34.
მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ანგარიშში მუდმივად წინ იყვნენ. ჰემილთონელებმა სხვაობის ორ ქულამდე შემცირება მხოლოდ შეხვედრის მიწურულისკენ შეძლეს.
ორ-ორი ლელო გაიტანეს "სტორმერზის" გარემარბმა ხიო ეპლონმა და "ჩიფსის" შუამარბმა ჩარლი ნგატაიმ. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი ფულბეკი კრისტიან პიტერსენი იყო. მან სამი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო გაიტანა (21 ქულა).
სტორმერზი-ჩიფსი 36:34
საუთერნ კინგზი-ნატალ შარქსი 12:21
სატურნირო მდგომარეობა: 1. ბლუ ბულზი - 13 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 12, 3. საუთერნ კინგზი - 8, 4. სტორმერზი - 5, 5. ჩიტაზი - 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"