ზე რაგბი: გარეთ ანსკომბის ჰეთ თრიკი და პეილის დუბლი

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ექვსი ტურიღა დარჩა. ბრძოლა ლიდერობისთვის თითქმის ყველა კონფერენციაში უკიდურესად გამწვავდა.

მე-12 ტური ახალი ზელანდიის კონფერენციის ლიდერების მატჩებით გაიხსნა, რომლებმაც მორიგი გამარჯვება მიითვალეს.

ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის კონფერენციის ლიდერმა ჰემილთონის "ჩიფსმა" სტუმრად ითამაშა ავსტრალიის კონფერენციის მეოთხეადგილოსან "მელბურნ რებლზთან" და დაძაბულ ბრძოლაში მოუგო - 39:33. თამაში მაყურებლებისთვის ფანტასტიკური სანახაობა გამოვიდა. გუნდებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს, აქედან ექვსი სტუმრების ანგარიშზეა.

ჰეთ თრიკი შეასრულა "ჩიფსის" ფულბეკმა გარეთ ანსკომბმა. მან სამ ლელოს ამდენივე გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიუმატა (23
ქულა).

მასპინძელთაგან ორი ლელო მიითვალა მეორეხაზელმა ჰოგ პეილიმ. მატჩი ჰემილთონელების უპირატესობით დაიწყო და 34-ე წუთამდე 17 ქულის სხვაობით 24:7 იგებდნენ.

ამის მერე მასპინძლები საგრძნობლად გააქტიურდნენ, ანგარიშის შემცირება კი შეძლეს, მაგრამ დაწინაურებას ვერაფრით ახერხებდნენ. საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, ზე რაგბის მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"ჩიფსს" კვალში უდგას ოქლენდის "ბლუზი", რომელმაც შინ დაამარცხა სამხრეთაფრიკული კეიპთაუნის "სტორმერზი" - 18:17. მასპინძლებს გამარჯვება მგეზავი კრის ნოკსის ფეხჩუბინობამ მოუტანა, რომელმაც ექვსი საჯარიმო გაიტანა (18 ქულა). შედეგად, "ბლუზი" ლიდერ "ჩიფსს" ახლა მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

XII ტური
ბლუზი-სტორმერზი 18:17, ჰაილენდერზი-ნატალ შარქსი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 40 ქულა, 2. ბლუზი - 36, 3. კრუსეიდერზი - 30, 4. ჰარიკენზი - 28, 5. ჰაილენდერზი - 10.

ავსტრალია
საინტერესო შეხვედრა გაიმართება კანბერაში, სადაც ავსტრალიის კონფერენციის ლიდერი "ბრამბიზი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" დაუპირისპირდება.

ახალზელანდიური კლუბი ნელ-ნელა შედის ფორმაში და მიუხედავად იმისა, რომ ლიდერების, რიჩი მაქოასა და დენ კარტერის გარეშე თამაშობს, ეცდება დარჩენილ ტურებში მაქსიმალური ქულები მოიპოვოს და პლეი ოფში გააღწიოს.

"ჯვაროსნებისთვის" სტუმრად "ბრამბიზთან" თამაში ლაკმუსის ქაღალდივით იქნება. კანბერელები წლეულს ყველასთვის მოულოდნელად შესანიშნავად ასპარეზობენ. ეს კი, უწინარესად, სამხრეთაფრიკელი მწვრთნელის ჯეკ ვაითის დამსახურებაა.

შეგახსენებთ, რომ ის პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირად ანაზღაურებადი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 2007 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა.

"ბრამბიზს", რომელიც 40 ქულით ლიდერობს, სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბრისბენის "რედსი". "წითლები" სტუმრად ითამაშებენ კონფერენციის აუტსაიდერ პერთის "ფორსთან" და ეცდებიან შესაძლო გალიდერების შანსი ხელიდან არ გაუშვან.

XII ტური
მელბურნ რებლზი-ჩიფსი 33:39, ფორსი-რედსი, ბრამბიზი-კრუსეიდერზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 40 ქულა, 2. რედსი - 37, 3. ვორათაზი - 25, 4. მელბურნ რებლზი - 22, 5. ფორსი - 16.

სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციას უჩვეულო ლიდერი ჰყავს. ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" შარშან ზე რაგბის გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ამჯერად კი 35 ქულა დააგროვა, ყველა მრისხანე მეტოქე უკან მოიტოვა და პლეი ოფს სერიოზულად უმიზნებს. ბლუმფონტეინელები მე-12 ტურში ისვენებენ.

"ჩიტაზს" სამი ქულით ჩამორჩება სამხრეთაფრიკული რაგბის ფლაგმანი პრეტორიის "ბლუ ბულზი", რომელიც შინ მიიღებს ახალზელანდიურ ველინგტონის "ჰარიკენზს".

"ლურჯმა ხარებმა" წესით არ უნდა წაიფორხილონ და პირველად მიმდინარე გათამაშებაში კონფერენციას სათავეში მოექცევიან.

ზე რაგბის დებიუტანტი "საუთერნ კინგზი" საკუთარ მოედანზე ავსტრალიის კონფერენციის მესამეადგილოსან სიდნეის "ვორათაზს" ეთამაშება. ეს სამხრეთაფრიკული გუნდი, სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილში ბოლო საფეხურს თავს ვერ დააღწევს და ადგილს ისევ იოჰანესბურგის "ლაიონზს" დაუთმობს.

XII ტური
საუთერნ კინგზი-ვორათაზი, ბლუ ბულზი-ჰარიკენზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიტაზი - 35 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 32, 3. სტორმერზი -29, 4. ნატალ შარქსი - 28, 5. საუთერნ კინგზი - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული