ზე რაგბის ბოლო ტური ყველაფერს ჩამოწერს

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა თითქმის გარკვეულია.

დაძაბული ვითარება მხოლოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლაშია ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის კონფერენციებში.

ახალი ზელანდია
მე-19 ტური ახალი ზელანდიის კონფერენციაში ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და ამავე გათამაშების შარშანდელი გამარჯვებულის, ჰემილთონის "ჩიფსის" დაპირისპირებით გაიხსნა.

"ჯვაროსნებმა" კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს ყველაფერში აჯობეს და დამაჯერებლად დაამარცხეს - 43:15.

მატჩის გმირი "ჯვაროსნების" მესამეხაზელი კირან რიდი იყო, რომელმაც მასპინძლების მიერ გატანილი ხუთი ლელო
დან ორი მიითვალა. მგეზავმა დენ კარტერმა ოთხი საჯარიმო და სამი გარდასახვა ჩაიწერა აქტივში (18 ქულა).

ამ გამარჯვებით "კრუსეიდერზს" შანსი გაუჩნდა, ბოლო ტურში "ჩიფსს" პირველობა ჩამოართვას. საამისოდ ქრაისთჩერჩელებმა შინ ველინგტონის "ჰარიკენზი" უნდა დაამარცხონ და თან პრემიალური ქულაც აიღონ.

ამასთან ერთად, ჰემილთონელებმა სტუმრად უნდა წააგონ ოქლენდის "ბლუზთან" და თანაც ისე, რომ პრემიალური ქულა ვერ მოიპოვონ. ამოცანა საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

ამავე კონფერენციაში არაფრის მომცემ დაპირისპირებაში აუტსაიდერმა დანიდინის "ჰაილენდერზმა" სტუმრად დაამარცხა ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ველინგტონის "ჰარიკენზი" - 49:44.

თამაში, როგორც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, უხვლელოიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ სტუმრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და 68-ე წუთამდე 22 ქულით იგებდნენ - 49:27.

მასპინძლებმა ექვს წუთში სამი ლელოს გატანა მოახერხეს და ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირეს - 44:49. მატჩის დასრულებამდე დარჩენილ ექვს წუთში კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

XIX ტური
კრუსეიდერზი-ჩიფსი 43:15, ჰარიკენზი-ჰაილენდერზი 44:49

სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 61 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 56, 3. ბლუზი - 44, 4. ჰარიკენზი - 41, 5. ჰაილენდერზი - 27.

XX ტური
კრუსეიდერზი-ჰარიკენზი, ბლუზი-ჩიფსი

სამხრეთი აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში პირველი ადგილი პრეტორიის "ბლუ ბულზს" ორი ტურით ადრე ჰქონდა განაღდებული, თუმცა საშინაო მატჩში დურბანის "ნატალ შარქსს" არაფერი დაუთმო, მინიმალური სხვაობით 20:19 დაამარცხა და მეორე ადგილზე გასვლის ყველანაირი შანსი მოუსპო.

მარცხის მიუხედავად, "ზვიგენები" შესანიშნავად გაისარჯნენ. 72-ე წუთამდე ისინი 19:13-ს იგებდნენ, თუმცა მეტოქის გააფთრებულ შეტევებს ვეღარ გაუძლეს და შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა იანო ვერმარკმა ლელო გაუტანა, რომელიც მგეზავმა მორნი სტეინმა გარდასახა.

დურბანელთაგან საუკეთესო შუამარბად მოთამაშე პატრიკ ლამბიე იყო, რომელმაც ერთი ლელო და სამი საჯარიმო მიითვალა (14 ქულა).

მეორე ადგილზე მყოფმა ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" შინ ოქლენდის "ბლუზს" მოუგო - 34:13, თუმცა ეს შესაძლებელია, საკმარისი არ აღმოჩნდეს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის შესანარჩუნებლად, ვინაიდან "ჩიტაზმა" ასპარეზობა უკვე დაასრულა.

მას კონკურენტი, კეიპთაუნის "სტორმერზი", რომელმაც სტუმრად მოუგო აუტსაიდერ "საუთერნ კინგს" - 24:12, ოთხი ქულით ჩამორჩება. კეიპთაუნელები ბოლო ტურში შინ ეთამაშებიან ლიდერ "ბლუ ბულზს".

მათ მეტოქე ისე უნდა დაამარცხონ, რომ ერთი პრემიალური ქულაც მიითვალონ, რაც "ლურჯ ხარებთან" დაპირისპირებაში ძალიან ძნელი მისაღწევია.

XIX ტური
ჩიტაზი-ბლუზი 34:13, საუთერნ კინგზი-სტორმერზი 12:24, ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი 20:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 63 ქულა, 2. ჩიტაზი - 50, 3. სტორმერზი - 46, 4. ნატალ შარქსი - 43, 5. საუთერნ კინგზი - 24.

XX ტური
სტორმერზი-ბლუ ბულზი, ნატალ შარქსი-საუთერნ კინგზი

ავსტრალია
როგორც უკვე ვთქვით, მწვავე ბრძოლაა გაჩაღებული ავსტრალიის კონფერენციაში. თუმცა აქ მატჩები მხოლოდ მომავალ უქმეებზე გაიმართება, რადგან ავსტრალიის ნაკრები შაბათს "ბრიტანელ ლომებს" დაუპირისპირდა ტურნეს ბოლო მატჩში.

აქ ორი გამოკვეთილი ლიდერია. კანბერას "ბრამბიზი" 59 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი კვირის თავზე სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერ პერთის "ფორსს". ბრამბიზელებს ხუთი ქულით ჩამორჩება ბრისბენის "რედსი", რომელიც ასევე სტუმრად ითამაშებს სიდნეის "ვორათაზთან".

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 59 ქულა, 2. რედსი - 54, 3. ვორათაზი - 44, 4. მელბურნ რებლზი - 32, 5. ფორსი - 27.

XX ტური
მელბურნ რებლზი-ჰაილენდერზი, ვორათაზი-რედსი, ფორსი-ბრამბიზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული