ზე რაგბი: "ჰარიკენზი" პლეი ოფშია, "ჯვაროსნებმა" გვიან გაიღვიძეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ბურთით დენ კარტერი
ზე რაგბიში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტური დარჩა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება ახალზელანდიურმა ველინგთონის "ჰარიკენზმა" გაინაღდა. ეს გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს არა მარტო კონფერენციაში, არამედ მთლიანად ტურნირში.

ავსტრალიის კონფერენციაში პლეი ოფში თამაშის შანსს ორი გუნდი - კანბერას "ბრამბიზი" და სიდნეის "ვორათაზი" - ინარჩუნებს. კანბერელებმა მე-16 ტურში შინ მიიღეს სამხრეთ აფრიკის პრეტორიის "ბლუ ბულზი" და 22:16 დაამარცხეს. ორი ლელო მასპინძელთა ფიჯელმა გარემარბმა ჰენრი სპეისმა მიითვალა.

სიდნეელებმა კი სტუმრად წააგეს სამხრეთ აფრიკაში იოჰანესბურგის "ლაიონზთან"
- 22:27. "ლომები" სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში მეორე ადგილზე არიან და ასევე, პლეი ოფში თამაშისთვის იბრძვიან. მასპინძელთა რიგებში გარემარბი იაკობუს კონბრიკი გამოირჩა, რომელმაც სპეისის მსგავსად, დუბლი გაახერხა.

ავსტრალიის კონფერენციის აუტსაიდერების დავაში პერთის "ფორსმა" შინ წააგო ბრისბენის "რედსთან" - 10:32. ყველაზე შედეგიანი "წითლებისა" და "ვოლაბების" მგეზავი ქუეიდ კუპერი იყო, რომელმაც ორი ლელო, სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (22 ქულა). ორი ლელო მიითვალა გარემარბმა ლაკი ტერნერმაც.

ავსტრალია
XVI ტური
ბრამბიზი-ბლუ ბულზი 22:16, ფორსი-რედსი 10:32

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 42 ქულა, 2. ვორათაზი - 42, 3. მელბურნ რებლზი - 31, 4. რედსი - 22, 5. ფორსი - 15.

XVII ტური
ფორსი-ბრამბიზი, მელბურნ რებლზი-ბლუ ბულზი, რედსი-ჩიფსი

ახალი ზელანდიის კონფერენცია, თამამად შეიძლება ითქვას, დედაქალაქურმა "ჰარიკენზმა" მოიგო. ველინგთონელებმა, მართალია, სტუმრად წააგეს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" - 18:35, მაგრამ 57 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ დანიდინის "ჰაილენდერზს" ათი ქულით უსწრებენ.

"ჯვაროსნებმა" სეზონის საუკეთესო მატჩი გამართეს და მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს. მგეზავმა დენ კარტერმა ჩვეული სიზუსტით ურტყა კარში და სამ გარდასახვას ამდენივე საჯარიმო მიაყოლა (15 ქულა). აღსანიშნავია, რომ კარტერმა მიმდინარე სეზონში მგეზავად პირველად ითამაშა და გუნდიც თავის თავს დაემსგავსა.

მეორეადგილოსანმა "ჰაილენდერზმა" კი უშანსოდ მოუგო ჰემილთონის "ჩიფსს" - 36:9 და სატურნირო ცხრილში მისი ადგილი დაიკავა. ფანტასტიკურად გაისარჯა დანიდინელთა უკანა ხაზი. ოცდათექვსმეტივე ქულა მათ ანგარიშზეა. მგეზავმა ლიამ სოპოაგამ ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (16 ქულა). "მთიელები" ახლა "ჩიფსს" სამი ქულით უსწრებენ და მათ შორის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

ახალი ზელანდია
XVI ტური
კრუსეიდერზი-ჰარიკენზი 35:18, ჰაილენდერზი-ჩიფსი 36:9

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარიკენზი - 57 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 47, 3. ჩიფსი - 44, 4. კრუსეიდერზი - 36, 5. ბლუზი - 20.
XVII ტური
ჰარიკენზი-ჰაილენდერზი, ბლუზი-კრუსეიდერზი

სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში 43 ქულით კეიპთაუნის "სტორმერზი" ლიდერობს. ამ გუნდმა მე-16 ტურში შინ დაამარცხა ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" - 42:12. ორი ლელო გარემარბმა სებელო სენატლამ გაიტანა. მგეზავმა დემეტრი კატრაკილისმა სამი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა მიითვალა (17 ქულა).

ახალი "სტორმერზი" მეორეადგილოსან "ლაიონზს" სამი ქულით უსწრებს.

პლეი ოფში გასვლის ყოველგვარი იმედი გადაეწურა დურბანის "ნატალ შარქსს", რომელმაც შინ დაამარცხა ავსტრალიის "მელბურნ რებლზი" - 25:21.

პირველობისთვის ბრძოლის შანსი არც მელბურნელებს აქვთ, თუმცა თამაში, როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

სამხრეთი აფრიკა
XVI ტური
ნატალ შარქსი-მელბურნ რებლზი 25:21, სტორმერზი-ჩიტაზი 42:12, ლაიონზი-ვორათაზი 27:22

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 43 ქულა, 2. ლაიონზი - 40, 3. ბლუ ბულზი - 36, 4. ნატალ შარქსი - 29, 5. ჩიტაზი - 20.

XVII ტური
ჩიტაზი-ვორათაზი, სტორმერზი-ლაიონზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული