ზე რაგბი: ყველაფერს ინდივიდები წყვეტენ

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშებაში ბოლო, გადამწყვეტი ეტაპის დრო დადგა.

ნახევარფინალის შესარჩევ მატჩებში ახალზელანდიური ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" ავსტრალიურ ბრისბენის "რედსს" უმასპინძლებს. "წითლების" თანამემამულე კანბერას "ბრამბიზი"
კი, სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" მიიღებს.

ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" წლევანდელი სეზონი არასტაბილურად დაიწყო და ლიდერთა შორისაც არ იყო.

"ჯვაროსნებმა" საჭირო მომენტში მაინც მოახერხეს სასურველ ფორმაში შესვლა და ბოლო სამი თვის განმავლობში მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს.

ბრისბენელებთან საშინაო მატჩში, ცხადია, ფავორიტი "კრუსეიდერზია". თავად განსაჯეთ. ამ გუნდს მსოფლიოში საუკეთესო მესამე ხაზი ჰყავს: ჯორჯ ვაითლოქი, მეთ ტოდი და
კირან რიდი. აქვე თამაშობს ბრწყინვალე მგეზავი დენ კარტერი და ყველაზე საშიში უკანა ხაზელები: იზრაელ დაგი, ტომი მარშალი, ზაკ გილფორდი.

აღარაფერს ვამბობთ მსოფლიოს საუკეთესო მესამეხაზელზე, ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერსა და კაპიტან რიჩი მაქოაზე, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა და გუნდის მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის გაამწესა.

ერთია, როგორ გამოიყურება გუნდის შემადგენლობა ქაღალდზე და სხვაა, რამდენად შეძლებს მწვრთნელი მის ხელთ არსებული მორაგბეების პოტენციალის გამოყენებას.

ბრისბენელები, რომლებიც შარშანწინდელი გათამაშების გამარჯვებულები არიან, ამ შედეგის გასამეორებლად ყველაფერს გააკეთებენ.

"წითლების" შემადგენლობაში გამორჩეული მოთამაშეები ცხრა ნომერი ვილი გენია და მგეზავი ქუადე კუპერი არიან, რომლებსაც ინდივიდუალურად შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში სტუმრად ეთამაშება სამხრეთაფრიკულ პრეტორიის "ბლუ ბულზს".

კრუსეიდერზი-რედსი
კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ტომი მარშალი, 13. რაიან კროფტი, 12. ტომ ტეილორი, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ენდი ელისი. 1. ვაით კროკეთი, 2. კორი ფლინი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდი, 8. კირან რიდი.
16. ბენ ფუნელი, 17. ჯო მუდი, 18. ლუკ ვაითლოქი, 19. რიჩი მაქოა, 20. ვილი ჰეინცი, 21. ტაილერ ბლეინდაალი, 22. ადამ ვაითლოქი.
რედსი: 15. ბენ ლუკასი, 14. დომ შიპერლი, 13. ბენ ტაპუაი, 12. ჯონო ლენსი. 11. კრის ფეაუაი-საუიტია, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. გრეგ ჰოლმსი, 2. საია ფაინგაა, 3. ჯეიმზ სლიპერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. ედი ქუირკი, 7. ლიამ გილი, 8. ჯეკი შატცი.
16. ალბერტ ანაე, 17. ჯონო ოუენი, 18. ედ ოდონჰუე, 19. რადეკი სამო, 20. ბო რობინსონი, 21. ნიკ ფრისბი, 22. ლუკე მორაჰანი.

მეორე წყვილში, როგორც უკვე ვთქვით, ავსტრალიური კანბერას "ბრამბიზი" შინ მიიღებს სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინის "ჩიტაზს". ამ უკანასკნელს სეზონის დაწყების წინ პლეი ოფში არავინ ელოდებოდა.

ჩიტაზელებმა უკან მოიტოვეს ისეთი სამხრეთაფრიკული "ვეშაპები", დურბანის "ნატალ შარქსი" და კეიპთაუნის "სტორმერზი" რომ არიან.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთ კარგ ასპარეზობას არც კანბერელებისგან ელოდებოდა ვინმე. ამ ფაქტს რაგბის სპეციალისტები იაპონიიდან "ბრამბიზში" დაბრუნებულ მესამეხაზელ ჯორჯ სმითს მიაწერენ.

ის მართლაც ძალიან მაგარი მორაგბეა, მაგრამ, ფაქტია, რომ მარტო ვერას გახდებოდა. მით უფრო, რომ კანბერელებმა ავსტრალიის კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავეს. სმითის გარდა "ბრამბიზში" წამყვანი მოთამაშეები კრისტიან ლეალიფანო და მეთ ტოომუა არიან.

"ჩიტაზის" ნახევარფინალში გასვლის შანსი, ვფიქრობთ, მაინც მინიმალურია. თუმცა წარმატების შემთხვევაში ბლუმფონტეინელებს სტუმრად მოუწევთ თამაში ზე რაგბის ამჟამინდელ ჩემპიონთან, ახალზელანდიურ ჰემილთონის "ჩიფსთან".

ბრამბიზი-ჩიტაზი
ბრამბიზი: 15. ჯესი მოგი, 14. ჰენრი სპეიგთი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. კრისტიან ლეალიფანო, 11. კლაიდ რათბონი, 10. მეთ ტოომუა, 9. ნიკ ვაითი. 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სკოტ ფარდი, 5. სემ კარტერი, 6. პეტერ კიმლინი, 7. ჯორჯ სმითი, 8. ბენ მოვენი.
16. სილვია სილვია, 17. რუან სმითი, 18. ფოტუ აუელა, 19. კოლბი ფაინგაა, 20. იან პრიორი, 21. ენდრიუ სმითი, 22. ჯო ტომანე.
ჩიტაზი: 15. ჰენი დანიელი, 14. ვილი ლე რუ, 13. ჯოან სედი, 12. რობერტ ებერსონი, 11. რაიმონდ რულე, 10. რაიან სმითი, 9. პიტ ფან ზილი. 1. კოენ ოსტჰუიზენი, 2. ადიან სტრაუსი, 3. ლორან ადრიანსე, 4. ლუდ დე იაგერი, 5. ლიგტორინგ ლანდმანი, 6. ჰაინრიც ბრსოუ, 7. ლაპის ლაბუსჰაჰნი, 8. ფილიპ ფან დერ მერვე.
16. რინო ბარნსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. ვოლტიე ვერმულენი, 19. ბუმ პრინსლოო, 20. სერელ პრეტორიუსი, 21. ელგარ ვოტსი, 22. რეინო ბენიამინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული