ზე რაგბი: ფინალში ყველაფერი ხდება

AutoSharing Option
ტრადიციულად, შევაჯამოთ განვლილი სარაგბო კვირა.

ძირითადი მოვლენები ოვალურ სამყაროში ზე რაგბის გათამაშებაში განვითარდა.

პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ საინტერსო გამოდგა.

განვლილ უქმეებზე საფრანგეთის ქართველ მორაგბეთა გუნდებმა პირველი საკონტროლო შეხვედრები გამართეს. თუმცა იქ გმირებისა და ანტიგმირების გამოყოფა ჯერ ნაადრევია.

ყოჩაღები

ჰემილთონის "ჩიფსი"
რაგბის სპეციალისტთა უმრავლესობა, "კრუსეიდერზთან" ნახევარფინალური მატჩის წინ, "ჩიფსს" მარცხს უწინასწარმეტყველებდა.

ჰემილთონელებმა ყველა აიძულეს დადუმებულიყვნენ. მათ დაამტკიცეს, რომ შარშან ზე რაგბის გათამაშება შემთხვევით არ მოუგიათ.

შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში და კიდევ უფრო შემოქმედებითად შეტევაში. "ჩიფისის" გმირობა მით უფრო
შთამბეჭდავია, რომ ტურნირის უმთავრეს ფავორიტთან მატჩში წამყვანი მოთამაშეები რიჩარდ კაჰუი, ტიმ ნანაი-ვილიამსი და მაჰონრი შვაიგერი აკლდა.

ახლა, მათ კიდევ 80 წუთი დარჩათ მორიგ ტრიუმფამდე. ზედიზედ მეორედ ჰემილთონში ზე რაგბის ფინალი გაიმართება. საინტერესოა, გამეორდება თუ არა შარშანდელი ისტორია?

კანბერას "ბრამბიზი"
ძალიან ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა ჯეკ ვაითის სამწყსოს წარმატებულ გამოსვლას სტუმრად, პრეტორიის "ლოფტუს ვერსფილდზე".

ბრამბიზელებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და მრისხანე "ბლუ ბულზი" თავისსავე მოედანზე დაამარცხეს.

ავსტრალიის კონფერენციის გამარჯვებულები პირველად ითამაშებენ ფინალში 2004 წლის შემდეგ. ისინი აუტსაიდერებად მიიჩნევიან, მაგრამ, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, ფინალში ყველაფერი ხდება.

იოჰანესბურგელი ლომები
იოჰანესბურგის "ლაიონზმა" შესაძლოა ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ლომები" ზე რაგბის წლევანდელი გათამაშების ხელმოცარულ "საუთერნ კინგზს" დაუპირისპირდნენ და 26:19 მოუგეს.

შედეგად, მომავალ სეზონში, სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირში სწორედ იოჰანესბურგელები ითამაშებენ. ეს კი მომავალი წლისთვის ახალი ინვენსტიციებისა და დამატებითი შემოსავლების წყაროა.

ჯორჯ სმითი (ბრამბიზი)
ის 33 წლისაა. სმითი საუკეთესო იყო "ბლუ ბულზისა" და "ბრამბზის" დაპირისპირებისას პრეტორიაში.

კანბერაში იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ, ჯორჯი აღმოჩენად იქცა. მან შესანიშნავად შეცვალა ტრავმირებული დევიდ პოქოკი. ამბობდნენ, რომ "ბრიტანელი ლომების" წინააღმდეგ თამაში ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში მისი გედის სიმღერაა, მაგრამ ეს მართალი არ გამოდგა.

ხელმოცარულები

დიუვალ პოთხიტერი (ბლუ ბულზი)
პრეტორიელთა კაპიტანი, იქამდე, სანამ იაპონიაში გაემგაზვრება სათამაშოდ, დიდხანს დაჩება "ბლუ ბულზის" ქომაგების მეხსიერებაში.

დიუვალ პოთხიტერმა, "ბრამბიზთან" მატჩში კარში დასარტყმელი სამი საჯარიმოდან, მორნი სტეინს სამჯერვე ბურთი აუტში გადაატანინა.

"ლურჯმა ხარებმა" პირველ შემთხვევაში დერეფანი კი მოიგეს, მაგრამ მოლის შეკვრის შემდეგ, მეტოქის ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლეს. დანარჩენ ორ შემთხვევაში კი, დერეფანში უხეიროდ გაისარჯნენ.

ამ მოვლენებმა სტადიონზე დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. მაყურებელი ჯიუტად ითხოვდა საჯარიმოს კარში დარტყმას, მაგრამ პოთხითერი თავისას არ იშლიდა. დიუვალმა თავისი უცნაური გადაწყვეტილება ტერიტორიის მოგების მიზნით ახსნა.

მართალია, მასპინძლებმა ამ ხერხით ათი წუთი მოიგეს, რადგან მუდმივად მეტოქის ნახევარზე თამაშობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მატჩი წააგეს და ფინალის მიღმა დარჩნენ.

დენ კარტერი (კრუსეიდერზი)
ძალიან იშვიათად ხდება, როცა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი დენ კარტერი ხელმოცარულთა შორის ხვდება. მან ვერ მოახერხა საჭირო მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც თავის ბრწყინვალე კარიერას შავი ლაქა დაამჩნია.

"ბლუ ბულზის" შერკინება
თუ შერკინება სათანადოდ ვერ ირჯება, მატჩის მოგებაზე არც იოცნებო. დაუჯერებელია, მაგრამ "ბლუ ბულზის" შერკინება, რომელიც მუდამ საუკეთესო იყო, "ბრამბიზთან" მატჩში ვერას გახდა.

"ლურჯი ხარები" უსუსურად გამოიყურებოდნენ. როგორც ჩანს, გუნდის მწვრთნელებმა "ახალი სისხლის" გადასხმაზე უნდა იფიქრონ. მოგვიანებით, მასპინძლებმა ოდნავ შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ გვიანღა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული