მრავალტანჯული წითლების ვარსკვლავები

AutoSharing Option
ავსტრალიური რაგბის თემი ამჟამად ქვიზლენდში სტიქიის შედეგებს ებრძვის. "სანკორპ სთედიუმის" მინდორი წყლითაა დაფარული და ელექტროგაყვანილობის დაზიანებამ მცირე ხანძარიც გააჩინა. ბრისბენის "რედსის" მოთამაშეები ამ დროს ქვიშით სავსე ტომრებს ბელმორში არსებული გუნდის საწვრთნელი ბაზის გარშემო აწყობდნენ, ადიდებულ მდინარეს იქაც რომ არ შეეღწია. ამ საქმეს რომ მორჩნენ, სტადიონის რეკონსტრუქციისთვის შექმნილი ფონდის დასახმარებლად ორგანიზებულ ტელემარათონში მიიღეს მონაწილეობა. ურიგო არ იქნებოდა, გაგვეხსენებინა ის დიდი მორაგბეები, ვისაც ამ "მრავალტანჯული" გუნდის კვართი მოურგია:

ჯონ ილზი
ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მორაგბე იყო. ილზის სარაგბო კარიერა ერთნაირად წარმატებული იყო,
როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. ის რაგბიმდე კრიკეტით იყო გატაცებული და საკმაოდ წარმატებითაც ასპარეზობდა ქვიზლენდის უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში.

ჯონ ილზმა "რედსის" შემადგენლობაში ზე რაგბის გათამაშებაში 122 მატჩი გამართა და 402 ქულა მოიპოვა. ის ორჯერ იყო მსოფლიოს თასის მფლობელი. პირველად 1991 წელს, როდესაც სრულიად ახალგაზრდა იყო, მეორედ კი 1999 წელს. "ვოლაბებმა" მისი მეთაურობით 2000 და 2001 წლებში სამი ერის გათამაშება მოიგეს და "ბრიტანელი ლომებიც" დაამარცხეს.

მაიკლ ლინეგი
მისი კარიერა ავსტრალიური რაგბის ორი წარმატებული პერიოდის შუალედში წარიმართა. ლინეგის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1984 წელს 21 წლის ასაკში შედგა. მაშინ მან ევროპულ ტურნეში შუამარბად ითამაშა. 1991 წელს კი ინგლისში, "თვიქნემზე" მსოფლიოს თასის ფინალის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მაიკლ ლინეგი რაგბის 1995 წელს გამოეთხოვა. მან "რედსის" კვართით 100 მატჩში ითამაშა და 1 166 ქულა მოიპოვა. 1999 წელს "ქვიზლენდის საუკუნის გუნდის" ათ-ნომრიანი მაისური უბოძეს.

ტიმ ჰორანი
ის ილზივით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ჰორანმა "ვოლაბების" გამარჯვებაში 1991 და 1999 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებებში ლომის წილი დაიდო. საგულსიხმოა, რომ 1994 წელს მან სერიოზული ტრავმა მიიღო, როს გამოც ერთ წელიწადზე მეტი გაუცდა, თუმცა რაგბიში უკან მიბრუნებულმა, კიდევ უფრო მეტად გაიბრწყინა.

ჰორანის კარიერის პიკი 1999 წლის მსოფლიოს თასი იყო, სადაც ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კრის ლეთემი
ის ავსტრალიის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე იყო. "რედსამდე" ის "ნიუ საუთ ველსის" შემადგენლობაში თამაშობდა. ლეთემის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1998 წელს შედგა. მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც რაგბიდან ილზის, ჰორანისა და კომპანიის "ოქროს თაობა" წავიდა, "ვოლაბების" წამყვანი მოთამაშე გახდა.

კრის ლეთემმა "რედსის" შემადგენლობაში 199 მატჩში ითამაშა. კარიერა კი, 2008 წელს დაასრულა ინგლისურ "ვორსტერში". ის ოთხჯერ დაასახელეს "რედსის" წლის საუკეთესო მოთამაშედ. 2006 წელს კი, როგორც საუკეთესო ავსტრალიელმა მოთამაშემ, ჯონ ილზის სახელობის მედალი მიიღო.

შონ ჰერდმენი
შესაძლოა, ის მსოფლიოს რაგბის ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ "რედსს" ერთგულად ემსხურა მრავალი წლის განმავლობაში. ზე რაგბის გათამაშებაში მის ანგარიშზე 148 მატჩია. "ვოლაბების" შემადგენლბაში სულ ოთხი კეპი მოიპოვა. ჰერდმენის დებიუტი 2002 წელს საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში შედგა. ბოლოს კი, ავსტრალიის ნაკრების ოქროსფერი კვართი, 2007 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფურ ტურნირზე, კანადის ეროვნულ გუნდთან მატჩში მოირგო.

ენდრიუ სლეკი
ის 1984 წელს დიდი სლემის ტურნირზე "ვოლაბების" კაპიტანი იყო. სლეკის სანაკრებო კარიერა კი 1978 წელს დაიწყო. 1986 წელს მისი მეთაურობით ავსტრალიის ნაკრებმა ახალზელანდიურ ტურნეში ბრწყინვალედ იასპარეზა. სლეკი კაპიტნობდა "ვოლაბებს" მსოფლიოს თასის პირველ გათამაშებაში 1987 წელს, სადაც ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ.

სლეკი და კომპანია ვერას გხდა ფრანგ ვარსკვლავ სერჟ ბლანკოსთან. საბოლოოდ ავსტრალიელები მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ენდრიუ სლეკმა "რედსის" შემადგენლობაში 133 მატჩში ითამაშა. მოგვიანებით, ის "ვოლაბების" დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ქუადე კუპერი
22 წლის ასაკში მას საკმაოდ დიდი გამოცდიელბა დაუგროვდა. 2010 წელი მისთვის ძალზედ მრავალფეროვანი გამოდგა. კუპერი ჯერ ძარცვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს. მერე რაგბი ლიგაში დაბრუნება გადაწყვიტა და მის დასაყოლიებლად ავსტრალიის რაგბის კავშირს დიდი ძალისხმევა დასჭირდა

კუპერს "ვოლაბების" მგეზავის პოზიციაზე მეთ გიტო უწევდა კონკურენციას, თუმცა მან ეს წინააღმდეგობაც დაძლია და ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. "რედსის" რიგებში თამაშისას კი ორი რეკორდი მოხსნა. შარშან მან კლუბს 171 ქულა მოუტანა. კიდევ ერთი რეკორდი ელტონ ფლეტის ეკუთვნოდა, კუპერმა "კრუსეიდერზთან" მატჩში ორი ლელო, სამი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო გაიტანა (31 ქულა). რაც "რედსის" ახალი რეკორდია.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული