"რებლზის" პირველი, ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მეორე ტური B ჯგუფის ბინადრების, დანიდინის "ჰაილენდერზისა" და ჰემილთონის "ჩიფსის" მატჩით გაიხსნა. ჰემილთონელებმა შეხვედრის პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და 13:6 მოიგეს. დანიდინელები გონს შესვენების შემდეგ მოეგნენ და მაქსიმალურად სწრაფად და მძლავრად ამოქმედდნენ.

მესამეხაზელმა ნასი მანუმ და გარემარბმა პოკი კადემ თითო ლელო გაუტანეს, რომლებიც მგეზავმა ლიმა სოპოაგამ გარდასახა. მანვე მატჩის მიწურულს ერთი საჯარიმოც გაიტანა.

"ჩიფსმა" კი მეორე ტაიმში საკუთარი მონაგრის გაზრდა ვერ მოახერხა და 13:23 წააგო. ჰემილთონელთაგან გამორჩეული იყო მგეზავი მაიკ დელანი, რომელმაც გუნდს 13 ქულა მოუტანა (ერთი
ლელო, ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

25 თებერვალი ისტორიული დღე გამოდგა ზე რაგბის გათამაშების ახალი გუნდისთვის, A ჯგუფში მოასპარეზე "მელბურნ რებლზისთვის", რომელმაც შინ კანბერას "ბრამბიზთან" ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპვა - 25:24.

მატჩი მგეზავების, მელბურნელი დენი სიპრიანისა და კანბერელი მეთ გიტოს დუელად გადაიქცა. უკეთესი სიპრიანი გამოდგა, რომელმაც ვიზავი ფეხჩუბინობაში დაჩაგრა. მან ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასხვა გაიტანა (20 ქულა). მეექვსე, გამარჯევბის მომტანი საჯარიმო სიპრიანიმ მატჩის ბოლო წუთზე დაარტყა. გიტოს მონაგარი შედარებით მოკრძალებულია, მან სამი საჯარიმო, ერთი არეკნი და ერთი გარდასახვა მიითვალა (14 ქულა).

"მელბურნ რებლზის" შემადგენლობაში თავისი პირველი ლელო მიითვალა ლეგენდარულმა ავსტრალიელმა შუამარბმა სტირლინგ მორთლოქმა. ბრამბიზელთაგან თავი უკანახაზელებმა, პატრიკ მაკკებიმ და ჰენრი სპეიჰთმა გამოიჩინეს.

ამავე ჯგუფში დიდ ინტერესს იწვევს სიდნეის "ვორათაზისა" და ბრისბენის "რედსის" დაპირისპირება. ორივე გუნდმა სტარტი წარმატებულად აიღო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სიდნეელებს "წითლებისთვის" ექვსი წელიწადია არ მოუგიათ, მაგრამ "ვორათაზი" წლეულს, როგორც ჩანს, შესანიშნავად მოემზადა და რევანშის აღებას შეეცდება.

B ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა, ველინგთონის "ჰარიკენზსა" და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" შორის, გადაიდო. ქრაისთჩერჩში სტიქიურმა უბედურებამ, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქალაქი ნანგრევებშია მოქცეული.

საკმაოდ მძიმე და საინტერესო ბრძოლებია მოსალოდნელი C ჯგუფში. ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" სტუმრად ეთამაშება ბლუმფონტეინში "ჩიტაზს". პრეტორიელებმა მეტოქისგან განსხვავებით პირველ ტურში ასევე სტუმრად მოიგეს. "ლურჯი ხარები" მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან და, წესით, ბლუმფონტეონში "ქვა ქვაზე არ უნდა დატოვონ".

გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი, დურბანის "ნატალ შარქსი" ოქლენდის "ბლუზს" შინ ეთამაშება. ორივე გუნდმა შეჯიბრება გამარჯვებით დაიწყო. ოქლენდელებმა "კრუსეიდერზი" დაამარცხეს, რაც მათ თამაშს მეტ დამაჯერებლობას შესძენს. თუმცა დურბანელები შინ იოლად არავის არაფერს უთმობენ და სავარაუდოდ, საკმაოდ მძიმე თამაშს უნდა ველოდოთ.

ამ ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება კეიპთაუნში, სადაც "სტორმერზი" იოჰანესბურგის "ლაიონზს" უმასპინძლებს. მასპინძლებისთვის ეს მატჩი სასტარტო იქნება, მაშინ როცა "ლომებმა" სტუმრად წააგეს "ბლუ ბულზთან" - 24:20.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული