ფორმულა 1. უნგრეთის გრანპრი: მეორე დუბლი

AutoSharing Option
საკვალიფიკაციო რბოლას მოულოდნელი შედეგები ჰქონდა - სასტარტო ბილიკის პირველი რიგი "ფერარის" პილოტებმა მოიპოვეს - პირველი პოზიციიდან იღებდა სტარტს სებასტიან ფეტელი, მეორედან - კიმი რაიკონენი.

მხოლოდ მესამე და მეოთხე სასტარტო პოზიციაზე იყვნენ "მერსედესის" პილოტები, შესაბამისად, ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი.

როგორც კი სტარტი მისცეს, ორივე "ფერარიმ" სინქრონულად დაიწყო მოძრაობა და მშვიდად შეინარჩუნა პირველი ორი ადგილი. ვალტერი ბოტასსაც კარგი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მას კინაღამ გაუსწრო გარე ტრაექტორიით მაქს ფერსტაპენმა. ჰოლანდიელს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა და კინაღამ მესამე ადგილზე გადავიდა.

ლუის ჰემილტონმა პირიქით, დაკარგა
სტარტზე ორი პოზიცია - წინ გაუშვა ორივე "რედ ბული", რომლებსაც შემდეგ ავარია მოუვიდათ. დანიელ რიკარდომ ვერ შეძლო რბოლის გაგრძელება, ხოლო მისი "რედ ბულის" ევაკუირებისთვის და ტრასის ზეთისგან გაწმენდისთვის უსაფრთხოების მანქანის გამოყვანა გახდა საჭირო. მოგვიანებით, ფერსტაპენმა ამ ეპიზოდისთვის 10 წამი ჯარიმა მიიღო.

სეიფტი-კარმა ტრასა მეხუთე წრეზე დატოვა. ფეტელმა და რაიკონენმა დამაჯერებლად შეინარჩუნეს საკუთარი პოზიციები, ბოტასმა თავიდან აიცილა ფერსტაპენის მხრიდან პრესინგი, თავად მაქსს კი თავიდანვე შეუტია ჰემილტონმა. ჰოლანდიელმა მოიგერია ბრიტანელის იერიშები და შეინარჩუნა მეოთხე ადგილი.

* * *
მეათე წრისთვის ფეტელი რაიკონენს სამი წამით დაშორდა, თავის მხრივ, კიმი ოთხ წამს უგებდა ბოტასს. მათთან ახლოს იყო ფერსტაპენი, რომელიც ინარჩუნებდა ლიდერთა ტემპს. აი, ლუის ჰემილტონი კი თანდათან შორდებოდა პირველ ოთხეულს.

მე-20 წრეზე ბოტასის ჩამორჩენა ორ "ფერარისთან" ცხრა წამამდე ავიდა - "მერსედესს" უნგრეთში "ფერარის" წინააღმდეგ ტემპი არ ჰქონდა. ჰემილტონი ფერსტაპენთან მიახლოებასაც კი ვერ ახერხებდა. პიტსტოპების სერიასთან ახლოს, ბოტასი ოდნავ მიუახლოვდა ფეტელს, რომელსაც საჭის მართვასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, თუმცა ფინელი მაინც ბევრს - შვიდ წამს აგებდა.

ლიდერთაგან პირველი ბოქსებში ბოტასი შევიდა (30-ე წრეზე), ერთი წრის შემდეგ, საბურავები გამოცვალა ჰემილტონმა - ორივენი "სოფტზე" გადავიდნენ. "ფერარიმაც" მალე განახორციელა პიტსტოპები: ფეტელმა 33-ე წრეზე, რაიკონენმა - 34-ზე. ტრასაზე სებასტიანი და კიმი გვერდიგვერდ აღმოჩდნენ - მათ შორის სხვაობა რამდენიმე მეათედი წამი იყო, გარდა ამისა, ოდნავ შეამცირეს სხვაობა "მერსედესებმაც": ბოტასი ოთხ წამზე ცოტას აგებდა, ჰემილტონი - ხუთ წამს.

რბოლას კი სათავეში ჩაუდგა მაქს ფერსტაპენი, მაგრამ ჰოლანდიელმა 45-ე წრეზე შეასრულა პიტსტოპი, 10-წამიანი ჯარიმაც მოიხადა და ტრასაზე მეხუთე ადგილზე დაბრუნდა - ჰემილტონთან 12-წამიანი ჩამორჩენით. პირველი ოთხეული ოთხ წამში ეტეოდა, მაგრამ 46-ე წრეზე ტემპის სწრაფად კარგვა დაიწყო ბოტასმა - ფინელმა წინ გაუშვა თანაგუნდელი, რომელმაც უფრო ხისტ საბურავებზე გადასვლის შემდეგ, "ფერარიზე" სწრაფად დაიწყო მოძრაობა.

* * *
ლუისი ყოველ წრეზე სამ-ოთხ მეათედ წამს უგებდა სებასტიანსა და კიმის და 50-ე წრეზე უკვე DRS-ის ზონაში იყო რაიკონენის უკან. ამ ჯგუფს უკანიდან უახლოვდებოდა ფერსტაპენი, რომელიც ახალი საბურავებით წამზე მეტს უგებდა "ფერარისა" და "მერსედესს".

ყოველ წრეზე ჰემილტონი მთელი მონდომებით უტევდა, მაგრამ რაიკონენთან შესატევ დისტანციაზე მისვლას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ფინიშამდე 10 წამით ადრე, ჰემილტონი კინაღამ ტრასიდან გადავარდა, მაგრამ მაინც გააგრძელა კიმის პრესინგი. თუმცა, წარუმატებლად. ფინიშამდე ექვსი წრით ადრე, ჰემილტონი უკვე ორი წამით ჩამორჩა მეტოქეს და ფაქტობრივად დაკარგა გასწრების შანსი.

სებასტიან ფეტელმა მეოთხე რბოლა მოიგო სეზონში, რაიკონენი კი მეოთხედ ავიდა პოდიუმზე. თავად "ფერარიმ" სეზონში მეორე დუბლი იზეიმა - მანამდე ეს მონაკოში მოხდა. ლუის ჰემილტონმა კი ბოლო წრეზე დაუბრუნა მესამე ადგილი ვალტერი ბოტასს - ბრიტანელმა დააგდო ტემპი და პოდიუმი თანაგუნდელს გადაულოცა.

აღვნიშნოთ ფერნანდო ალონსოს მეექვსე ადგილი (რაც აშშ-ის შარშანდელი გრანპრის შემდეგ, საუკეთესო შედეგია ესპანელისთვის) და რბოლის საუკეთესო წრე.

გენერალურ კლასიფიკაციაში ფეტელის უპირატესობა ჰემილტონთან 14 ქულამდე გაიზარდა, მესამე ადგილზე მყოფი ბოტასი კი ლიდერს 33 ქულით ჩამორჩება. კონსტრუქტორთა თასზე "მერსედესსა" და "ფერარის" შორის 39 ქულაა.

ახლა, ჩემპიონატში ერთთვიანი პაუზის დრო დგება და ბრძოლა აგვისტოს ბოლოს, ბელგიაში განახლდება.

რბოლის სტენოგრამა
- სტარტზე სებასტიან ფეტელმა შეინარჩუნა უპირატესობა. "რედ ბულის" პილოტებმა გაუსწრეს ლუის ჰემილტონს. მაქს ფერსტაპენმა დაბლოკა საბურავი დამუხრუჭებისას და დანიელ რიკარდოს შეეჯახა. ამ უკანასკნელის მანქანაზე რადიატორი დაზიანდა, ავსტრალიელის "რედ ბული" მოსრიალდა და ტრასაზე გაჩერდა. ტრაკზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

- პირველი ათეული უსაფრთხოების მანქანის უკან: ფეტელი - რაიკონენი - ბოტასი - ფერსტაპენი - ჰემილტონი - საინსი - ალონსო - პერესი - ვანდორნი - ოკონი.

- რიკარდოს მანქანიდან ზეთი დაიღვარა. ბოლიდის ევაკუირება მოხდა, სტიუარდებმა ასფალტი გაწმინდეს.

- მე-5 წრეზე გამოაცხადეს რესტარტი. ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა. ჰემილტონმა შეუტია ფერსტაპენს, მაგრამ მაქსმა შეინარჩუნა პოზიცია.

- თანაგუნდელთან შეჯახებისთვის, ფერსტაპენმა 10-წამიანი ჯარიმა მიიღო.

- ფეტელი დაშორდა რაიკონენს და მეათე წრისთვის მისი უპირატესობა სამ წამამდე გაიზარდა, ბოტასს კი უკვე ხუთი წამით უსწრებდა.

- 31-დან 34-ე წრემდე ყველა ლიდერმა გამოცვალა საბურავები.

- 45-ე წრეზე ბოტასმა გაატარა ჰემილტონი და ლუისი რაიკონენს გამოეკიდა.

- პირველი ათეული 48 წრის შემდეგ: ფეტელი - რაიკონენი - ჰემილტონი - ბოტასი - ფერსტაპენი - ალონსო - საინსი - პერესი - ოკონი - ვანდორნი.

- პირველი სამეული მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდა - ისინი ორ წამში ეტეოდნენ. ჰემილტონი ამცირებდა ჩამორჩენას რაიკონენთან, მაგრამ კიმიც ფეტელთან ახლოს იყო და DRS-ს იყენებდა.

- 56-ე წრეზე ფერსტაპენი შეცდა და მე-11 მოსახვევში ტრასიდან გადავარდა, მაგრამ შეძლო ბრძოლის გაგრძელება პოზიციის დაკარგვის გარეშე.

- ბოლო წრეებზე ფერსტაპენი ბოტასს მიუახლოვდა, მაგრამ შეტევა ვერ შეძლო.

- ლიდერები აგრძელებდნენ მინიმალური სხვაობით სვლას, მაგრამ შეცდომებს არავინ უშვებდა, სიჩქარეც სამივეს ერთნაირი ჰქონდა. ამიტომაც, პოდიუმებზე ადგილებისთვის ბრძოლა არ გამოვიდა.

- ბოლო წრეზე ჰემილტონმა გაატარა ბოტასი, რითაც დაუბრუნა თანაგუნდელს "ნათხოვარი" მესამე ადგილი.

უნგრეთის გრანპრი
ჰუნგარორინგი. 70 წრე, 306.630 კმ
1(1). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) 1:39.46,713 (1)
2(2). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +0,908 (1)
3(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +12,462 (1)
4(4). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +12,885 (1)
5(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) +13,276 (1)
6(7). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) +71,223 (1)
7(9). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 1 წრე (1)
8(13). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 1 წრე (1)
9(11). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) 1 წრე (1)
10(8). სტოფელ ვანდორნი (ბელ, მაკლარენი) 1 წრე (1)

11(16). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 1 წრე (1)
12(10). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 1 წრე (1)
13(16). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 1 წრე (1)
14(17). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 1 წრე (1)
15(18). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 2 წრე (2)
16(20). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 2 წრე (2)
17(12). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 2 წრე (1)

ფინიშზე ვერ მივიდნენ
18(19). პოლ დი რესტა (ბრიტ, უილიამსი) 9 წრე
19(14). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 48 წრე
20(6). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) 70 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 202 (4 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 188 (4)
3. ვალტერი ბოტასი - 169(2)
4. დანიელ რიკარდო - 117 (1)
5. კიმი რაიკონენი - 116
6. მაქს ფერსტაპენი - 67
7. სერხიო პერესი - 56
8. ესტებან ოკონი - 45
9. კარლოს საინსი - 35
10. ნიკო ჰიულკენბერგი - 26
11. ფელიპე მასა - 23
12. ლენს სტროლი - 18
13. რომენ გროსჟანი - 18
14. კევინ მაგნუსენი - 11
15. ფერნანდო ალონსო - 10
16. პასკალ ვერლაინი - 5
17. დანიილ კვიატი - 4
18. სტოფელ ვარნდორნი - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 357
2. ფერარი - 318
3. რედ ბული - 184
4. ფორს ინდია - 101
5. უილიამსი - 41
6. ტორო როსი - 39
7. ჰაასი - 29
8. რენო - 26
9. მაკლარენი - 11
10. ზაუბერი - 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული