ტროპიკული წვიმა, ბევრი ავარია და პერესის გამარჯვება - ფორმულა 1 სინგაპურში დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3-კვირიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1-ის გრან-პრი სინგაპურში გაიმართა. ცნობილია, რომ "მარინა ბეის" ქუჩის ტრასა სხვა დანარჩენებისგან ცოტათი განსხვავებულია. ღამის რბოლა, ულამაზესი პეიზაჟები...

ჩაგდებული პერიოდის შემდეგ "რედ ბულის" მექსიკელმა პილოტმა კარიერაში მე-4 გამარჯვება ჩაიწერა. მივყვეთ თანამიმდევრობით...

კვალიფიკაცია საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პოულ პოზიცია შარლ ლეკლერმა ("ფერარი") მოიგო, მე-2 და მე-3 ადგილებზე სერხიო პერესი ("რედ ბული") და ლუის ჰამილტონი ("მერსედესი") გავიდნენ, მაქს ფერსტაპენს ("რედ ბული") საწვავთან დაკავშირებული პრობლემის გამო რბოლის დაწყება მე-8 ადგილიდან მოუწია.

უნდა აღვნიშნოთ ფერნანდო ალონსო ("ასტონ მარტინი"), რომელმაც კვალიფიკაციაზე მე-5
ადგილი დაიკავა და საიუბილეო, 350-ე რბოლას მშვენიერი განწყობით შეხვდა.

კვირა დღეს სინგაპურში ტროპიკული წვიმა მოვიდა, ტრასა დაიტბორა და ყველაფერი კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდა.

Sportall.Ge

რბოლა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. სერხიო პერესი ბოლიდში ჩაჯდომამდე "იმუქრებოდა", რომ შარლს პირველსავე მოსახვევამდე შეუტევდა და ასეც მოხდა, მექსიკელმა საწყისსავე მომენტში ლიდერობა მოიპოვა და აღარც ჩამოქვეითებულა. მშვენივრად დაიწყო ლუის ჰამილტონმაც, თუმცა კარლოს საინსთან ("ფერარი") მცირედი კონტაქტის შემდეგ ტრასის მიღმა მოუწია გადასვლა და ტემპიც დაკარგა.

თავიდანვე ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ ტრასასა და პირობებში უსაფრთხოების მანქანა არაერთხელ გამოჩნდებოდა. უკვე მე-7 წრეზე გუან ჟოუსა ("ალფა რომეო") და ნიკოლას ლატიფის ("უილიამსი") მცირე ინციდენტი მოუვიდათ და რბოლა ორივე პილოტმა დაასრულა. 21-ე წრეზე საიუბილეო რბოლას ფერნანდო ალონსო ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოეთიშა, 25-ე წრეზე ალექს ალბონი ("უილიამსი") გამოეთიშა; 33-ე წრეზე კარლოს საინსთან შეტევაზე გადართული ლუის ჰამილტონი ბარიერს დაეჯახა, თუმცა წინა ფრთა სასწაულებრივად გადარჩა და რბოლის გაგრძელება მოახერხა... ეს შემთხვევა წარმოუდგენელი იყო... 36-ე წრეზე ასეთივე ინციდენტი შეემთხვა იუკი ცუნოდას ("ალფა ტაური"), თუმცა იაპონელის ბოლიდი ძალიან დაზიანდა...

უსაფრთხოების მანქანა იმდენჯერ გამოჩნდა, რომ FIA-ს გასულ სეზონში მიღებული ახალი წესის გამოყენება მოუწია და გრან-პრის დასრულება არა კონკრეტული რაოდენობის წრით, არამედ დროით განისაზღვრა.

დიდი ხნის განმავლობაში პირველობისთვის სერხიო პერესი და შარლ ლეკლერი იბრძოდნენ, თუმცა მექსიკელი თავს მშვენივრად იცავდა, "მონეგასკმა" კი ერთ-ერთ მომენტში შეცდომა დაუშვა და "ჩეკოს" საგრძნობლად ჩამორჩა. რბოლის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სამხრეთამერიკელ მრბოლელს უთხრეს, რომ უსაფრთხოების მანქანასთან ინციდენტის გამო (გაუთანაბრდა და ანიშნებდა, რომ წასულიყო) 5-წამიანი ჯარიმის საშიშროება იყო. ამიტომ მაქსიმალური ტემპი უნდა აეკრიფა ("მოდი, გავქრეთ"). ასეც მოხდა და 7.4 წამით გავიდა წინ. საბოლოოდ, "ჩეკოს" 5 წამი დააკლეს, თუმცა მაინც მოიგო.

Sportall.Ge

პოდიუმზე შემდეგი სამეული ავიდა - სერხიო პერესი, შარლ ლეკლერი, კარლოს საინსი.

მე-4-მე-5 ადგილებზე ორი "მაკლარენი", ლანდო ნორისი და დანიელ რიკიარდო, გავიდა, მე-6 პოზიციაზე "ასტონ მარტინის" მრბოლელი ლენს შტროლი აღმოჩნდა, გათამაშების ლიდერი მაქს ფერსტაპენი მე-7 პოზიციას დასჯერდა, სებასტიან ფეტელმა ("ასტონ მარტინი") და ლუის ჰამილტონმა მე-8-მე-9 ადგილები გაინაწილეს, ათეული კი პიერ გასლიმ ("ალფა ტაური") შეავსო.

შემდეგი რბოლა იაპონიაში, 9 ოქტომბერს გაიმართება. სავარაუდოდ, "სუზუკაზე" მოიპოვებს მაქსი მე-2 მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

სატურნირო ცხრილი ასეთია:

მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") - 341

შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 237

სერხიო პერესი ("რედ ბული") - 235

ჯორჯ რასელი ("მერსედესი") - 203

კარლოს საინსი ("ფერარი") - 202

ლუის ჰამილტონი ("მერსედესი") - 170



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული