ბასილაშვილი ნახევარფინალში გაჩერდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა საფრანგეთის ქალაქ მეცის ტურნირზე გამოსვლა.

ისევე, როგორც მერვედფინალში, მეოთხედფინალშიც ბასილაშვილმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე.

უზბეკი დენის ისტომინის წინააღმდეგ მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტები ქართველმა გამოიმუშავა, მაგრამ მეშვიდე გეიმში სამი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მე-11 გეიმში ნიკამ "მშრალი" ანგარიშით აიღო მეტოქის მოწოდება. მომდევნო გეიმში ქართველს გაუჭირდა სეტზე ჩაწოდება, სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, მაგრამ მაინც მოიგო - 7:5. პირველი პარტია 53 წუთი გრძელდებოდა.

სამაგიეროდ, მეორე სეტში ბასილაშვილისთვის უფრო იოლი გამოდგა - 31 წუთში მან ორი
ბრეიკი შეასრულა ისე, რომ მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა - 7:5, 6:3.

* * *
ნიკას რეალური შანსი გაუჩნდა - ამ სეზონში პირველად გასულიყო ATP-ის ტურნირის ფინალში. ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე იყო მსოფლიოს 41-ე ჩოგანი, ფრანგი ბენუა პერი, რომელმაც მეოთხედფინალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ბელგიელი დავიდ გოფენი დაამარცხა.

თუმცა, პერის წინააღმდეგ ბასილაშვილს პირველი სეტში საერთოდ არ წაუვიდა თამაში. მისმა მეტოქემ სამი ბრეიკის შესრულება მოასწრო და სარეკორდო დროში - 16 წუთში მოიგო პარტია.

სამაგიეროდ, მეორე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა მცირე უპირატესობა. მან დაალაგა საკუთარ მოწოდებაზე თამაში და ბრეიკ-პოინტებამდე არ უშვებდა მეტოქეს, თავად კი ორ-ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა მეხუთე და მეშვიდე გეიმებში, მაგრამ ოთხივე შანსი გაანიავა. სწორედ ეს გამოუყენებელი შანსები გახდა დამღუპველი ნიკასთვის.

საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ბასილაშვილი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, ზედიზედ ხუთი ქულა წააგო და მეტოქეს სამმაგი მატჩბოლი აჩუქა და ეს საჩუქარი პერმა კარგად გამოიყენა. ფრანგმა საათსა და ერთ წუთში 6:1, 7:6(5) მოიგო და ფინალში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული