ნიკოლოზ ბასილაშვილმა თამაში ვერ დაასრულა და ანტვერპენის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირში ჩაება - შანხაის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გადაინაცვლა და იქ პირველ წრეში 35 წლის ფრანგ ვეტერანს ჟულიან ბენეტოს შეხვდა, რომელიც 93-ე ადგილზეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში და პირველი ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები ოფიციალური შეხვედრა.

პირველ სეტში ბენეტო ფლობდა უპირატესობას. ბასილაშვილის თითქმის ყველა გეიმში ბრძოლა იყო და ფრანგმა ჯამში ექვსი ბრეიკ-პოინტი დააგროვა.

ვეტერანმა პირველ გეიმში შეძლო ბრეიკის შესრულება, მეცხრე გეიმშიც იგივე გააკეთა, რის შემდეგაც სეტზე ჩააწოდა. ბენეტომ 43 წუთში მოიგო პირველი პარტია - 6:4. ბასილაშვილს მხოლოდ
ერთ გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტები - მეექვსეში სამი ასეთი შანსი მიიღო და მესამე ცდაზე მიაღწია საწადელს.

ნიკას პირველი მოწოდების სიზუსტის ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - 49 პროცენტი, მეორე მოწოდებაზე კი 19-დან მხოლოდ ექვსი ქულა აიღო. ბენეტოს უპირატესობა ჰქონდა ეისებში - 5:2, ორმაგი შეცდომებში კი თანაფარდობა იყო - 3:3.

მეორე სეტის დაწყება 14 წუთით გაჭიანურდა, რადგან ბასილაშვილმა სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო. ჩოგბურთელებმა პირველ გეიმში რამდენიმე ქულა გაითამაშეს, რის შემდეგაც ნიკამ მეტოქესა და მსაჯს განუცხადა, რომ თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო, ასე რომ, მეორე წრეში ჟულიან ბენეტო გავიდა.

ბასილაშვილის ტრავმის ხარისხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული