მის კარიერაში არაერთი შესანიშნავი გამარჯვება ყოფილა. სამწუხაროდ, კარიერის განმავლობაში მას ბევრი ტრავმა ჰქონდა და მისი განცხადებით, რომ არა ეს ფაქტი, მეტსაც მიაღწევდა...
ამჟამად ლაბაძე საჩოგბურთო მწვრთნელია. იგი ბავშვებს რუსეთში ავარჯიშებს, საქართველოში კი ერთ ჩოგბურთელს, ზოზი ქარდავას წვრთნის.
Sportall.ge ლაბაძეს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
- რას საქმიანობთ ამჟამად, როგორც ვიცით, მოსკოვში ჩოგბურთის მწვრთნელი ხართ...
- დიახ, მწვრთნელობით ვარ დაკავებული.
- ახლა, როცა პროფესიულ ჩოგბურთს უკვე 9 წელია აღარ თამაშობთ, რა
- მშვენიერი გზა იყო... უკან რომ დამაბრუნოთ, ისევ იმავეს გავაკეთებდი, ოღონდ მცირედი ცვლილებებით.
- ჩოგბურთის თამაშს ნიჭი რომ უდავოდ სჭირდება, ფაქტია და ეს ნიჭი თქვენ გქონდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ზარმაცი ხართ და რომ არა მამათქვენი, მებუფეტე იქნებოდით. როგორ ფიქრობთ, სრულად მოახდინეთ თქვენი ნიჭის რეალიზაცია?
- რა თქმა უნდა, ჩემი ნიჭი მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე. ამას გარკვეული მიზეზები და პრობლემები ჰქონდა. ტრავმები რომ არა, ბევრად მეტს მივაღწევდი.
- ძველი დრო რომ გაიხსენოთ, რა ადგილი ეჭირა ქართულ ჩოგბურთს მსოფლიოს მასშტაბით?
- სიმართლე გითხრათ, მშვენიერი ადგილი ეჭირა და არც ახლა უჭირავს ცუდი პოზიცია.
- ყველას გაუჩნდება კითხვა, ასეთი წარმატებული ჩოგბურთელი, როგორიც თქვენ იყავით, როგორ შეიძლება, რომ ქვეყანამ არ გამოიყენოს. რატომ არ ხართ დასაქმებული საქართველოში? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
- სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ...
- ქართულ ჩოგბურთში ხშირია უთანხმოება. მაგალითად, სანდრო მეტრეველს ფედერაციასთან კონფლიქტი ჰქონდა და ნაკრებში არ თამაშობდა; რუსეთის სახელით თამაშობდა ნიკა ბასილაშვილი, რადგან დაფინანსება არ ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში?
- ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს.
- რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ჩოგბურთის პოპულარიზაცია გაიზარდოს? რატომ არ ტარდება ჩვენთან თუნდაც "ჩელენჯერის" დონის ტურნირი?
- საჭიროა გვქონდეს მეტი კორტები, იყოს უფრო მეტი პიარი, ასევე, უფრო მეტი დაინტერესება უნდა მოდიოდეს მთავრობის მხრიდან...
- როგორც ცნობილია, პროფესიონალ ჩოგბურთელად ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ მყარი ფინანსური მდგომარეობაა საჭირო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი უნდა იყოს ფინანსური მხარდაჭერა, ჩოგბურთელმა წარმატებას რომ მიაღწიოს?
- გააჩნია ასაკს, ნიჭს და სპონსორების დაინტერესებას. შეიძლება, სიტყვაზე, დაგჭირდეს ასი ათასი და შესაძლოა, მილიონი... ბევრი რამ ნიჭსა და სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული.
- დღეს ქართულ ჩოგბურთში უდავოდ გამოკვეთილი ლიდერი ნიკა ბასილაშვილია. რას იტყოდით სხვა ჩოგბურთელებზე? ვისი იმედი შეგვიძლია გვქონდეს?
- რა თქმა უნდა, ბასილაშვილი ლიდერია და ეგეთ წარმატებას ადამიანი შემთხვევით ვერ აღწევს.
გოგონებთან შედარებით, სამწუხაროდ, ბიჭებში ცოტას მოვიკოჭლებთ... გოგონებს ძალიან კარგი თაობა ჰყავთ.
ბიჭებში კი ასევე მინდა აღვნიშნო სანდრო მეტრეველი, ჩვენი "დევისის თასის" მეორე ნომერი, რომელმაც ავარიის გამო, სამწუხაროდ, წელიწად-ნახევარი გამოტოვა.
იმედი მაქვს, რომ იგი აღიდგენს ფორმას და კიდევ უფრო უკეთესად იასპარეზებს.
"დევისის თასზე" მალე წინ წაწევენ გუნდს ნიკა ბასილაშვილი, სანდრო მეტრეველი, გიორგი ცივაძე...
ასევე მოდის ნიჭიერი თაობაც და მათ ახალგაზრდებიც მიეხმარებიან.
- შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ როდისმე საქართველოში დაბრუნდებით და ვთქვათ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი იქნებით?
- ჩემი ქვეყანა და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. აუცილებლად დავბრუნდები, თუმცა, გარკვეულწილად, ვემსახურები კიდეც, რადგან "დევისის თასის" ხელმძღვანელი ვარ უკვე წელიწად-ნახევარია.
- 2001 წელს აგასისთან მოგებული თამაში რომ გაიხსენოთ, იყო თუ არა ის თქვენი კარიერის საუკეთესო შეხვედრა? როგორც ვიცით, აგასისგან ქებაც დაიმსახურეთ...
- აგასი ჩემთვის კერპი იყო... რა თქმა უნდა, მისი დამარცხება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ის გამარჯვება იყო, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება.
- ვის წინააღმდეგ გაგიჭირდათ ყველაზე ძალიან თამაში? გითამაშიათ ნადალთან, ფედერერთან...
- ამ დონეზე როდესაც თამაშობ, ყველა შეხვედრა რთულია... თუმცა, მინდა აღვნიშნო ყველაზე არასასიამოვნო მოთამაშე, ფაბრის სანტორო.
იგი არა მარტო ჩემთვის, არამედ უმეტესობა ჩოგბურთელისთვის ყველაზე არასასიამოვნო მეტოქე იყო.
- 2004 წელს თქვენ "ინდიან უელსის" მასტერსის ნახევარფინალში გახვედით. ქართველ გულშემატკივარს დღემდე ახსოვს კარლოს მოიასთან ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრა. თქვენ შესანიშნავი "ფორჰენდი" გქონდათ... როგორ გაიხსენებდით ამ ტურნირს?
- ძალიან მიხარია, რომ ჩემს გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ ეს ტურნირი. მართლაც, კარგი ასპარეზობა გამომივიდა. რაც შეეხება ჩემს ცაციას, ეს დღემდე ყველგან ჩემი სავიზიტო ბარათია.
- როგორც ცნობილია, ყოფილი რუსი ჩოგბურთელი მარატ საფინი თქვენი ერთ-ერთი მეგობარია და მას კორტზეც შეხვედრიხართ. რას ნიშნავს ჩოგბურთელისთვის მეგობართან დაპირისპირება?
- მიუხედავად მეგობრობისა, კორტზე ყველა თავის საქმეს აკეთებს, შეხვედრის შემდეგ კი ყველა ერთმანეთს ეხუმრება.
- გქონიათ თუ არა კარიერის განმავლობაში სხვა ქვეყნიდან შემოთავაზება, რომ მათი სახელით გეთამაშათ?
- კი, მქონია. 1995 წელს გერმანიიდან... ყველას ახსოვს, ალბათ, ამ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა...
თუმცაღა, მე დარჩენა ვარჩიე, რადგან მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მეამაყებოდა საქართველოს სახელით თამაში.
- რა არის თქვენი მიზანი, რას აპირებს ირაკლი ლაბაძე, როგორც მწვრთნელი... თუნდაც, ნიკოლოზ ბასილაშვილის მრჩეველად ან მწვრთნელად ხომ არ შეიძლება გიხილოთ?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი რომელიმე მოთამაშე "დიდ სლემს" მოიგებს და თუ ამას ქართველი გააკეთებს, ბევრად სასიამოვნო იქნება.
ამჟამად ვწვრთნი ერთ ქართველ გოგოს, ზოზი ქარდავას, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ.
რაც შეეხება ბასილაშვილს, ყოველთვის მზად ვარ, რომ მას დავეხმარო.