შეხვედრები ლეგენდებთან, სენსაციები და სპეციალური სიუჟეტი ნიკოლოზ ბასილაშვილს [VIDEO]

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, მსოფლიო რეიტინგში კი ამჟამად 61-ე პოზიცია უკავია.

მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ერთ ტურნირში, ყატარის პირველობაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც 1/8-ფინალამდე გააღწია.

ამ სტატიაში კი შევეცდებით, გაგახსენოთ ის შეხვედრები, რომლებიც ბასილაშვილმა მსოფლიოს წამყვან ჩოგბურთელებთან ჩაატარა. ასეთი მატჩები კი ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში ხუთი იყო.

შეხვედრა, რომელიც ალბათ ნიკოლოზს არასდროს დაავიწყდება, მსოფლიო ლეგენდის, როჯერ ფედერერის წინააღმდეგ გამართული მატჩია.

მართალია, როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიელმა ჩვენებურს ადვილად აჯობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ბასილაშვილმა ამ მატჩიდან დიდი გამოცდილება მიიღო.

საბოლოო ჯამში, ბასილაშვილი
სამ სეტში ანგარიშით 2:6 1:6 2:6 დამარცხდა.



კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ნიკოლოზმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის წინააღმდეგ ჩაატარა, როლან გაროსს უკავშირდება.

მართალია, რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი გაანადგურა და ქართველს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო, თუმცა ცენტრალურ კორტზე "გრუნტის მეფის" წინააღმდეგ ასპარეზობა რომ დიდი პატივია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.


გასულ სეზონში ლიონის ტურნირის 1/2-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილმა დასანანი მარცხი იწვნია.

მან ტურნირის ფავორიტს, ჯო ვილფრიდ ცონგას, დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ადგილობრივი პუბლიკაც ძალიან ანერვიულა, თუმცა გამარჯვებული ფრანგი დარჩა.

საბოლოოდ, ჩვენებური სამ სეტში - 2:6 6:3 1:6 დამარცხდა.


ბოლოს კი ტკბილი ლუკმა შემოვიტოვეთ და ის მატჩები, რომლებმაც ქართული ჩოგბურთის გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა.

2016 წლის სეზონში ბასილაშვილმა მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ტომაშ ბერდიხი დაამარცხა.

ჩეხი ვენის ტურნირზე მთავარ ფავორიტად მოისაზრებოდა, თუმცა პირველივე წრეში მისი დამარცხება სწორედ ბასილაშვილმა მოახერხა.

ნიკამ მეტოქეს სამ სეტში - 6:4 6:7 7:5 აჯობა.


დაბოლოს, გასული სეზონის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამოსარჩევი მატჩი კი ბასილაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩაატარა.

ნიკოლოზმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი და მსოფლიო ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დომინიკ ტიემი უშანსოდ დატოვა.

ამჟამინდელი რეიტინგის მე-5 ნომერს ბასილაშვილმა ორ სეტში - 6:4 6:4 მოუგო.


აქვე ვიტყვით, რომ 2017 წლის ბოლოს, მსოფლიოს მამაკაცთა საჩოგბურთო ტურის (ATP-ს) საკვირაო მიმოხილვაში სიუჟეტი ბასილაშვილს მიეძღვნა.

ასეთი პატივი კი მხოლოდ გამორჩეულ და გამოჩენილ ჩოგბურთელებს ერგებათ.

ჩვენი მხრივ კი, ახლად გახსნილ სეზონში ბასილაშვილს უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული