დევისის და ფედერაციის თასი: ქართველები მარაკეშსა და ტალინში

AutoSharing Option
საქართველოს მამაკაცთა და ქალთა საჩოგბურთო ნაკრებები, შესაბამისად - დევისის და ფედერაციის თასზე იასპარეზებენ.

ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფშია საქართველოს ვაჟთა ნაკრები, რომლის მეტოქეც მაროკოს ნაკრები იქნება. მატჩები მარაკეშის საჩოგბურთო კომპლექსში, გრუნტისსაფარიან კორტზე, 3-4 თებერვალს გაიმართება.

ორივე გუნდის შემადგენლობები უკვე ცნობილია. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენს ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება სანდრო მეტრეველი. მან ჩვენთან საუბარში შემდეგი განაცხადა:

"ნაკრების შემადგენლობაში დავბრუნდი და მაროკოსთან შემადგენლობაში აუცილებლად ვიქნები. იმდროინდელმა ფიზიკურმა მონაცემებმა საშუალება თუ მომცა, წყვილებს აუცილებლად ვითამაშებ.

რაც შეეხება ერთეულებში თამაშს, ამას ნაკრების მომდევნო
მატჩებში ვგეგმავ. დიდი ხანია ტრავმის გამო არ მითამაშია და ამან არ მინდა, უარყოფითად იმოქმედოს ნაკრებზეც და ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზეც.

ვფიქრობ, მაროკოსთან ადვილი შეხვედრა არ გვექნება, მაგრამ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი დიდი იმედი გვაქვს", - აღნიშნა მეტრეველმა.

მეტრეველის გარდა, რომელიც 24 წლისაა და ახლა ურეიტინგოა, ნაკრების ღირსებას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგში 61-ე, და ასევე, გიორგი ცივაძე - 24 წლის, მსოფლიო რეიტინგში 1084-ე, დაიცავენ.

რაც შეეხება მასპინძელთა შემადგენლობას, ისე ასე გამოიყურება: ლამინ უაჰაბი - 34 წლის, მსოფლიო რეიტინგი (592), ამინე აჰოუდა - 21 წლის, მსოფლიო რეიტინგი (698), სუფიან ელ მესბაჰი - 17 წლის, ურეიტინგო, იასინ იდბარეკი - 32 წლის, ურეიტინგო.

ფედერაციის თასზე იასპარეზებს საქართველოს ქალთა ნაკრებიც, რომელიც მე-3 დივიზიონის პირველ კალათაში ითამაშებს. ჩვენს ჯგუფში ასევე სერბეთის და ბულგარეთის ნაკრებები არიან.

შეხვედრებს 7-9 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს. რაც შეეხება საფარს, იგი "ჰარდის" იქნება.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა. ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.

მე-3 დივიზიონის 1 კალათაში სულ 4 - A, B, C, D  ქვეჯგუფია. A და B ჯგუფებში სამი, ხოლო დანარჩენ ჯგუფებში 4 გუნდია განთესილი.

ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფის სისტემით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა, რომელიც მე-2 ჯგუფში გადასასვლელად იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული