დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან

AutoSharing Option
7-8 აპრილს საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში დასარჩენად იბრძოლებს.

ჩვენი ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი იქნება. შეხვედრები ლუქსემბურგში, Deco Turf II-ის ჰარდის საფაროვან კორტებზე გაიმართება.

თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ეყოლება უდავო ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მას ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა და ამ ეტაპზე ნაკრებში თამაშისგანაც ამიტომ შეიკავა თავი. ნიკოლოზი მონტე-კარლოს მასტერსისთვის ემზადება და ნაკრებში თამაში არ ისურვა.

ჩვენი ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ კი შემდეგ ჩოგბურთელებს უხმო: გიორგი ცივაძეს, ვაჟა შუბლაძეს, ალექსანდრე მეტრეველსა და ზურაბ ტყემალაძეს.

საინტერესოა,
რომ აქედან 2 ჩოგბურთელი ურეიტინგოდ გვყავს. როგორც იცით, სანდრო მეტრეველი ცნობილი მიზეზის გამო ჯერჯერობით სხვადასხვა ტურნირზე თამაშს ვერ ახერხებს და ამიტომ ურეიტინგოა.

ურეიტინგოა 17 წლის ზურაბ ტყემალაძეც. 18 წლის ვაჟა შუბლაძეს 1844-ე პოზიცია უკავია. რეიტინგით კი ნაკრების ლიდერი გიორგი ცივაძეა, რომელიც მსოფლიოს 1093-ე ჩოგბურთელია.

ტყემალაძესა და შუბლაძეს ნაკრების ღირსება არასდროს არ დაუცავთ. ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს სანდრო მეტრეველი. ერთეულებში მისი მოგება/წაგების ბალანსი 10/4-ზეა.

ერთეულებში 23-ჯერ ითამაშა გიორგი ცივაძემ, საიდანაც 10 მატჩი მოიგო, 13-ში კი დამარცხდა.

სავარაუდოდ, დავით კვერნაძე ფონს გასვლას სწორედ ცივაძითა და მეტრეველით შეეცდება. საკითხავია ის, თუ როგორი იქნება სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს: ლუქსემბურგელებს ჰყავთ პრო ტურის ერთ-ერთი საუკეთესო ჩაწოდების მფლობელი ჟილ მიულერი, რომელიც ამჟამად 29-ე ადგილს იკავებს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თამაშები ჰარდზე შედგება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიულერი თავის ნაკრებს ორ გამარჯვებას უპრობლემოდ მოუტანს.

მოდით, პირდაპირ ვაღიაროთ, რომ გამოცდილი ჩოგბურთელისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვენს სპორტსმენებს ძალიან გაუჭირდებათ.

მიულერის გარდა, ლუქსემბურგის კაპიტან იან გოუნდენბორს კიდევ ოთხი ჩოგბურთელი ჰყავს გამოძახებული:

21 წლის ალექსანდრ კნაფი (1259), 25 წლის უგო ნასტასი (ურეიტინგო), 24 წლის კრისტოფ ტოლი (ურეიტინგო) და ასევე ურეიტინგო 22 წლის რობი ტოლი.

ლუქსემბურგელთა ღირსებას, სავარაუდოდ, მიულერი და კნაფი დაიცავენ.

წყვილში დამარცხებული ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფს დატოვებს და მე-3-ში გადაინაცვლებს, რაც ჩვენი ნაკრებისთვის დიდი რეგრესი იქნება.

121,25 ქულით საქართველოს ნაკრები დევისის თასის ცხრილში მსოფლიოს 64-ე ნაკრებია, 40 ქულით კი ლუქსემბურგელებს 78-ე პოზიცია უკავიათ.

პირველ სათამაშო დღეს, ანუ 7 აპრილს შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება, 8 აპრილს კი - 14:00 საათიდან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ უნდა ეს "სამშობლო" და ძალა ხაარ? ურეიტინგო ვიღაც "სიმონა" ჩოგბურთელებთან წააგო წინა დაპირისპირება დანიელებთან თუ არ ვცდები, ჰოდა გეთრიოს რა აქედან.... ასეთივეა მჭედლიძე ფეხბურთში, კალათბურთშიც მოიძიება მსგავსი, რაგბი აქაც კაცურად იქცევა(!), აქაც არ არიან მოღალატეები. თავის დროზე ტატიშვილმა შემაზიზღა თავი, ახლა ამის ჯერია და საწყენიაქ
gela gloveli
17:00 06-04-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული