US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში გადამწყვეტ ფაზაში შედის და ტურნირზე არსებული ტემპერატურაც იმატებს. ფავორიტები წინ მშვიდად და დაგეგმილად მიიწევენ და წლევანდელ US Open-ს არც სიურპრიზები აკლია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი მე-4 წრეში ზედმეტი პრობლემების გარეშე გავიდნენ. ორივემ 3 სეტში იმარჯვა. ნოვაკმა  კუდლას (111) მოუგო, ხოლო რაფამ ჩანგს (170). სხვათა შორის, 23 წლის კორეელს, რომელმაც გასულ წელს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, ტრავმა ჰქონდა და ნელ-ნელა უბრუნდება თავის სათამაშო ფორმას.

მე-4 წრეში ნადალი მარინ ჩილიჩს (22) შეხვდება, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი
კი სტანისლას ვავრინკას (31).

კარიერაში პირველად მოახერხა ამერიკის ღია ჩემპიონატის მე-4 წრეში გასვლა ალეკსანდრ ზვერევმა. გერმანელმა სლოვაკ ალიას ბედენეს (80) 4 სეტში მოუგო (6:7, 7:6, 6:3, 7:6) და 1/4-ფინალში გასასვლელად არგენტინელ დიეგო შვარცმენს (20) შეხვდება.

ტურის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჩოგბურთელმა 33 წლის (სხვათა შორის, 1 დღეს არის მისი დაბადების დღე) გაელ მონფილსმა (13) 5 სეტიან ურთულეს ბრძოლაში მოახერხა კანადელი დენის შაპოვალოვის (26) დამარცხება - 6:7, 7:6, 6:4, 6:7, 6:3. US Open-ზე ფრანგის საუკეთესო შედეგი ნახევარფინალია (2016 წ.), თუმცა ჯერ 1/4-ფინალში გასასვლელად ესპანელი ანდუხარ ალბას (70) დამარცხება უნდა შეძლოს.

შეჯიბრის ერთ-ერთი სიურპრიზი ანდრეი რუბლიოვი გახლავთ. რუსმა ჩოგბუთელმა პირველ წრეში სტეფანოს ციციპასს მოუგო, შემდეგ ჟილ სიმონს და მესამე წრეში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაამარცხა 3 სეტში - 7:6, 7:6, 6:3. რუბლიოვს კირიოსის დასამარცხებლად მეტოქის მოწოდებაზე 1 გეიმის მოგებაც ეყო და მომდევნო წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის (24) შეხვდება.

რაც შეეხება ქალების თანრიგს, აქ შემდეგ წრეში გასვლა მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა ელინა სვიტოლინამ მოახერხა. სიტოლინამ უკრაინულ დაპირისპირებაში დაიანა იასტრემსკა უშანსოდ დაამარცხა 2 სეტში - 6:2, 6:0. მე-4 რაუნდში სვიტოლინა მსოფლიოს მე-9 ჩოგან ამერიკელ მედისონ კეისს შეხვდება.

სვიტოლინას მსგავსად, მსოფლიო ნომერ პირველ ჩოგან ნაომი ოსაკას შეხვედრაში მოგების არანაირი შანსი არ მიუცია 15 წლის უნიჭიერესი კორი გაუფისათვის და ამერიკელი მეტოქე 2 სეტში დაამარცხა: 6:3, 6:0. ოსაკას მეტოქე 1/8-ფინალში მსოფლიოს მე-12 ჩოგანი შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული