ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში გადამწყვეტ ფაზაში შედის და ტურნირზე არსებული ტემპერატურაც იმატებს. ფავორიტები წინ მშვიდად და დაგეგმილად მიიწევენ და წლევანდელ US Open-ს არც სიურპრიზები აკლია.
ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი მე-4 წრეში ზედმეტი პრობლემების გარეშე გავიდნენ. ორივემ 3 სეტში იმარჯვა. ნოვაკმა კუდლას (111) მოუგო, ხოლო რაფამ ჩანგს (170). სხვათა შორის, 23 წლის კორეელს, რომელმაც გასულ წელს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, ტრავმა ჰქონდა და ნელ-ნელა უბრუნდება თავის სათამაშო ფორმას.
მე-4 წრეში ნადალი მარინ ჩილიჩს (22) შეხვდება, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი
კი სტანისლას ვავრინკას (31).
კარიერაში პირველად მოახერხა ამერიკის ღია ჩემპიონატის მე-4 წრეში გასვლა ალეკსანდრ ზვერევმა. გერმანელმა სლოვაკ ალიას ბედენეს (80) 4 სეტში მოუგო (6:7, 7:6, 6:3, 7:6) და 1/4-ფინალში გასასვლელად არგენტინელ დიეგო შვარცმენს (20) შეხვდება.
ტურის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჩოგბურთელმა 33 წლის (სხვათა შორის, 1 დღეს არის მისი დაბადების დღე) გაელ მონფილსმა (13) 5 სეტიან ურთულეს ბრძოლაში მოახერხა კანადელი დენის შაპოვალოვის (26) დამარცხება - 6:7, 7:6, 6:4, 6:7, 6:3. US Open-ზე ფრანგის საუკეთესო შედეგი ნახევარფინალია (2016 წ.), თუმცა ჯერ 1/4-ფინალში გასასვლელად ესპანელი ანდუხარ ალბას (70) დამარცხება უნდა შეძლოს.
შეჯიბრის ერთ-ერთი სიურპრიზი ანდრეი რუბლიოვი გახლავთ. რუსმა ჩოგბუთელმა პირველ წრეში სტეფანოს ციციპასს მოუგო, შემდეგ ჟილ სიმონს და მესამე წრეში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაამარცხა 3 სეტში - 7:6, 7:6, 6:3. რუბლიოვს კირიოსის დასამარცხებლად მეტოქის მოწოდებაზე 1 გეიმის მოგებაც ეყო და მომდევნო წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის (24) შეხვდება.
რაც შეეხება ქალების თანრიგს, აქ შემდეგ წრეში გასვლა მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა ელინა სვიტოლინამ მოახერხა. სიტოლინამ უკრაინულ დაპირისპირებაში დაიანა იასტრემსკა უშანსოდ დაამარცხა 2 სეტში - 6:2, 6:0. მე-4 რაუნდში სვიტოლინა მსოფლიოს მე-9 ჩოგან ამერიკელ მედისონ კეისს შეხვდება.
სვიტოლინას მსგავსად, მსოფლიო ნომერ პირველ ჩოგან ნაომი ოსაკას შეხვედრაში მოგების არანაირი შანსი არ მიუცია 15 წლის უნიჭიერესი კორი გაუფისათვის და ამერიკელი მეტოქე 2 სეტში დაამარცხა: 6:3, 6:0. ოსაკას მეტოქე 1/8-ფინალში მსოფლიოს მე-12 ჩოგანი შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი იქნება.