ბასილაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა - როდის შეძლებს ნიკოლოზი კვლავ მაღალ დონეზე თამაშს? (განხილვა)

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უფერულად დაუბრუნდა. ჩვენებურმა გერმანიაში საჩვენებელი ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მათგანში უშანსოდ დამარცხდა.

განსაკუთრებით საგანგაშო და მტკივნეული მიშა ზვერევთან წაგება გახლდათ. ვეტერან გერმანელთან ნიკამ მხოლოდ 6 გეიმი აიღო და მატჩი ორ სეტში - 5:7, 1:6 დათმო.

მეორე შეხვედრაში ნიკა გაცილებით უფრო სახელოვან იან-ლენარდ შტრუფთან დამარცხდა და იმ მატჩშიც მხოლოდ 6 გეიმი დაისაკუთრა.

აშკარაა, რომ ჩვენებური ფსიქოლოგიურად მზად არაა და ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. მოგეხსენებათ, ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი ჯერ კიდევ გრძელდება. 16 ივლისს ჩანიშნული
სასამართლო 1 თვითაა გადაწეული და ჯერ კიდევ საბოლოო განაჩენი არაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ნიკოლოზის ორ წაგებულ მატჩს ნიკოლოზის ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"შეუძლებელია უკვალოდ ჩაევლო იმ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარდა. საქართველოს არ ჰყავს ბევრი "ნიკოლოზ ბასილაშვილი" და მსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა მის მიმართ.

ვიმედოვნებ, რომ მალე აღიდგენს წონასწორობას და წარმატებით გააგრძელებს ასპარეზობას. ჩვენ კი, მისი იურისტები, პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად", - ამბობს ჭკადუა.

ფაქტი ერთია, ჩვენებურს ამ ორ შეხვედრაში თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი არ გამოუჩენია. ძნელია, ადამიანს მოსთხოვო კარგი თამაში, როდესაც მის მიმართ ასეთი მძიმე ბრალდებაა, თუმცა დიდი სპორტსმენებიც სწორედ იმიტომ არიან პროფესიონალები, რომ მსგავსი მდგომარეობიდან გამოძვრნენ.

ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია და პრობლემების დაძლევაში ვერავინ ვერ დაგეხმარება, თუ გამოსავალს შენივე თავში ვერ იპოვი.

ფსიქოლოგიური პრობლემები პლანეტის პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩსაც კი ჰქონია, რომელიც ამბობდა, რომ წარუმატებლობების შემდეგ თავდაჯერებულობა დაკარგა და კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა.

ნიკოლოზმა მალე უნდა დაიბრუნოს თავდაჯერებულობა და კვლავ თავისი საუკეთესო ჩოგბურთი ითამაშოს. ის ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარს და მის წარმატებებს ელოდება.

თანაც, ბასილაშვილს წინ ორი დიდი ტურნირი ელოდება. მან ჯერ ცინცინატის მასტერსზე უნდა იასპარეზოს, რომელიც 22 აგვისტოს დაიწყება, შემდეგ კი დიდი სლემი, ამერიკის ღია პირველობა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნიკა, მართლა დიდ პატივს გცემთ. პრობლემების დაძლევა ვაჟკაცთა ტვისებაა, ასე, რომ მათი მალე დაძლევის იმედი მაქვს შენგან!
mamuka09ze
13:03 06-08-2020
0
ნიკა, ნახე! ხალხს უყვარხარ, ერს ჯერა შენი! მოიკრიფე ძალები, გაიხარე და გაგვახარე! ეს გჭირდება შენ, ჩვენ, საქართველოს და, რაც მთავარია, შენ შვილს! წარმატებებს გისურვებ!
alexandre
10:16 06-08-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული