ნიკა, ქართულ სპორტს სჭირდები! - 2021 წელს გულშემატკივარს საუკეთესო ბასილაშვილი უნდა დაუბრუნდეს

AutoSharing Option
2020 წლის საჩოგბურთო სეზონი დასრულდა. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო მიმდინარე წელს ბევრი ტურნირი ვერ ჩატარდა, თუმცა სპორტსმენებმა რამდენიმე დიდი ტურნირის თამაში მაინც მოახერხეს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულშემატკივრო ადამიანი ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელმაც ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები დააფიქსირა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ მისი ოჯახური სკანდალი და ამ თემაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ...

ყველაფერი კი სწორედ ამ ცუდი ფაქტის შემდეგ დაიწყო. ჩვენებურმა ვერცერთ ტურნირზე ვერ მოახერხა მატჩის მოგება, სოფიის ტურნირამდე კი სულაც 10 დაპირისპირებაში სეტი არ ჰქონდა აღებული და "ჩელენჯერების"
დონის ჩოგბურთელ ჰუსლერთან სათავისოდ მხოლოდ ერთი პარტიის დატოვება მოახერხა.

ნიკოლოზმა აუცილებლად უნდა შეძლოს და დაივიწყოს გასული სეზონი, რომელიც კატასტროფული გამოდგა.

მიუხედავად ამ ძალიან ცუდი შედეგებისა, მან ტოპ 40-ში ადგილი მაინც შეინარჩუნა, რაც მომავალი წლისთვის ტურნირებში ძირითად ბადეში თამაშის საშუალებას მისცემს.

რა იქნება მომავალ წელს? - ჯერ კიდევ გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა ბასილაშვილი მწვრთნელ იან დე ვიტთან თანამშრომლობას, ვისთან ერთადაც წარსულში ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა.

ფაქტია, რომ დე ვიტი კარგი სპეციალისტია, მაგრამ როგორც ჩანს, მან ვერ მოახერხა, რომ ჩვენებური ამ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოეყვანა და საბრძოლოდ განეწყო.

ნიკოლოზს თითოეულ შეხვედრაში უამრავი უნებლიე შეცდომა აქვს. თითქოს ის თამაშში არ არის და მხოლოდ პერიოდულად თუ შეგვახსენებს თავს თავისი ძლიერი მხარეებით.

დაა... ის უნდა დაბრუნდეს, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! რატომ? - ბასილაშვილი ქართული სპორტის სახეა. მან ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სპორტულ სარბიელზე უკვე არაერთხელ ასახელა.

ადვილი საქმე არაა, ჩოგბურთში იმ დონეს მიაღწიო, რომ შენზე ნადალი და ჯოკოვიჩი დადებით სიტყვებს ამბობდნენ და კარგ სპორტსმენად გთვლიდნენ.

2021 წლის საჩოგბურთო სეზონი იანვარში დოჰასა და ავსტრალიაში დაიწყება. ბასილაშვილი ან სიდნეიში ჩავა, ანაც ყატარის ტურნირში ცდის ძალებს.

ნიკა ქართულ სპორტს სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ის ბასილაშვილი, რომელმაც არაერთი დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქა და მებრძოლი სული გვანახა.

წარმატებები მას 2021 წელს და ბასილაშვილს თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნება ვუსურვოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აფერისტ ქალს არ დაუჯეროთ,იგი ფულის გიჟია. ნიკა, გვჯერა შენი. მინდა სულ წარმატებებით გევლოს. შენ საქართველოს სახელის განდიდებას ემსახურები. წარმატებები..
0
შენ მართლა ქალებზე მოძალადე, სად ნახე განაჩენი, რომ ნიკოლოზმა ქალებზე იძალადა? რატომ ტვინს არ ატან ნათქვამს?
ჰავლაბრელი ტიღუა
16:56 02-12-2020
1

სიახლეები პოპულარული