"ძალიან სევდიანი ამბავია იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ჩემი ოცნება იყო. ახლა კი მხოლოდ ტირილი მინდა.
ოლიმპიური თამაშები გამორჩეული მოვლენაა, წყვილთა თანრიგი კი სხვა სახეობების მსგავსად, ჩოგბურთშიც მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანა ამაყობს, როდესაც რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი ჰყავს ოლიმპიადაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა
არა.
არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ბრალია. ოფიციალურ პასუხსაც ვერავისგან ვიღებ. უბრალოდ, განაცხადი არ გააგზავნეს,"- დაწერა კალაშნიკოვამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უიმბლდონზე წყვილთა თანრიგის 1/8-ფინალი ითამაშა.
ცოტა ხნის წინ კი ოფიციალური განცხადება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ გაავრცელა:
"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას , ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.
მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით , რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს , რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები."
ახლა კი ჯერი ოლიმპიურ კომიტეტზეა, სწორედ აღნიშნულმა ორგანომ უნდა განმარტოს, ვისი შეცდომის გამო დაკარგა საქართველომ 1 კუთვნილი ადგილი ოლიმპიადაზე და ჩოგბურთელს კი ოცნების ასრულების შრომით მოპოვებული შანსი წაართვეს.